აშშ-ის ღია პირველობა: შვეიცარიული ნახევარფინალი

AutoSharing Option
ამერიკის ღიაზე, გუშინ, ორი დარჩენილი მეოთხედფინალი გაიმართა: კევინ ანდერსონი სტენ ვავრინკას ხვდებოდა, როჯერ ფედერერი - რიშარ გასკეს.

როგორც უკვე ვწერდით, ანდერსონი პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთაფრიკელს დადებითი ბალანსი ჰქონდა ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრებში - 4:3. თან, კევინს ზედიზედ ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული შვეიცარიელი. ასე რომ, ყველა დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო.

მაგრამ, ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ვავრინკამ ამ ტურნირზე თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, იმ დროს, როცა ანდერსონი საკმაოდ ცუდად მოქმედებდა. კევინი პრაქტიკულად ვერაფერს ახერხებდა მიღებაზე და მთელი მატჩის განმავლობაში,
მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

თან მისი მოწოდებაც ვერ მუშაობდა ისე, როგორც წინა მატჩებში. ყოველ პარტიაში შვეიცარიელს შესამჩნევი უპირატესობა ჰქონდა, ბოლო სეტში კი საერთოდ გაანადგურა მეტოქე - 6:4, 6:4, 6:0. ვავრინკასთვის ეს არის ამ სეზონში "დიდი სლემის" მესამე ნახევარფინალი.

როგორც ჩანს, ანდერსონმა ვერ აღიდგინა ძალები ენდი მარეისთან ოთხსაათიანი მატჩის შემდეგ. სამხრეთაფრიკელმა 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება (არადა, წინა ოთხ მატჩში ჯამში ოთხი გეიმი დათმო).

* * *
არ გამოვიდა ბრძოლა მეორე მეოთხედფინალშიც. როჯერ ფედერერმა მორიგი შოუ შემოგვთავაზა. თუ წინა მატჩში ჯონ ისნერის წინააღმდეგ შვეიცარიელს ოდნავ გაუჭირდა, რიშარ გასკესთან ლეგენდას ყველა ჩანაფიქრი გამოსდიოდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანს 50 "ვინერსი" და მხოლოდ 21 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ნახევარფინალში გასასვლელად, როჯერს საათნახევარზე ნაკლები დასჭირდა - 6:3, 6:1, 6:1.

ფედერერი და გასკე ჰარდზე მეცხრედ შეხვდნენ ერთმანეთს და შვეიცარიელმა მეცხრედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ როჯერი ერთადერთია მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე, ვისაც ჯერ სეტი არ წაუგია.

"შესანიშნავად ვგრძნობდი ბურთს, მაღალი პროცენტი ვაჩვენე პირველ მოწოდებაზე, - განაცხადა ფედერერმა. - აგრესიულად ვმოქმედებდი და საკუთარი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი".

ფედერერმა პირველ მოწოდებაზე ქულების 87 პროცენტი მოიგო და 50 "ვინერსი" მიითვალა, აქედან 16 ეისი იყო.

ახლა, ვავრინკა და ფედერერი ნახევარფინალში ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. პირად შეხვედრებში როჯერი დიდი ანგარიშით იმარჯვებს - 16:3. სტენს არასოდეს დაუმარცხებია თანამემამულე ჰარდზე. მათი ბოლო შეხვედრა როლან გაროსის მეოთხედფინალში გაიმართა და ვავრინკამ გაიმარჯვა. ფედერერისთვის ეს იქნება 38-ე ნახევარფინალი კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირებზე.

კაცები
1/4 ფინალი
სტენ ვავრინკა (შვეიც, 5)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15) 6:4, 6:4, 6:0; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-რიშარ გასკე (საფ, 12) 6:3, 6:3, 6:1.

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ჩილიჩი (9); ვავრინკა (5)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა დროის უდიადესია როჯერი
0

სიახლეები პოპულარული