უიმბლდონი: ჯოკოვიჩი დღეს დაამთავრებს

AutoSharing Option
მამაკაცების მერვედფინალში ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა რიშარ გასკესა და ნიკ კირგიოსის დაპირისპირება იყო. შარშანდელ უიმბლდონზე, ექსტრავაგანტულმა ავსტრალიელმა ცხრა (!) მატჩბოლი მოიგერია გასკეს წინააღმდეგ და მოიგო. შესაბამისად, ფრანგი რევანშზე ფიქრობდა. ამასთან, რიშარს არ აწყენდა "დიდი სლემის" ტურნირებზე მერვედფინალების სტატისტიკის გამოსწორება - 2 მოგება და 16 წაგება.

ფრანგმა საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო, თუმცა ძალიან მალე მოიპოვა ინიციატივა და კორტის ბატონ-პატრონი გახდა. მაგრამ, როგორც კი საქმე გადამწყვეტ მომენტამდე მივიდა, კირგიოსმა ისევ დაიწყო მატჩბოლების მოგერიება. მან მესამე სეტში ორი ასეთი საფრთხე მოიგერია და მოიგო პარტია
ტაი-ბრეიკზე. მეოთხე სეტში ისევ ტაი-ბრეიკი იყო და კირგიოსს თავის მოწოდებაზე სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ცოტა ხანში ნიკის უიმბლდონზე გამოსვლა დასრულდა.

მეოთხედფინალში გასკე სტენ ვავრინკას შეხვდება, რომელიც დამაჯერებლად მიიწევს წინ, თუმცა გუშინ, პირველად წააგო ტურნირზე საკუთარი მოწოდება. დავიდ გოფენი ბოლომდე იბრძოდა როლან გაროსის ჩემპიონის წინააღმდეგ, პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მესამეში კი ბრეიკით იგებდა, მაგრამ ბოლოს მაინც შვეიცარიელმა იმარჯვა.

* * *
ხორვატმა ივო კარლოვიჩმა ვერ შეასრულა თავისი ნორმა ენდი მარეის წინააღმდეგ - ვერ ჩააწოდა მინიმუმ 40 ეისი და ამან იმოქმედა ბრიტანელთან მატჩის შედეგზე. პირველ სეტში ივომ ექვსი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეშვიდე ჯერზე ენდიმ მიაღწია მიზანს. მეორეში ბრიტანელმა თავიდანვე აიღო მეტოქის მოწოდება, ხორვატს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ივომ მაინც მოახერხა ერთი სეტის მოგება - მე-12 გეიმში შეასრულა ბრეიკი მესამე პარტიაში, მაგრამ მეოთხეში ენდი მაქსიმალურად მობილიზებული იყო - 7:6(7), 6:4, 5:7, 6:4.

ენდის მეტოქე მეოთხედფინალში ვასეკ პოსპიშილი გახდა, რომელმაც პირველი ორი სეტი წააგო ვიქტორ ტროიცკისთან, მაგრამ მესამე ხუთსეტიანი მატჩი მოიგო ამ უიმბლდონზე.

* * *
დღის ბოლოს ორი მთავარი ფავორიტი თამაშობდა. როჯერ ფედერერმა 86 წუთში გაანადგურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველი რობერტო ბაუტისტა აგუტი. აღსანიშნავია, რომ როჯერმა პირველი სეტი 21 წუთში მოიგო, მესამეში კი ქულების 100 პროცენტი აიღო პირველ მოწოდებაზე.

ფედერერი მეოთხედფინალში ფრანგ ჟილ სიმონზე გავიდა, რომელმაც ასევე მძლავრი თამაში აჩვენა ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ. საათსა და 56 წუთში სიმონს 21 "ვინერსი" ჰქონდა და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

რაც შეეხებ ნოვაკ ჯოკოვიჩს, მისი მატჩის დასრულება კევინ ანდერსონთან მეორე დღისთვის გადაიდო. სამხრეთაფრიკელმა სენსაციურად მოიგო პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკზე, არადა, მეორე პარტიის მე-13 გეიმში 1:5 იყო ჩამორჩენილი. სამაგიეროდ, ნოვაკი დომინირებდა მესამე და მეოთხე სეტებში და ანგარიში გათანაბრდა, რის შემდეგაც, სიბნელის გამო მატჩი დღეისთვის გადაიდო.

დღევანდელი დღის პროგრამაში სწორედ ამ შეხვედრის დასრულება და ქალების ოთხივე მეოთხედფინალია.

კაცები
1/8 ფინალი

მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-დენის კუდლა (აშშ) 6:4, 4:6, 6:3, 7:5; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-დავიდ გოფენი (ბელ, 16) 7:6(3), 7:6(7), 6:4; რიშარ გასკე (საფ, 21)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 26) 7:5, 6:1, 6:7(7), 7:6(6); ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22) 4:6, 6:7(4), 6:4, 6:3, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 23) 7:6(7), 6:4, 5:7, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:3, 6:3, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20) 6:2, 6:2, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14) 6:7(6), 6:7(6), 6:1, 6:4 გადაიდო;

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)/ანდერსონი (14)-ჩილიჩი (9); ვავრინკა (4)-გასკე (21); პოსპიშილი-მარეი (3); სიმონი (12)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული