2015 წლის სეზონი ნამდვილ ბენეფისად იქცა ჯოკოვიჩისთვის. თითქოს, 2011 წლის წარმატების გამეორება შეუძლებელი იყო, მაგრამ 28 წლის სერბმა არა მხოლოდ გააკეთა ეს, არამედ გააუმჯობესა ოთხი წლის წინანდელი შედეგი.
დოჰაში იანვრის ტურნირის შემდეგ, ჯოკოვიჩს ფინალამდე არსად წაუგია და 14 გადამწყვეტი მატჩიდან ათი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
პარიზში ტიტული მეექვსე იყო ჯოკოვიჩისთვის "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ამ სეზონში, რაც აბსოლუტური რეკორდია. ხუთ-ხუთი ტურნირი ჰქონდათ
ნახევარფინალში ნოვაკის მეტოქე იყო ჩოგბურთელი, ვინც ამ სეზონში სერბს ყველაზე მტკივნეული მარცხი აგემა - როლან გაროსის ტრიუმფატორი სტენ ვავრინკა. ისე გამოვიდა, რომ სტენი ერთადერთი აღმოჩნდა პარიზში, ვინც ჯოკოვიჩს სეტი მოუგო.
შვეიცარიელმა შეძლო მეორე სეტში გარდატეხის შეტანა და 6:3 მოგება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნოვაკმა ძალიან მოუმატა. ის ვავრინკას რამდენიმე შეცდომას დაუდარაჯდა, სტარტზე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ შეუჩერებელი იყო - 6:0.
მეორე ნახევარფინალში როჯერ ფედერერს ელოდნენ, მაგრამ მან ჯონ ისნერს ვერ გაუძლო მესამე წრეში. ფინალის საგზური გაითამაშეს ენდი მარეიმ და პარიზის "მასტერსის" 2012 წლის ჩემპიონმა, ესპანელმა დავიდ ფერერმა. ბრიტანელმა სამი ბრეიკით მეტი გააკეთა და 6:4, 6:3 მოიგო.
ფინალში ენდიმ ვერაფერი მოუხერხა სერბის ფენომენალურად საიმედო თამაშს. მართალია, მარეიმ ორჯერ მეტი "ვინერსი" დააფიქსირა, მაგრამ ამ აქტიურობას მხოლოდ ერთი ბრეიკი მოჰყვა, იმ დროს, როცა ჯოკოვიჩმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:2, 6:4 სერბის სასარგებლოდ.
ბრიტანელი ამ წაგებისგან ტრაგედიას არ შექმნის, რადგან მთავარი გამოწვევა წინ აქვს - დევისის თასის ფინალი. 27-29 ნოემბერს, გენტში ბელგია ბრიტანეთს გრუნტზე უმასპინძლებს. დღეისთვის, ენდი სწორედ ამ საფარზე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ამ ნაწილში ტურნირები გრუნტზე იმართება.
მარეისთვის პარიზის "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი ტურნირი - მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპებია დევისის თასის ფინალისთვის, რათა ახალი ისტორია შექმას. ბრიტანეთს დევისის თასზე 1936 წლის შემდეგ არ მოუგია. თუ ენდი მოიგებს ერთეულთა ორ თამაშს და წყვილების შეხვედრას - ბრიტანეთის იმპერიის ორდენი და "სერის" ტიტული გარანტირებული ექნება.
აქვე გეტყვით, რომ პარიზის "მასტერსის" შემდეგ, მამაკაცთა რეიტინგის ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა - მარეიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ნადალი კი ხუთეულში შევიდა.
პარიზი. მასტერსი
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:2, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"