სტატისტიკა მატჩის წინ
- ფინალი შარშანდელი გადამწყვეტი მატჩის გამეორება იქნება. ერთი წლის წინ, ჯოკოვიჩმა ხუთ სეტში მოიგო.
- სერბმა და შვეიცარიელმა 39-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში. მინიმალური უპირატესობა როჯერის მხარესაა - 20:19.
- ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო ექვს მატჩში ოთხჯერ დაამარცხა ფედერერი, საერთო ჯამში კი ამ დაპირისპირებაში თანაფარდობაა - 6:6.
- აქამდე, ნოვაკი და როჯერი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. 2007 წელს,
- სერბი მეჩვიდმეტედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. უფრო მეტი ფინალი ჰქონდათ - როჯერ ფედერერს (26), რაფაელ ნადალს (20), ივან ლენდლსა (19) და პიტ სამპრასს (18).
- "დიდი სლემის" ბოლო 20 ტურნირიდან, სერბი 15-ჯერ მივიდა ფინალამდე.
- ნოვაკს შეუძლია მეცხრედ მოიგოს "დიდი სლემის" ტურნირი, რითაც ის ხუთ ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელს შორის მოხვდება. მას უსწრებენ: როჯერ ფედერერი (17), პიტ სამპრასი (14), რაფაელ ნადალი (14) და ბიორნ ბორგი (11).
- ჯოკოვიჩს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში 8 მოგება და ამდენიმე წაგება აქვს.
- როჯერ ფედერერი მეათედ გავიდა უიმბლდონის ფინალში, რითაც დაამხო რაფაელ ნადალის რეკორდი "დიდი სლემის" ერთ ტურნირზე ფინალების რაოდენობით (9 გადამწყვეტი მატჩი როლან გაროსზე).
- მოგების შემთხვევაში, ფედერერი მერვედ მოიგებს უიმბლდონს. "დიდი სლემის" ერთი ჩემპიონატი უფრო ხშირად მხოლოდ რაფა ნადალს მოუგია (9-ჯერ როლან გაროსი).
- 33 წლის შვეიცარიელს შეუძლია გახდეს უიმბლდონის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი. რეკორდი არტურ ეშს ეკუთვნის, რომელმაც 31 წლის ასაკში მოიგო უიმბლდონი 1975 წელს.
მატჩის წინ
წლევანდელი ფინალის წინ ისე ჩანდა, რომ როჯერს ჩემპიონობის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე 2014 წელს. ამგვარი ვარაუდის საშუალება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფედერერმა ფანტასტიკურად ითამაშა ნახევარფინალში ენდი მარეის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს ითქმის შვეიცარიელის მოწოდებაზე. მან მარეის 20 ეისი ჩაუგდო და პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო. მთელი მატჩის განმავლობაში ბრიტანელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ასე კარგად ფედერერს უკვე დიდი ხანია არ უთამაშია. რაც შეეხება ნოვაკს, მის მიმართ მსგავსი სიტყვები არ ისმოდა. ფინალამდე სერბი ისე მივიდა, რომ მეტოქედ TOP8-ის არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია. ყველაზე რთული მატჩი მას მერვედფინალში კევინ ანდერსონთან ჰქონდა, როცა სეტებში 0:2 ჩამორჩა, შემდეგ კი საკმაროდ დამაჯერებლად გაიარა მარინ ჩილიჩისა და რიშარ გასკეს ბარიერი.
მატჩი
ფინალის დებიუტი როჯერს დარჩა. ის უკეთ აწვდიდა და დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, ხოლო სეტის შუაში ნოვაკის რამდენიმე შეცდომამ "მშრალი" ანგარიშით ბრეიკი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აწვდიდა ფედერერი მთლიანად ტურნირზე, სეტის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა. მაგრამ, ამჯერად, მოწოდებამ ვერ უშველა. ნოვაკმა ძალიან მალე დაიბრუნა დაკარგული გეიმი. მოსალოდნელ ტაი-ბრეიკამდე ფედერერი გააქტიურდა და მიღებაზე ორი სეტბოლი გამოიმუშავა. ჯოკოვიჩმა ორივე საფრთხე კარგი მოწოდებით მოიგერია, სულ კი ამ კრიტიკული მომენტიდან მოყოლებული 15-დან 14 გათამაშება მოიგო და ტაი-ბრეიკზე 7:1 გაიმარჯვა.
მეორე სეტში ფედერერი აგრძელებდა ზეწოლას და 2:2-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. შემდეგ ნოვაკს მიეცა კარგი შანსი, როცა 5:4-ზე სეტბოლი მიიღო და ახლა უკვე ფედერერი გადარჩა. შემდეგ იყო როჯერის კიდევ ერთი ბრეიკი და კიდევ ერთი გამოუყენებელი შანსი. საბოლოოდ, საქმე მივიდა ტაი-ბრეიკამდე, რომელშიც შვეიცარიელი მუდმივად ჩამორჩებოდა - 3:6, 6:7, 8:9, 9:10. ლეგენდამ შეუძლებელი შეძლო - მეორე სეტში შვიდი სეტბოლი მოიგერია და პარტია მაინც მოიგო - 7:6(11:9).
მიღებული შოკის მიუხედავად, სერბმა დროულად შეძლო გონს მოსვლა. მას სულ ცოტა დააკლდა პირველივე გეიმში ბრეიკამდე, სამაგიეროდ, მესამე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება. მეორე სეტმა სწრაფად ჩაიარა. ფედერერი ვერ ახერხებდა საპასუხო ბრეიკის შესასრულებლად შანსის პოვნას. ერთხელ 30:15 წაიყვანა ანგარიში მიღებაზე - ეს იყო და ეს. მომდევნო ორი საკუთარი გეიმი ჯოკოვიჩმა " მშრალი" ანგარიშით მოიგო და სეტებში დაწინაურდა. პირველ მოწოდებაზე სერბი იდეალური იყო - 17-დან 16 მოგებული ბურთი.
მეოთხე სეტში ფედერერმა რისკიანი თამაში დაიწყო, რაც ბევრ შეცდომას იწვევდა. ნოვაკი კი ტაქტიკას არ ცვლიდა - ღრმა დარტყმები, თამაში მეტოქის მარცხენა ხელზე, კარგი მოწოდება და მინიმალური შეცდომები (სულ 16 ორი საათი და 55 წუთი ბრძოლის შემდეგ). 2:2-ზე როჯერმა სამი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება დათმო. შემდეგ სერბმა ორი დაფარული მატბოლი მიიღო, მაგრამ შვეიცარიელმა გადაარჩინა თავისი გეიმი. ამას მოჰყვა მცირე შანსი მიღებაზე, მაგრამ 0:30-დან ნოვაკმა ცხრიდან რვა ქულა აიღო და მესამედ მოიგო უიმბლდონი - 7:6(1), 6:7(10), 6:4, 6:3.
ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მე-200 მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე. ის პირველი ჩოგბურთელია 2007 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე ტიტულის დაცვა შეძლო. კარიერაში კი 54-ე ტურნირი მოიგო, წელს 51 მატჩში 48 მოგება დაუგროვდა, რამაც ექვსი ტიტული მოუტანა.
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 21) 7:6(2), 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 7:5, 7:5, 6:4.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 7:6(1), 6:7(10), 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"