რაფაელ ნადალმა სერია გააგრძელა

AutoSharing Option
ტრიუმფალური გამოდგა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ესპანელი რაფაელ ნადალის დაბრუნება. გუშინ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა - 7:5, 7:5. ნადალმა რევანში აუღო აპენინელს ამ სეზონში ორი მარცხისთვის - რიო-დე-ჟანეიროსა და ბარსელონას ტურნირებზე. ურთიერთშეხვედრებში რაფა ფონინის 5:2-ს უგებს.

სასტარტო გეიმი 12 წუთი გაგრძელდა და ფონინიმ ბრეიკით გახსნა ანგარიში. ნადალმა სამი გეიმის შემდეგ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, ბოლოს კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 77 წუთში მოიგო პირველი პარტია - 7:5.

მეორე სეტში რაფამ პირველმა აიღო მეტოქის მოწოდება და 3:1 დაწინაურდა,
მაგრამ ფაბიომ იქვე უპასუხა მეტოქეს. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა კიდევ სამი ბრეიკი შეასრულეს და ფონინიმ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. იტალიელმა სეტბოლიც გამოიმუშავა, მაგრამ ესპანელმა ეს საფრთხე მოიგერია, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 5:5. ფაბიო ფსიქოლოგიურად გატყდა და ზედიზედ ორი გეიმი დათმო. ნადალმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და 2 საათსა და 34 წუთში მოიგო.

ესპანელმა კარიერაში 96-ე ფინალი ითამაშა და 67-ე ტიტული მოიგო. ფონინის ანალოგიური მაჩვენებელებია - 10 ფინალი და სამი ტიტული. რაფაელმა წელს პირველად მოიგო გრუნტის ტურნირი და 2004 წლიდან მოყოლებული, ამ საფარზე სეზონში ერთ ტიტულს მაინც იღებს.

* * *
პარალელურად, ქალაქ გშტაადში მიმდინარეობდა შვეიცარიის ღია პირველობა, რომლის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბელგიელი დავიდ გოფენი.

ბოლო დროს, ტიმი აშკარად ფორმაში შევიდა: გასულ კვირას, მან უმაგის ტურნირში გაიმარჯვა, გუშინ კი 7:5, 6:2 მოუგო გოფენს. ავსტრიელისთვის ეს მესამე ტიტულია ამ სეზონში - კიდევ ერთი მოგება ქალაქ ნიცაში ჰქონდა.

პირველ სეტში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ბრეიკი ტიმმა შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორჯერ მეტოქის მოწოდება გოფენმა აიღო. ბელგიელმა ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება, რადგან მეათე გეიმში ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა - 5:5. ტიმმა სეტში მესამე ბრეიკით, პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5.

მეორე სეტის სტარტზე, ავსტრიელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მდევრის როლში, მაგრამ შემდეგ შვიდი გეიმიდან ექვსი მოიგო და მატჩი და ტიტული მას დარჩა. საათი და 26 წუთის განმავლობაში, ტიმმა ხუთი ეისი შეასრულა და 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული