ჩოგბურთის მოკრძალებული კვირა სამ ქალაქში

AutoSharing Option
გასულ კვირას, ჩოგბურთის გულშემატკივართა ყურადღება მიპყრობილი იყო დევისის თასისკენ. თუმცა, ასევე გაიმართა სამი ტურნირი WTA-სა და ATP-ის ტურში. რა თქმა უნდა, უიმბლდონის შემდეგ წამყვანმა ჩოგბურთელებმა პაუზა აიღეს, მაგრამ გამონაკლისი გამოდგა სერენა უილიამსი. ლონდონის ტრიუმფატორმა შვედეთის ქალაქ ბაშტადში პირველი წრე იოლად გაიარა, მაგრამ მეორე რაუნდი აღარ ითამაშა - განაცხადი გამოიტანა იდაყვის ტრავმის გამო.

მის გარეშე ბაშტადი რიგით ტურნირად გადაიქცა. თავის გამოჩენის შანსი მიიღეს იმ ჩოგბურთელებმა, რომლებიც იშვიათად მიდიან გადამწყვეტ რაუნდებამდე. მთავარი პრიზი გაითამაშეს იოჰანა ლარსონმა და მონა ბარტელმა. ადგილობრივი პუბლიკის გასახარად,
ლარსონმა ორ სეტში მოიგო - 6:3, 7:6(2) და კარიერაში პირველად მოიგო WTA-ს ტიტული.

* * *
ბუქარესტშიც ასევე გაიმარჯვა მეორე ეშელონის ჩოგბურთელმა, თუმცა ანა შმიედლოვას წელს უკვე ჰქონდა ტიტული - კატოვიცეში. რუმინეთის დედაქალაქში შემადგენლობა უფრო დაბალანსებული იყო და მისი საშუალო დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

ბადის ზედა ნაწილიდან, პროგნოზისამებრ, სარა ერანიმ გააღწია ფინალამდე, თუმცა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ ყოფილა. მის ფონზე კი შმიედლოვა ანადგურებდა თავის მეტოქეებს - პირველ სამ მატჩში არც ერთ სეტში არ წაუგია ორ გეიმზე მეტი!

ერანისთან ფინალიც სლოვაკმა ძალიან კარგად დაიწყო - 5:2 წაიყვანა ანგარიში. სეტზე ჩაწოდებისას, შმიედლოვას სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ იტალიელმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, თუმცა იქ მხოლოდ სამი ქულა აიღო. სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა. მეორე სეტში ანამ ისევ გაუშვა ხელიდან ერთბრეიკიანი უპირატესობა, მაგრამ მალე გამოასწორა სიტუაცია - 7:6(3), 6:3.

* * *
მამაკაცთა ერთადერთი ტურნირი ნიუპორტში გაიმართა და ამით დასრულდა ბალახის სეზონი. სატურნირო ბადეში თითქმის ყველა წამყვანი ამერიკელი ვიხილეთ საქმეში. როგორც ამ საფარისთვის არის დამახასიათებელი, იყო ბევრი ტაი-ბრეიკი და დაძაბული მატჩი.

ერთბაშად შვიდ მატჩში მინიმუმ ორი ტაი-ბრეიკი ჩატარდა და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში დამარცხა განთესვის ლიდერი ჯონ ისნერი. მან წააგო თანამემამულე რაჯივ რამთან, რომელმაც ფინალამდე მიაღწია და იქ ივო კარლოვიჩს მოუგო - 7:6(5), 5:7, 7:6(2). ორივემ ჯამში 36 ეისი შეასრულა. რამმა 2009 წლის შედეგი გაიმეორა - მას კარიერაში ATP-ის ორი ტიტული აქვს მოგებული და ორივე ნიუპორტში.

ბაშტადი
ფინალი
იოჰანა ლარსონი (შვედ, 7)-მონა ბარტელი (გერ, 4) 6:3, 7:6(2).

ბუქარესტი
ფინალი
ანა შმიედლოვა (სლოვაკ, 7)-სარა ერანი (იტა, 1) 7:6(3), 6:3.

ნიუპორტი
ფინალი
რაჯივ რამი (აშშ)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 2) 7:6(5), 5:7, 7:6(2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული