რაფაელ ნადალი მწვრთნელს შეიცვლის?

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი რაფაელ ნადალი მომავალ წელს ვერ გააუმჯობესებს შედეგებს, მის სამწვრთნელო შტაბში, შესაძლოა, ცვლილებები ვიხილოთ. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის მწვრთნელმა და ბიძამ - ტონი ნადალმა. როგორც იცით, ბოლო დროს, წამყვანმა მოთამაშეებმა ვარჯიში დაიწყეს ყოფილ ჩოგბურთელებთან. მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩი ბორის ბეკერთან თანამშრომლობს, ენდი მარეი - ამელი მორესმოსთან, როჯერ ფედერერი - სტეფან ედბერგთან...

"ვფიქრობ, ამის შესახებ რაფაელს უნდა ჰკითხოთ, - განაცხადა სააგენტო AFP-თან კომენტარში ტონი ნადალმა. - ჩვენ გვყავს გუნდი, მე კი რაფაელის უცვლელი მწვრთნელი ვარ სამი
წლის ასაკიდან მოყოლებული. ყველაფერი კარგად გვქონდა. დიახ, წელს შედეგები მკვეთრად გაუარესდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე რაფაელი თავის ფორმას დაიბრუნებს. მაგრამ, თუ მომავალ წელს ისევ არ იქნება მაღალ დონეზე, ამ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელია ცვლილებები".

ამასობაში, ნადალმა პეკინში მიმდინარე "მასტერსზე" მეორე მატჩი მოიგო. ჩინელი ვუ დის დამარცხების (6:4, 6:4) შემდეგ, გუშინ, ესპანელმა ასევე ორ სეტში დაამარცხა კანადელი ვასეკ პოსპიშილი - 7:6(3), 6:4. რაფამ ყველა საკუთარი გეიმი შეინარჩუნა, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. შეხვედრა საათი და 47 წუთი გაგრძელდა. ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში.

ასე რომ, ნადალმა პეკინში მეოთხედფინალამდე გააღწია და იქ ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული