უიმბლდონი. II დღე: შოკუნიები ქალების ტურნირზე

AutoSharing Option
ქალების ტურნირზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა - უიმბლდონი მესამე ნომრად განთესილი რუმინელის, სიმონა ჰალეპის გარეშე დარჩა. სენსაციის ავტორი კი გახდა ახალგაზრდა სლოვაკი იანა ჩეპელოვა, რომელიც არ დანებდა პირველი სეტის წაგების შემდეგ და მომდევნო ორი პარტია მაღალ დონეზე წარმართა.

ჩეპელოვამ მეორე სეტში მერვე გეიმში შეასრულა ბრეიკი და 5:3 დაწინაურდა, რის შემდეგაც შეინარჩუნა უპირატესობა. მესამე პარტიაში სლოვაკი თავიდანვე წინ გავიდა - 4:1, თუმცა იქვე მცირე ჩავარდნა დაეწყო და მეტოქეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცა - 3:4. მაგრამ ჩეპელოვა დროზე მოეგო გონს და
ერთი გეიმიც აღარ დაუთმო მსოფლიოს მესამე ჩოგანს.

ჩეპელოვა მსოფლიოს 106-ე ჩოგანია და ჰალეპზე გამარჯვება სულაც არ არის მის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება. აპრილში, ჩარლსტონის ტურნირის პირველ წრეში მან თვით სერენა უილიამსის დამარცხება შეძლო.

რაც შეეხება ჰალეპს, რომელმაც შარშანდელ უიმბლდონზე ნახევარფინალამდე გააღწია, ის სერიოზულ კრიზისში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, როლან გაროსზე რუმინელმა მხოლოდ ერთი წრე გაიარა და მეორე რაუნდში ხორვატ მირიანა ლუჩიჩთან დამარცხდა. ახლა სიმონას სერიოზული დაქვეითება ელოდება რეიტინგში.

სხვათა შორის, ჰალეპი ტოპ-სამეულის პირველი ჩოგბურთელია ბოლო 14 წლის განმავლობაში, ვინც უიმბლდონს პირველივე წრიდან გამოემშვიდობა. 2001 წელს, პირველი ჩოგანის რანგში დათმო საწყისი მატჩი შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ჰალეპმა ბოლო სამი მარცხი TOP30-ის მიღმა მყოფი ჩოგბურთელებისგან განიცადა.

* * *
ტოპ-ოცეულიდან გავარდება უიმბლდონის შემდეგ შარშანდელი ფინალისტი, კანადელი ეჟენი ბუშარი, რომელსაც საერთოდ დაავიწყდა ჩოგბურთის თამაში. გუშინ მან საბოლოოდ შეირცხვინა თავი, როცა მსოფლიოს 117-ე ჩოგანთან, ჩინელ ინ-ინ დუანთან წააგო ორ სეტში - 6:7(3), 4:6. არადა, აქამდე აზიელს "დიდი სლემის" ტურნირებზე მატჩი არ ჰქონდა მოგებული.

ბუშარისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო - კანადელი ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ჩინელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, დუანმა 48-წუთიანი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტში კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა. ჩოგბურთელები პირველი რვა გეიმი საკუთარ მოწოდებებს ინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც აზიელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და 5:4-ზე მატჩზე ჩააწოდა.

ბუშარმა ბოლო 14 მატჩში მეთორმეტედ წააგო და როგორც გითხარით, განახლებულ რეიტინგში ტოპ-ოცეულის მიღმა აღმოჩნდება.

ბუნებრივია, საინტერესოა ამ წაგების შესახებ კანადელის კომენტარი: "ორი თვის წინ, ინდიან უელსის ტურნირზე დავმარცხდი და სხვებისგან განსხვავებით, არ მიმაჩნდა, რომ ეს ქვეყნის დასასრული იყო. დღეს კი ამასთან ახლოს ვარ (იღიმის). ვფიქრობ, ასეთი პერიოდი ყველას გაუვლია.

გასულ კვირას, ისტბურნში ტრავმის შემდეგ, აქ თამაში, ალბათ, დიდი სისულელე იყო, მაგრამ მე არ შემეძლო უიმბლდონის გამოტოვება. ასე რომ, მინიმალური მომზადებით გავედი კორტზე. თავს ნორმალურად ვგრძნობდი, ვცდილობდი, ტრავმაზე არ მეფიქრა. უბრალოდ, იმის გამო, რომ ტურნირის წინ თითქმის არ მივარჯიშია, საერთოდ ვერ ვგრძნობდი რიტმს.

ბოლო 12-მა თვემ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, ბევრი რამ მასწავლა. მაგრამ, მე მგონი, სწავლის დრო დასრულდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. თუმცა ვიცი, რომ თუ ჩემს გზას გავაგრძელებ, წარმატება მოვა და ის გაცილებით ტკბილი იქნება".

* * *
ჰალეპისა და ბუშარის გასაჭირის ფონზე, გუშინ ფანტასტიკური თამაში აჩვენა მოქმედმა ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ. მან 35 (!) წუთში გაანადგურა ჰოლანდიელი კიკი ბერნტენსი.

ჩეხმა საკუთარ მოწოდებაზე 29-დან 28 ქულა აიღო და ერთადერთი გათამაშება ორმაგი შეცდომის გამო წააგო. მისი ათივე გასვლა ბადესთან წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ეს მოგება ყველაზე სწრაფია წლევანდელ სეზონში.

ჩემპიონი შემდეგ წრეში იაპონელ კურუმი ნარას შეხვდება.

ქალები
I წრე

ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-კაროლინ გარსია (საფ, 32) 1:6, 6:3, 8:6; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5)-საისაი ჟენგი (ჩინ) 7:5, 6:0; დენისა ალერტოვა (ჩეხ)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 4:6, 6:3; ლარა არუაბარენა (ესპ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:4, 6:2; კამილა ჯორჯი (იტა, 31)-ტელიანა პერეირა (ბრა) 7:6(4), 6:3; გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:4, 6:1; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 7:5, 6:7(5), 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-მონა ბარტელი (გერ) 6:7(3), 7:6(4), 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:0, 6:0; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-იულია გორგესი (გერ) 6:2, 7:5; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-სესილ კარატანჩევა (ბულ) 2:6, 6:2, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ, 18)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 7:5, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26)-ლაურა ზიგემუნდი (გერ) 6:3, 6:4; კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 3:6, 7:5, 7:5; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 5:7, 6:3, 6:1; იანა ჩეპელოვა (სლოვაკ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 5:7, 6:4, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8)-საჩია ვიკერი (აშშ) 6:2, 6:4; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-კარინ კნაპი (იტა) 7:6(6), 3:0 უარი; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ანდრეა მიტუ (რუმ) 6:1, 6:1; ალიზ კორნე (საფ, 25)-ანა კონიუხი (ხორ) 6:2, 6:2; ტატიანა მარია (გერ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:6(2), 7:5; ინ-ინ დუანი (ჩინ)-ეჟენი ბუშარი (კან, 12) 7:6(3), 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 6:2; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-კლარა კუკალოვა (ჩეხ) 6:3, 6:4; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:2, 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ, 17)-მისაკი დოი (იაპ) 3:6, 6:3, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 28)-ელენა ვესნინა (რუს) 6:4, 3:6, 10:8; ევგენია როდინა (რუს)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 6:4, 6:4; კურუმი ნარა (იაპ)-მაგდა ლინეტი (პოლ) 3:6, 6:3, 4:3 უარი; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:1, 6:0; მედისონ კისი (აშშ, 21)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:7(6), 6:3, 2:2 გადაიდო; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-ელიზავეტა კულიჩკოვა (რუს) 6:3, 6:7(6), 1:1 გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული