სან მარინოდან ბასილაშვილი ჰოლანდიაში გაემგზავრა და შევენინგენის საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) მოიგო, რითაც 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ჯილდოდ 6.150 ევროც მიიღო.
შედეგად, ATP-ს განახლებულ ოფიალურ რეიტინგში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბასილაშვილი კარიერაში პირველად, ტოპ-ასეულშია - ნიკოლოზი 90-ეა.
ერთეულთა თანრიგის სტარტზე მე-6 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა რუსი ფილიპ დავიდენკო ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:3, 6:3, მერე გერმანელ ფლორიან მაიერს აჯობა - 6:2, 5:7, 6:4, მეოთხედფინალში ანდრეი მარტინის (სლოვაკეთი) სძლია - 6:1, 1:6, 6:3, ნახევარფინალში მასპინძელ თიემო დე ბაკერს მოუგო - 3:6, 7:5, 6:2.
გადამწყვეტ პაექრობაში ასპარეზობის მე-7 ნომერს, მსოფლიო რეიტინგით 122-ე ადგილზე მყოფ ანდრეი კუზნეცოვს (რუსეთი) დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი რობინ ჰაასი (ჰოლანდია) გაისტუმრა მაყურებლებში - 2:6, 6:4, 6:2.
ქართულ-რუსული პაექრობის პირველი ხელი დაძაბულად წარიმართა და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ტაიბრეიკით მიაღწია წარმატებას - 7:3. მეორე სეტიც ანალოგიური სცენარით წარიმართა - მეტოქეებმა თავიანთი მოწოდებები უნაკლოდ გამოიყენეს. 6:6-ზე წვიმის გამო ორთაბრძოლა კარგა ხნით შეწყდა. შეხვედრის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა ტაიბრეიკი 7:4 მოიგო და წონასწორობა აღადგინა. მესამე სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო და გაიმარჯვა კიდეც - 6:3. საბოლოოდ შეხვედრა 2:1 მოიგო.
წყვილებში მასპინძელ რომანო ფრანტზენთან შეამხანაგებულმა ბასილაშვილმა პირველ წრეში სანდერ გროენსა (ჰოლანდია) და გრეგ ოულეტეს (აშშ) აჯობა - 6:3, 3:6, 10:7, მაგრამ მეოთხედფინალი მესამე ნომრად განთესილ ასლან კარატცევისა და ანდრეი კუზნეცოვის ტანდემთან დათმო - 6:3, 3:6, 7:10.
ამ კვირას ბასილაშვილი იტალიაში ბიელას საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) პირველ ნომრად ჩაებმება. სტარტზე პორტუგალიელ პედრო სოუზასთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
ბაქოში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მან ავსტრიელი პატრისია მაიერ-ახლეიტნერი დაამარცხა - 2:6, 6:3, 6:2. დღეს რუმინელ პატრისის-მარია ტიგს გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში კალაშნიკოვა ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად სტარტზე რუსების - ვალენტინა ივახნენკოს და ანა მორგინას ტანდემს შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"