ნოვაკ ჯოკოვიჩი პეკინში: ექვსიდან ექვსი!

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააგრძელა მოგებათა სერია პეკინის ტურნირზე - სერბმა აქ მეექვსედ მიიღო მონაწილეობა და მეექვსედ აიღო ტიტული, სულ კი ჩინეთის დედაქალაქში მოგებათა სერია 29 მატჩამდე აიყვანა. გუშინ, ნოვაკმა 91 წუთში დაამარცხა თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე რაფალ ნადალი - 6:2, 6:2.

"ეჭვგარეშეა, ეს არის ჩემი ყველაზე წარმატებული ტურნირი, - განაცხადა ჯოკოვიჩმა დაჯილდოვების ცერემონიაზე. - მახსოვს, 2008 წელს, აქ ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიგო რაფაელმა და სწორედ მაშინ აიღო სტარტი აზიური ჩოგბურთის ტრადიციამ".

დამაჯერებელი ანგარიშით მოგების მიუხედავად, ჯოკოვიჩს სერიოზული ძალისხმევა
დასჭირდა პირველ სეტში. ესპანელი აგრესიულად თამაშს ცდილობდა, მაგრამ ნოვაკი საიმედო იყო დაცვაში. მან ორივე ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოიგერია, თავად კი სამი ასეთი შანსი მიიღო და ერთხელ მოახერხა ბრეიკის აღება.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, ჯოკოვიჩს არ დაუკარგავს კონცენტრაცია მეორე სეტში. ის უკვე საბოლოოდ დომინირებდა კორტზე, მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:2, 6:2 მოიგო. ანგარიშის მიხედვით, ამას შეიძლება განადგურება ვუწოდოთ, მაგრამ ნადალის გულშემატკივრებს უნდა ჰქონდეთ ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან ესპანელი, პერიოდულად, თავის ჩვეულ თამაშს აჩვენებდა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან უნაკლო მატჩი ჩაატარა. ბრწყინვალედ მოქმედებდა მოწოდებაზე და შვიდი ეისი ჩააწოდა, მინიმალური რაოდენობის შეცდომა დაუშვა და 23 "ვინერსი" მიითვალა. გარდა ამისა, ნოვაკს პეკინში ზედიზედ 27 სეტი (!) აქვს მოგებული.

წელს, ნოვაკმა მერვე, კარიერაში კი 56-ე ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მან 73 მატჩი ჩაატარა და 68 თავის სასარგებლოდ დაასრულა. TOP10-ის წევრებთან სერბს 23 მოგება და 4 წაგება აქვს.

* * *
მამაკაცებს კიდევ ერთი ტურნირი ტოკიოში ჰქონდათ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ორგზის ჩემპიონის კეი ნიშიკორის მიმართ იყო მიპყრობილი. მასპინძელმა ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ წააგო ბენუა პერთან - 6:1, 4:6, 2:6. სხვათა შორის, სწორედ პერმა მოუგო წელს, აშშ-ის ღიაზე იაპონელს.

მეორე ფინალისტი გახდა სტენ ვავრინკა. შვეიცარიელი მეოცედ თამაშობდა ATP-ის დონეზე გადამწყვეტ შეხვედრაში და ეს ერთგვარი იუბილე ძალიან დამაჯერებელი თამაშით აღნიშნა. ვავრინკამ საათსა და ხუთ წუთში მოამთავრა საქმე - 6:2, 6:4. სტენმა ბრეიკ-პოინტების გამოყენების ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა - ოთხიდან ოთხი, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი გეიმი.

ვავრინკამ კარიერაში მე-11 ტიტული დაისაკუთრა, აქედან ოთხი წლევანდელ სეზონზე მოდის.

ამ კვირას, მამაკაცთა ტურში მხოლოდ ერთი ტურნირი იმართება, თუმცა ეს არის შანხაის "მასტერსი", სადაც მთელი ელიტა შეიკრიბება, მათ შორის, როჯერ ფედერერი და ენდი მარეი, რომლებსაც გასულ კვირას არ უთამაშიათ.

China Open
პეკინი (ჩინეთი)
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3) 6:2, 6:2.

Japan Open
ტოკიო (იაპონია)
სტენ ვავრინკა (შვეიც, 1)-ბენუა პერი (საფ) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული