15-18 ივლისს სან-მარინო დევისის თასის III ჯგუფის ევროპული ზონის ორთაბრძოლებს უმასპინძლებს. მე-2 ჯგუფის ორი საგზურისთვის 13 გუნდი იბრძოლებს: სან-მარინო, საქართველო, ალბანეთი, კვიპროსი, მაკედონია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, ჩერნოგორია, სომხეთი, ესტონეთი, ისლანდია, მალტა და ნორვეგია.
წილისყრა 13 ივლისს გაიმართება და შეჯიბრების მონაწილენი სამ 3-გუნდიან და ერთ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში დაწყვილდებიან, უძლიერესები ფინალში გავლენ და ზედა ეშელონში აღზევდებიან.
საქართველოს ნაკრები სან-მარინოში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი,
მესამე ჯგუფში მოასპარეზე გუნდების ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელია მარკოს ბაღდატისი. 30 წლის კვიპროსელი ცხრა წლის წინათ მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-6 საფეხურზე იყო, ამჟამად კი რეიტინგში 54-ე ადგილი უკავია.
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გეზს სან-მარინოსკენ 12 ივლისს აიღებს.
გვესაუბრება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი:
"ჩვენი გუნდის კაპიტნის - გიორგი გაბრიჩიძის ხელმძღვანელობით, კარგა ხანია, დევისის თასისთვის თბილისში ემზადებიან გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი.
ამ დღეებში ნაკრებს შეუერთდა ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც, რომ არაფერი ვთქვათ წლეულს ნათამაშებ სხვა ტურნირებზე, შესანიშნავად ისპარეზა უიმბლდონზე, სადაც ხუთ მეტოქეს სძლია. ამ ორთაბრძოლებმა დაგვარწმუნა, რომ ნიკა ჩინებულ ფორმაშია და მისი დიდი იმედი გვაქვს - მზად არის, ნებისმიერ მეტოქეს გაუმკლავდეს, მათ შორის - ბაღდატისს, რომელიც რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელზე საგრძნობლად წინ დგას.
შარშან ნაკრებში პირველ ნომრად თამაშობდა ალექსანდრე მეტრეველი. ძალიან გაუჭირდა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მეტოქეებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ამჯერად იგი მეორე ნომერია და სასურველი შედეგის მიღწევა გაუადვილდება, მით უმეტეს, რომ სანდროც კარგ ფორმაშია. წინა კვირას სტამბოლში 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. მერე იქვე დარჩა და მეორე მსგავს შეჯიბრებაში ჩაება, სადაც გუშინ მეოთხედფინალში ბელორუს ჟირმონტს იოლად სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
სან-მარინოში მე-2 ჯგუფის ორი საგზურისთვის ჩვენი გუნდის უმთავრესი მეტოქეები იქნებიან: კვიპროსი მარკოს ბაღდატისის მეთურობით; ესტონეთი, სადაც იურგენ ზოპი და ვლადიმირ ივანოვი გამოირჩევიან; მაკედონია, რომლის ღირსებასაც ტყუპი ძმები - საველიჩები დაიცავენ. ისინი ამას წინათ თბილისში იმყოფებოდნენ, პანტიანის სამ 10.000-იან ტურნირში ითამაშეს და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.
ყოველივეს მიუხედავად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მე-2 ჯგუფის საგზურის მოსაპოვებლად. შვიდი წელიწადია, მესამე ჯგუფში ვართ და წლეულს დიდი შანსია, ნავსი გავტეხოთ, რაც მნიშვნელოვანი წარმატება და საქართველოს ვაჟთა ჩოგბურთის წინსვლის საწინდარი იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"