ალექსანდრე მეტრეველი: ამ გუნდით დევისის თასის პირველ ჯგუფში აღზევების ამბიცია გვაქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვლადიმერ გაბრიჩიძე, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი
სან მარინოში დევისის თასის გათამაშების მე-3 ევროპული ჯგუფის 13 წარმომადგენელი შეიკრიბა. ორგანიზატორებმა ისინი წილისყრით 4 ჯგუფში გადაანაწილეს.

საქართველოს ნაკრებმა (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) D ჯგუფში სამი მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა გაისად დევისის თასის მე-2 ევროპულ ჯგუფში თამაშის უფლება მიიღო.

Sportall.Geშეჯიბრების დამთავრების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს:

"იმ ჯგუფიდან, რომელშიც ჩვენი ნაკრები მოხვდა, პლეი ოფში გასვლა არც მეეჭვებოდა და ასეც მოხდა.

უფრო რთული იყო ესტონური ბარიერის გადალახვა, რადგან ბალტიისპირელებს ორი ძლიერი და სტაბილურად მოთამაშე ჩოგბურთელი ჰყავთ. ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა აქაც იყოჩაღეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს, რასაც უიმბლდონზე ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს, ესტონელთა პირველ ნომერს მოუგო, ხოლო სანდრო მეტრეველმა რეიტინგში მასზე 150 საფეხურით მაღლა მდგარ მეტოქეს აჯობა.

გაისად მეორე ჯგუფში გამოვალთ და წილისყრაშიც თუ გაგვიმართლა, შესაძლოა, რომელიმე მოწინააღმდეგეს ვუმასპინძლოთ კიდეც. ამჟამინდელი გუნდით დიდი ამბიცია გვაქვს პირველ ჯგუფში აღსაზევებლად, სადაც ერთ დროს თამაშობდა საქართველოს ვაჟთა ნაკრები.

ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები გვყავს. ბასილაშვილი 23 წლისაა, მეტრეველი და ცივაძე - 22-22-ისა, ჯავახიშვილი კი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ამ ჩოგბურთელებს მომავალი წინ აქვთ. მთავარია, სათანადო თანადგომა და ხელშეწყობა არ მოვაკლოთ.

ჩვენი იმედია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც, მჯერა, მალე პირველი ასეულის მოთამაშე გახდება და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურსაც მოიპოვებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული