უიმბლდონი. III დღე: ჯოკომ ვეტერანი გააცილა

AutoSharing Option
უიმბლდონის მესამე დღეს ჩოგბურთელებმა მეორე წრეში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და კვლავაც, მამაკაცთა ბადეში ლოგიკურ შედეგებს ვიღებთ.

საიუბილეო 650-ე მატჩი მოიგო პროფესიულ ტურში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც მეტოქედ ვეტერანი იარკო ნიემინენი ჰყავდა. ფინელი კარიერაში ბოლო უიმბლდონს ატარებდა და სცადა მაქსიმალურად მონდომებული ყოფილიყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის წინააღმდეგ.

ნიემინენს ეს მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე გამოუვიდა, როცა 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ სერბი სრულად დაეუფლა ინიციატივას და 92 წუთში სამ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:2, 6:3. ჯოკოვიჩმა 14-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ფინელი კარიერაში მე-12 უიმბლდონს
თამაშობდა. საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალამდე მიაღწია.

რაც შეეხება ჯოკოვიჩის მეტოქეს მესამე წრეში, ეს არის ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი, რომელმაც 21 ეისის წყალობით პიერ-უგ ჰერბერი დაამარცხა - 7:6(3), 6:4, 7:6(5).

* * *
ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა მარინ ჩილიჩმა ხუთსეტიანი მარათონი მოუგო ლიტველ რიკარდას ბერანკისს - 6:3, 4:6, 7:6(4), 4:6, 7:5. ხორვატმა ბეწვის ხიდზე გაიარა - ბერანკისს მეხუთე სეტში 5:5-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება, ჩილიჩმა კი მე-12 გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და მესამე წრეში ამერიკელ ჯონ ისნერზე გავიდა, რომელთანაც პროფესიულ ტურში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს.

ისნერმა 23 ეისისა და 49 "ვინერსის" წყალობით მოუგო ავსტრალიელ მეტ ებდენს - 6:2, 7:6(8), 6:4. ამერიკელმა შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა.

* * *
როლან გაროსის ჩემპიონმა სტენ ვავრინკამ მეორე სამსეტიანი მატჩი მოიგო. ამჯერად, საათნახევარში გაუსწორდა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ვიქტორს ესტრელიას - 6:3, 6:4, 7:5. საინტერესოა, რომ შვეიცარიელი ურთიერთშეხვედრებში 1:2-ს აგებს მომდევნო მეტოქესთან, ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან. პირენეელმა პირველ წრეში მეხუთე სეტი 13:11 მოუგო მარტინ კლიჟანს და გუშინაც ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია - 32-ე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი დაამარცხა 5:7, 6:4, 5:7, 6:3, 6:4.

* * *
ერთი საინტერესო წყვილი მივიღეთ მესამე წრეში: ნიკ კირგიოსი-მილოშ რაონიჩი. ავსტრალიელმა თინეიჯერმა კირგიოსმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამ სეტში. ამჯერად, მან უშანსოდ დატოვა გამოცდილი არგენტინელი ხუან მონაკო. ნიკმა საათსა და 40 წუთში 39 "ვინერსი" მიითვალა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს - 7:6(5), 6:3, 6:4.

რაც შეეხება მილოშ რაონიჩს, მან გერმანელ ვეტერანთან ტომი ჰაასთან მატჩში სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 6:0, 6:2, 6:7(5), 7:6(4).

* * *
ასევე საინტერესო უნდა გამოვიდეს მესამე წერში გრიგორ დიმიტროვისა და რიშარ გასკეს შეხვედრა. შარშანდელ ნახევარფინალისტს დიმიტროვს 15 ეისი და 46 "ვინერსი" დაეხმარა სტივ ჯონსონის დასამარცხებლად - 7:6(8), 6:2, 7:6(2). რაც შეეხება გასკეს, მან 12 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა და 78 წუთი იკმარა თანამემამულე კენი დე სხეპერის დასამარცხებლად - 6:0, 6:3, 6:3.

დიმიტროვსა და გასკეს ურთიერთშეხვედრებში ფრანგი წინ არის - 4:0.

კაცები
II წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:2, 6:3; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 27)-პიერ-უგ ჰერბერი (საფ) 7:6(3), 6:, 7:6(5); ლეონარდო მაიერი (არგ, 24)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:3, 7:6(4), 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-მარსელ ილჰანი (თუქ) 6:7(5(, 7:6(6), 6:4, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:3, 4:6, 7:6(6), 4:6, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 17)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:2, 7:6(8), 6:4; დენის კუდლა (აშშ)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 6:3, 3:6, 7:6(2), 6:4; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) უარი; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-ვიქტორ ესტრელა (დომ) 6:3, 6:4, 7:5; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 32) 5:7, 6:4, 5:7, 6:3, 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ჯონ მილმენი (ავსტრა) 6:7(5), 2:6, 6:3, 6:2, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ, 16)-ლაიამ ბროუდი (ბრიტ) 7:6(3), 6:1, 6:1; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 11)-სტივ ჯონსონი (აშშ) 7:6(8), 6:2, 7:6(2); რიშარ გასკე (საფ, 21)-კენი დე სხეპერი (საფ) 6:0, 6:3, 6:3; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 26)-ხუან მონაკო (არგ) 7:6(5), 6:3, 6:4; მილოშ რაონიჩი (კან, 7)-ტომი ჰაასი (გერ) 6:0, 6:2, 6:7(5), 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული