აშშ-ის ღია: ნადალი ნიუ იორკშიც ჩავარდა

AutoSharing Option
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ამერიკის ღია პირველობაზე დასრულდა მესამე წრე და გაირკვა ყველა მერვედფინალისტი.

მესამე რაუნდისა და ჯერჯერობით, მთლიანად ტურნირის ყველაზე საინტერესო მატჩი რაფაელ ნადალსა და ფაბიო ფონინის შორის გაიმართა. ამ სეზონში იტალიელს ორჯერ ჰყავდა დამარცხებული ესპანელი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ამერიკის ღია პირველობამდე, ფონინის შვიდიდან შვიდი მატჩი ჰქონდა წაგებული ჰარდზე.

ნადალისთვის ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო: დამაჯერებლად მოიგო პირველი ორი სეტი, რაც სტატისტიკურად გარანტირებულ გამარჯვებას ნიშნავდა. საქმე ისაა, რომ აქამდე, რაფას "დიდი სლემის" ტურნირებზე არასოდეს წაეგო 2:0-ის შემდეგ. თან მსოფლიოს
ყოფილი პირველი ნომერი მესამე სეტში ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ ფონინიმ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და საქმე გადამწყვეტ პარტიამდე მიიყვანა.

მეხუთე სეტი უცნაური გამოვიდა: 1:1-დან მოყოლებული, ჩოგბურთელები გეიმებს მხოლოდ მიღებაზე იგებდნენ. პირველმა, ვინც საკუთარი მოწოდების შენარჩუნება შეძლო, იტალიელი იყო. და მან ეს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გააკეთა, როცა 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა - 3:6, 4:6, 6:4, 6:3, 6:4. ბრძოლა ადგილობრივი დროით ღამის ორ საათზე დასრულდა. ფონინი კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღიას მერვედფინალში.

რაც შეეხება ნადალს, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, მან ვერ შეძლო სეზონში "დიდი სლემის" თუნდაც ერთი ტურნირის მოგება.

* * *
"დიდი ოთხეულის" სხვა წევრები წესრიგში არიან. შესანიშნავად გამოიყურება როჯერ ფედერერი, რომლის მატჩები ნიუ იორკში მოკლე დროში სრულდება. თუმცა ფილიპ კოლშრაიბერთან მატჩში, ფედერერმა ამერიკულ საჰარდო სეზონზე პირველად წააგო საკუთარი გეიმი. მანამდე, როჯერმა ზედიზედ 78 (!) გეიმი მოიგო საკუთარ მოწოდებაზე. გერმანელს ცუდი თამაში არ უჩვენებია, მომენტებში არ ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ ლოკალური სირთულეების მიუხედავად, როჯერმა სამ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 6:4, 6:4.

ასევე გარკვეულ სირთულეებს წააწყდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. მანაც სამ სეტში მოიგო - 6:3, 7:5, 7:5, მაგრამ ანდრეას სეპიმ საკმაოდ კარგი ჩოგბურთი აჩვენა და უფრო მეტი "ვინერსიც" კი დააგროვა.

"არ შეიძლება ისეთი მოთამაშის შეუფასებლობა, როგორიც არის სეპი. მას არ ეშინია დიდ სტადიონებზე თამაშის და იცის კარგი ჩოგბურთის ჩვენება წამყვან მოთამაშეებთან. წელს, მან ავსტრალიაში დაამარცხა ფედერერი. ასე რომ, კარგ გამარჯვებას მივაღწიე", - მიაჩნია ნოვაკს.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ ფრანგი მამაკაცების წარმატება. მას შემდეგ, რაც რიშარ გასკემ იოლად დაამარცხა ბერნარდ ტომიჩი, პირველად ტურნირის ისტორიაში, მერვედფინალში საფრანგეთს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. გასკემდე ამ ეტაპზე გააღწიეს ჟო-ვილფრიდ ცონგამ, ბენუა პერმა და ჟერემი შარდიმ.

* * *
რაც შეეხება ქალების ტურნირს, აქ არ შედგება მატჩი, რომლის მოლოდინი ძალიან დიდი იყო. სერენა უილიამსს ჩამოცილდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი, რომლის დამარცხება შეძლო ვინუს უილიამსმა. ამერიკელმა აგრესიული ტაქტიკა დაუპირისპირა მეტოქეს, ბენჩიჩი კი დაცვაში თამაშობდა, მაგრამ ამან არ გაამართლა. მეორე პარტიის სტარტზე, შვეიცარიელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და როგორც იქნა, თამაში წაუვიდა - 4:1 დაწინაურდა. და მაინც, ამერიკელმა მოასწრო პარტიაში დაბრუნება და ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო - 6:3, 6:4.

მეოთხედფინალში ვინუსს სერენასთან მოუწევს შეხვედრა, მაგრამ, მანამდე, დებს თითო მატჩი აქვთ მოსაგები. მესამე წრეში სერენას მოულოდნელი პრობლემები შეექმნა. ის თანამემამულე ბეტანი მატეკს ხვდებოდა, რომელმაც თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი სეტი მოიგო.

სერენა ცუდად თამაშობდა ბრეიკ-პოინტებზე და მხოლოდ მეორე სეტში, 4:3-ზე შეძლო მატჩში მეორე ბრეიკის შესრულება, თუმცა იქვე დათმო საკუთარი გეიმი. ფაქტობრივად, მეორე სეტის ბოლოს წყდებოდა მთელი მატჩის ბედი. სერენამ ზედიზედ შვიდი ქულის აღება შეძლო და მესამე სეტბოლიდან მოიგო პარტია. მესამე სეტში კი ბრძოლა არ შედგა - მატეკმა მხოლოდ ცხრა ქულა აიღო - 3:6, 7:5, 6:0.

კაცები
1/16 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეას სეპი (იტა, 25) 6:3, 7:5, 7:5; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23)-დავიდ გოფენი (ბელ, 14) 2:6, 5:7, 6:3, 3:1 უარი; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-მილოშ რაონიჩი (კან, 10) 6:2, 7:6(4), 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 32)-რაფაელ ნადალი (ესპ, 8) 3:6, 4:6, 6:4, 6:3, 6:4; ბენუა პერი (საფ)-ტომი რობრედო (ესპ, 26) 7:6(3), 6:1, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:3, 7:5, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:7(5), 7:6(1), 6:3, 6:7(3), 6:1; ჟერემი შარდი (საფ, 27)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 7:6(6), 4:6, 6:3, 6:1; სტენ ვავრინკა (შვეიც, 5)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:3, 7:6(5), 6:4; დონალდ იანგი (აშშ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22) 4:6, 0:6, 7:6(3), 6:2, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 20) 6:3, 7:6(3), 7:6(3); ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30) 6:3, 6:2, 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 31) 6:7(2), 7:6(7), 6:3, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 12)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 24) 6:4, 6:3, 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 13)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 6:3, 6:4 უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 29) 6:3, 6:4, 6:4.

1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ბაუტისტა აგუტი (23); ლოპესი (18)-ფონინი (32); პერი-ცონგა (19); ჩილიჩი (9)-შარდი (27); ვავრინკა (5)-იანგი; ანდერსონი (15)-მარეი (3); ბერდიხი (6)-გასკე (12); ისნერი (13)-ფედერერი (2).

ქალები
1/16 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ბეტანი მატეკი (აშშ) 3:6, 7:5, 6:0; მედისონ კისი (აშშ, 27)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 15) 6:3, 6:2; ვინუს უილიამსი (აშშ, 23)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 12) 6:3, 6:4; ანეტ კონტავეიტი (ესტ)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:2, 3:6, 6:0; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-დარია კასატკინა (რუს) 6:2, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 13)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 17) 6:3, 7:5; რობერტა ვინჩი (იტა)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 6:1, 4:6, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 25)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 7:6(9), 4:6, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ, 32) 6:2, 6:1; იოჰანა კონტა (ბრიტ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 18) 7:6(2), 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 22)-სარა ერანი (იტა, 16) 7:5, 2:6, 6:1; ფლავია პენეტა (იტა, 26)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 1:6, 6:1, 6:4; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-მონა ბარტელი (გერ) 1:6, 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 20)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 11) 7:5, 2:6, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ, 24)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:4, 4:6, 7:5; სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:2, 6:3.

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-კისი (27); ვ. უილიამსი (23)-კონტავეიტი; მლადენოვიჩი-მაკაროვა (13); ვინჩი-ბუშარი (25); კვიტოვა (5)-კონტა; სტოსური (22)-პენეტა (26); ლეპჩენკო-აზარენკა (20); ლისიცკი (24)-ჰალეპი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული