ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერც ცონგამ შეაჩერა

AutoSharing Option
გრძელდება 2015 წლის სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩის დომინირება. "შანხაის" მასტერსზე სერბმა მე-13 ფინალი ითამაშა წელს.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია: ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, ნოვაკს ფინალამდე არც ერთი ტურნირი არ წაუგია. ამ 13 ფინალიდან ცხრა მის სასარგებლოდ დასრულდა. ერთი ჩოგბურთელის ასეთი დომინირება 2005-06 წლების შემდეგ არ გვინახავს, როცა პროფესიულ ტურში როჯერ ფედერერი დომინირებდა. 2005 წელს, შვეიცარიელმა 12-დან 11 ფინალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ - 15-დან 12 ფინალი.

ამერიკის ღია პირველობიდან მოყოლებული, ვერავინ ახერხებდა ჯოკოვიჩისთვის ერთ სეტში თუნდაც ოთხი გეიმის ართმევას.

პირველმა ეს
გააკეთა ბერნარდ ტომიჩმა, რომელმაც მეოთხედფინალის საწყის სეტში 2:4-დან ტაი-ბრეიკამდე მიაღწია. იქ ავსტრალიელმა ბოლომდე იბრძოლა, ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც წააგო - 6:8, მეორე სეტში კი ნოვაკმა სულ სხვა დონეზე ითამაშა - 7:6(6), 6:1.

ამავე ეტაპზე მოულოდნელად იოლად მოიგეს "დიდი ოთხეულის" სხვა წევრებმა, არადა, გაცილებით მრისხანე მეტოქეები ჰყავდათ. მაგალითად, რაფაელ ნადალმა გაანადგურა სტენ ვავრინკა - 6:2, 6:1. წინა დღეს, შვეიცარიელმა სამსაათიანი ბრძოლა გადაიტანა მარინ ჩილიჩთან და აღდგენა ვერ მოასწრო. სხვათა შორის, ეს იყო ნადალის მე-300 გამარჯვება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე.

ასევე არ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივრები ენდი მარეიმ. ბრიტანელმა 6:1, 6:3 მოუგო ტომაშ ბერდიხს. ჩეხი ყოველთვის მოუხერხებელი მეტოქე იყო ენდისთვის - 12 შეხვედრის შემდეგ, მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბარია. მაგრამ, ამჯერად, ბერდიხმა ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გახდა ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მოუგო კევინ ანდერსონს - 7:6(6), 5:7, 6:4.

* * *
ნახევარფინალები შაბათს გაიმართა და ერთ-ერთი არა მხოლოდ შანხაის "მასტერსის", არამედ მთელი აზიური სერიის მშვენება აღმოჩნდა. ცონგამ შეგვახსენა საკუთარი პოტენციალი და მძლავრი და ხარისხიანი ჩოგბურთით აჯობა ნადალს, რომელიც უახლოვდება თავის ოპტიმალურ ფორმას.

მეორე სეტის 0:6 წაგების შემდეგ, ცონგამ ხელები არ ჩამოუშვა და პირიქით, არანორმალური განწყობით ითამაშა მესამე სეტი. ამ მოგებით, ფრანგი ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში დაბრუნდება.

მეორე ნახევარფინალი, რომელშიც ჯოკოვიჩი მარეის ხვდებოდა, პირველს არ ჰგავდა. ამჯერად, ბრიტანელმა ვერ შეძლო სერბისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჯოკოვიჩი საერთოდ არ ცდებოდა, ყველა ბურთსა და მოწოდებას იღებდა. ენდიმ მხოლოდ სამი გეიმი მოიგო, პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 41 პროცენტი ჰქონდა, 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა და სულ რაღაც რვა "ვინერსი" მიითვალა.

* * *
ჯოკოვიჩს წინააღმდეგობა ვერც ცონგამ გაუწია. სერბის ძალიან სტაბილურმა და საიმედო თამაშმა, ფრანგი აიძულა რისკიანი დარტყმები შეესრულებინა, მაგრამ განსხვავებით ნახევარფინალისგან, ამან არ იმუშავა. ნოვაკი ჟოს ნებისმიერ მოქმედებას პასუხობდა და პირველ სეტში მხოლოდ ერთი საკუთარი მოწოდების აღების საშუალება მისცა - 6:2.

მეორე სეტში ფრანგმა დიდი გაჭირვებით გაძლო მეცხრე გეიმამდე, მაგრამ ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, რითაც მატჩი მეტოქეს ჩააბარა. შეიძლება ითქვას, რომ ნოვაკი მიღებაზე სასწაულებს სჩადიოდა: მთელი მატჩის განმავლობაში, ცონგამ მეორე მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა აიღო 25-დან.

ჯოკოვიჩმა "მშრალი" ანგარიშით აიღო ბოლო გეიმი და "მასტერსის" სერიის ტურნირებზე 25-ე გამარჯვება მოიპოვა. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო როჯერ ფედერერს და ორი ტიტულით ჩამორჩება რეკორდსმენს რაფაელ ნადალს.

1/4 ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 16)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 12) 7:6(6), 5:7, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 8)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 6:2, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 7:6(6), 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:1, 6:3.

1/2 ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 16)-რაფაელ ნადალი (ესპ, 8) 6:4, 0:6, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:1, 6:3.

ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 16) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული