ნადალი ზედიზედ ხუთჯერ გადიოდა უიმბლდონის ფინალში და 2008 და 2010 წლებში ტიტულიც აიღო, მაგრამ ბოლო ხუთი გათამაშებაა, მეოთხედფინალამდე ვერ მიდის, თან ოთხჯერ საწყის რაუნდებში ტოპ-ასეულის მიღმა მყოფ ჩოგბურთელებთან აგებდა: 2012 წელს, მეორე რაუნდში მეასე ნომერთან მროსოლთან დამარცხდა, 2013 წელს, პირველ წრეში სტივ დარცისთან (135), შარშან კი მერვედფინალში ნიკ კირგიოსთან (144).
გუშინ, ტრადიცია გაგრძელდა. მსოფლიოს 102-ე ნომერმა დასტინ ბრაუნმა მეორე რაუნდიდან ჩამოაშორა ბრძოლას ლეგენდარული ესპანელი.
მეორე პარტია რაფამ 6:3 მოიგო, მაგრამ მესამედან მოყოლებული ბრაუნმა ისევ მოიპოვა ინიციატივა. მესამე სეტში გერმანელმა მეხუთე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მეოთხეში პირველივე გეიმში და მამაკაცთა ტურნირზე პირველი სენსაცია შედგა - 7:5, 3:6, 6:4, 6:4. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეორე შეხვედრა და ბრაუნმა მეორედ მოუგო ესპანელს. პირველად ეს შარშან, ჰალეში ასევე ბალახის კორტზე მოხდა.
გერმანელი მომდევნო წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის შეხვდება, რომელმაც 6:4, 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა გაბრიტანელებული სლოვენიელი ალიაჟ ბედენე.
* * *
სანამ ნადალი დღის ყველაზე ხმაურიან სენსაციას შემოგვთავაზებდა, როჯერ ფედერერმა და ენდი მარეიმ გაისეირნეს საკუთარ მატჩებში.
ფედერერმა სემ კუერის 6:4, 6:2, 6:2 მოუგო და 75-ე გამარჯვება მოიპოვა უიმბლდონზე. შვეიცარიელმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს პირველი სეტის ბოლოს და მეორე სეტის დასაწყისში მიაყენა. 4:4-დან მოყოლებული, როჯერმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:4, 2:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ მას თამაშზე კონტროლი მატჩის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან.
როჯერი შემდეგ რაუნდში ავსტრალიელ სამუელ გროტს შეხვდება, რომელმაც 24 ეისის წყალობით თანამემამულე ჯეიმს დაკუორტს მოუგო - 7:5, 6:4, 7:6.
* * *
კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა ენდი მარეიმ. მან 6:1, 6:1, 6:4 გაანადგურა ჰოლანდიელი რობინ ჰაასე. პირველ პარტიაში შოტლანდიელმა მხოლოდ ცხრა ქულა დათმო, მეორე პარტიაში ჰაასემ ვერც ერთი ქულა ვერ აიღო მეორე მოწოდებაზე. მარეიმ შეხვედრა 25 "ვინერსით" დაასრულა და ბადესთან 17-დან 15 ქულა აიღო. მატჩი მხოლოდ 87 წუთი გაგრძელდა.
ენდის მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - 43 მოგება და 6 წაგება. მის ანგარიშზე სამი ტიტულია. შემდეგ რაუნდში ბრიტანელი ანდრეას სეპის შეხვდება. იტალიელს სამი საათი და 32 წუთი დასჭირდა 18 წლის ბორნა ჩორიჩის დასამარცხებლად - 4:6, 6:4, 6:7, 6:1, 6:1. სხვათა შორის, სეპის ამ სეზონში "დიდი სლემის" ტურნირზე დამარცხებული ჰყავს ერთი ფავორიტი - ავსტრალიის ღიაზე როჯერ ფედერერს მოუგო მესამე რაუნდში.
* * *
ენდი მარეის მიბაძა თანამემამულე ჯეიმს უორდმა. მან ათიდან ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, სამი ბრეიკი შეასრულა და ჩეხ ირჟი ვესელის მოუგო - 6:2, 7:6(4), 3:6, 6:3. 2002 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა უიმბლდონის მესამე წრეში ორი ბრიტანელი ჩოგბურთელი გავიდა.
წარმატებული დღე ჰქონდათ ფრანგებს - 1/16 ფინალში გავიდნენ ჟილ სიმონი, გაელ მონფილსი და ჟო-ვილფრიდ ცონგა.
სიმონს ოთხი სეტი დასჭირდა ბლაჟ კავჩიჩის დასამარცხებლად - 6:1, 6:1, 6:7, 6:1 და შემდეგ ეტაპზე მონფილსზე გავიდა. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, თანამემამულე ადრიან მანარინოს მოუგო - 7:6, 6:3, 7:5. გაელმა საათსა და 46 წუთში ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. სიმონი ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებს მონფილს.
რაც შეეხება ცონგას, მან ზუსტად 100 წუთი მოანდომა ალბერტ რამოსის დამარცხებას - 6:3, 6:4, 6:4. ფრანგმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 37 "ვინერსი" დააფიქსირა. შემდეგ წრეში ჟო ივო კარლოვიჩს შეხვდება. ხორვატმა ვეტერანმა 53 ეისი ჩააწოდა ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩში და მეხუთე სეტი 13:11 მოიგო.
კაცები
II წრე
ჯეიმს უორდი (ბრიტ)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 6:2, 7:6(4), 3:6, 6:3; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ფაბიო ფონინი (იტა, 30) 6:3, 6:4, 1:6, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22)-ალიაჟ ბედენე (ბრიტ) 6:4, 3:6, 6:2, 6:4; დასტინ ბრაუნი (გერ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 10) 7:5, 3:6, 6:4, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:3, 6:4, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ, 23)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 5:7, 6:3, 6:4, 6:7(4), 13:11; ანდრეა სეპი (იტა, 25)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 4:6, 6:4, 6:7(3), 6:1, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:1, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:1, 6:4, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:4, 1:6, 4:6, 7:6(4), 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 18)-ადრიან მანარინო (საფ) 7:6(5), 6:3, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:1, 6:1, 6:7(5), 6:1; ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 15) 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20)-ბენუა პერი (საფ) 2:6, 4:6, 6:3, 6:3, 6:3; სამუელ გროტი (ავსტრა)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 7:5, 6:4, 7:6(6); როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სემ კუერი (აშშ) 6:4, 6:2, 6:2.
1/16 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ტომიჩი (27); ლ. მაიერი (24)-ანდერსონი (14); ჩილიჩი (9)-ისნერი (17); კუდლა-ხირალდო; ვავრინკა (4)-ვერდასკო; ბაღდატისი-გოფენი (16); დიმიტროვი (11)-გასკე (21); კირგიოსი (26)-რაონიჩი (7); უორდი-პოსპიშილი; ტროიცკი (22)-ბრაუნი; ცონგა (13)-კარლოვიჩი (23); სეპი (25)-მარეი (3); ბერდიხი (6)-ანდუხარი; მონფილსი (18)-სიმონი (12); ბასილაშვილი-ბაუტისტა აგუტი (20); გროტი-ფედერერი (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"