ნოვაკ ჯოკოვიჩი - უნაკლო და სრულყოფილი მანქანა

AutoSharing Option
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში დაამარცხა როჯერ ფედერერი და მესამედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს მიაჩნია, რომ ნოვაკი - ახალი ფორმაციის ჩემპიონია, რომელსაც ნაკლი არ გააჩნია.

L’Equipe შეხვდა ნოვაკ ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობის წინ. ორგანიზატორებმა ჩოგბურთელის 28-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მიართვეს. როგორც კი სერბმა საჩუქარს გემო გაუსინჯა, მაშინვე აღნიშნა: "შესანიშნავი ტორტია. იცით მთავარი რა არის - ის არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს..."

რა თქმა უნდა, ადრეც ვიცოდით, რომ ის გარკვეული იყო კვების საკითხებში. "ვერც კი წარმოიდგენთ, რა დონეზეა
გარკვეული! - ამბობს მისი მეგობარი ვიქტორ ტროიცკი. - ერთხელ ჩვენთან ერთად რესტორანში წამოვიდა და თან წამოიღო სპეციალური მარილი. ვარდისფერი! ამ თემაზე გვიყვარს მისი გაჯავრება. მახსოვს კიდევ ერთი საღამო ორი თუ სამი წლის წინ, ნიუ იორკში. სერბულ რესტორანში ეროვნული კერძი შევუკვეთეთ.

სერბეთში საკმაოდ მძიმე კერძებია. მან დიდხანს გვიყურა, როგორც მადიანად შევექცეოდით ამ ყველაფერს (თავად ცალკე მენიუ შეუკვეთა) და... უცებ დანებდა. ხელი სტაცა ხორცის დიდ ნაჭერს, გადაყლაპა და წარმოთქვა: "უნდა იცოდე სიცოცხლისგან სიამოვნების მიღება!" სიმართლე გითხრათ, პირველად ვნახე, როგორ გამოიჩინა სისუსტე..." ტროიცკი დაფიქრდა და დაამატა:

"მაგრამ დღემდე გაკვირვებული ვარ, როგორ შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს ზრდისთვის". რა თქმა უნდა, პროფესიული ზრდა იგულისხმება.

მართლაც, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი დღემდე ყველას აკვირვებს. ახლობლებსაც კი. აღარაფერს ვამბობთ მეტოქეებზე! ექვსი წლის ასაკიდან ანცვიფრებდა საქმისადმი პროფესიული მიდგომით - პუნქტუალურად ალაგებდა სპორტულ ჩანთას, ვარჯიშზე მაშინვე არ მივარდებოდა ჩოგანსა და ბურთს, როგორც მისი თანატოლები აკეთებდნენ, არამედ, მოთელვას იწყებდა. თანდათან, სერბმა გამოიმუშავა მიზნისკენ მოძრაობის საკუთარი ალგორითმი: გამხდარიყო იდეალური ჩოგბურთელი.

ის აკონტროლებს ყველაფერს: საკუთარი ცხიმის მასას ან კუნთების ელასტიურობის დონეს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას... გარკვეული ტემპერატურის წყალი უნდა დალიოს, თაფლი რაღაც განსაზღვრული ეკზოტიკური სახეობის უნდა იყოს... ტურნირების დროს, მისი ნახვა ხშირად შეიძლება პარკებში - საუკეთესო ადგილი მედიტაციისთვის.

მოკლედ, ყველა წვრილმანი გათვლილი აქვს. მაგრამ წვრილმანი მის პროფესიაში არ არსებობს. სწორედ ასეთი "ინტელექტუალური" მიდგომით, ერთ მშვენიერ დღეს - 2011 წლის ივლისში - მან ჩამოაგდო მსოფლიოს ჩოგბურთის მწვერვალიდან უძლეველი წყვილი: ფედერერი და ნადალი.

"ხანდახან ვუყურებ მის ვარჯიშს, - ამბობს მწვრთნელი და საჩოგბურთო ფსიქოლოგიის საკითხებში სპეციალისტი რონან ლიაფე. - როგორ სუნთქავს, როგორ დგება მოსაწოდებლად, როგორ დუნდება. ყველაფერი სხვანაირადაა, ვიდრე ორი წლის წინ იყო - ყველაფერს უფრო სწორად აკეთებს. ის ყველა ნიუანსში გაერკვა. მან ისწავლა საკუთარი ნერვული სისტემის მართვა - რომ ემოციებმა ხელი არ შეუშალოს ტექნიკური ილეთების შესრულებას. ეს არის ნამდვილი მანქანა!"

"სიმართლე გითხრათ, როცა ის ათი წლის წინ ჯერ კიდევ დებიუტანტის რანგში ვიხილე, ვერც კი დავუშვებდი, რომ ოდესღაც მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა, - ამბობს გაელ მონფილსის ყოფილი მწვრთნელი ტიერი შამპიონი. - იმ დროს პრობლემა ჰქონდა სიცხეში თამაშისას და აშკარა სირთულეები გააჩნდა მარჯვნიდან დარტყმისას.

მაგრამ მახსოვს, როგორ იხარჯებოდა ყველა შეხვედრაში. და ყველაფერი კარიერას დაუქვემდებარა. კონსულტაციებს იღებდა ვეტერანებისგან. მაგალითად, ტოდ მარტინისგან (მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი), რათა დაეხვეწა მოწოდება, ან მარკ ვუდფორდისგან (მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი წყვილებში). ამგვარი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ მისი მისწრაფება - გამოეყენებინა ეს ყველაფერი წინსვლისთვის".

დღეს მის თამაშში თითქმის არ არის ნაკლი. მაგრამ არც ზედა ზღვრისთვის მიუღწევია. მართალია, ახლაც გვაოცებს მოხერხებულობითა და სისხარტით, მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კორტზე რაიმე აკრობატულ ილეთები შემოგვთავაზოს.

"ყველაფრის საფუძველია - მომზადებისადმი კომპლექსური მიდგომა, - ხსნის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯოკოვიჩის სპარინგ-პარტნიორი დუშან ვემიჩი. - ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ცდილობს გამოიყენოს ყველანაირი შესაძლებლობა - ადამიანური და ბუნებრივი. მაგალითად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვებას - მიირთმევს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველას გამოსდის. და დღემდე ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ. ამასთან, სურვილი აქვს იპოვნოს იდეალური ბალანსი ყველაფერში. ჩემთვის ის არის სრულყოფილი სპორტსმენი: ყველაფრის მცოდნე, ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბრძენი ცხოვრებისეულ საკითხებში..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის უკვე სპეცრაზმელის დონე - როცა ნერვულ სისტემას აკონტროლებ, შიშის და პანიკის იმპულსები დაბლოკილია და ტვინს შეუძლია ექსტრემალურ ან მძიმე სიტუაციაში თავისუფლად მუშაობა. ფეხებს ვერ მოჭამენ ჯოკოს კარიერის ბოლომდე არ ჩამოვა ტახტიდან, წავიდა "დონეების" დრო, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ! ჯოკომ რომ სწორი კვების მნიშვნელობაზე წიგნი დაწერა ვიღაცეებმა დასცინეს მადლობის მაგიერ, ჰოდა უყურონ ეხლა ქვემოდან.. ძია! ცინგლიან მარეის რომ ოლიმპიადა ყარაულის თოფივით გაუვარდა, მაგათ ეგონათ რომ ჯოკო ჩამოაგდეს და მაგისი ადგილი ისევ "დონეებმა" დაიკავეს.. ეგრე უდგათ გვერდები - არ ეღირსათ!!
Papa-Snaiperi
06:52 14-07-2015
0
როჯერ ფედერერი იყო და ყოველთვის დარჩება ნომერი 1!!! ეს ბოლო პერიოდი არაფერს ნიშნავს. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს საკუთარი კარიერის პიკში რომ შეხვედროდა ნოვაკს შანსი არ ექნებოდა და განწირული იქნებოდა მეორეობისთვის. ფედერერი არის ცოცხალი ლეგენდა, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ტექნიკური და ყველაზე ელეგანტური მოთამაშე. დრო მოვა და შეიძლება კომპიუტერული პროტოტიპებიც კი გაკეთდეს ნოვაკის და როჯერის იმის გასარკვევად რომელი იყო საუკეთესო, თუმცა როჯერი არის ჩოგბურთის პელე და მარადონა ერთად აღებული. ლეგენდა!!!
fraternity
09:33 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული