ATP World Tour Finals : 43-ე ფედერერმა მოიგო

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, მეორე ტურში ერთმანეთს პირველ ტურში მოგებული ჩოგბურთელები უპირისპირდებოდნენ. შესაბამისად, გაიმართა როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის რიგით 43-ე დუელი. ანგარიში მათ შორის თანაბარი იყო - 21:21. ამასთან, სერბი არასოდეს ყოფილა ამ დაპირისპირებაში წინ.

საერთოდ, ამ სეზონში ისინი უკვე მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიში ჯოკოვიჩის სასარგებლოდ იყო - 4:2.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა მე-12 გეიმამდე ისე მიაღწიეს, რომ არც ერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჯოკოვიჩს პირველ გეიმში ჰქონდა, თუმცა ფედერერმა საფრთხე მოიგერია. ასე რომ, ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა,
მაგრამ როჯერმა სეტბოლებამდე მიაღწია. ერთი სეტბოლი რეიტინგის ლიდერმა მოიგერია, მეორეზე კი მისმა მეტოქემ შესანიშნავი შეტევა ჩაატარა და სასტარტო სეტი აიღო.

მეორე პარტია ჯოკოვიჩმა კიდევ უფრო ცუდად ითამაშა. მან მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა ფედერერმა ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და თავად წააგო საკუთარი გეიმი. მაგრამ, ეს აღმოჩნდა ერთადერთი სუსტი გეიმი შვეიცარიელის შესრულებით. საერთო ჯამში, ის ძალიან სტაბილურად თამაშობდა და მალე ამან გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. 3:2-ზე და 5:2-ზე ფედერერმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და სულ რაღაც საათსა და 17 წუთში მოამთავრა საქმე - 7:5, 6:2.

ჯოკოვიჩმა ამ სეზონში მეექვსე მატჩი წააგო და აქედან სამჯერ მას როჯერმა მოუგო. შვეიცარიელმა შეწყვიტა ნოვაკის სამი შთამბეჭდავი სერია: ზედიზედ 23 მოგება, ზედიზედ 38 მოგება დარბაზებში და ზედიზედ 15 მოგება წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

* * *
უფრო ადრე გაიმართა მატჩი პირველ ტურში წაგებულებს შორის - ტომაშ ბერდიხი კეი ნიშიკორის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი მატჩი ტურნირზე, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

პირველ სეტში უპირატესობა ნიშიკორის ჰქონდა, რომელმაც ხუთი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და მეხუთე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რის შემდეგაც სეტზე წარმატებით ჩააწოდა. ამ პარტიაში, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბერდიხს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

ჩეხს არც მეორე სეტის დასაწყისი გამოუვიდა. მან თავიდანვე "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი მოწოდება. და უცებ, იაპონელის თამაში მთლიანად მოიშალა. ბერდიხმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და მალე სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში თამაში გათანაბრდა. თითქმის ყველა გეიმში დიდი ბრძოლა მიდიოდა. საბოლოოდ, ყველაფერი გადაწყვიტა იშვიათი შანსების რეალიზაციამ. ბერდიხმა ვერ გამოიყენა ბრეიკ-პოინტი მეშვიდე გეიმში, მერვეში კი ნიშიკორიმ ბოლომდე იბრძოლა და გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა - 7:5, 3:6, 6:3.

სტენ სმიტის ჯგუფში ფედერერმა უკვე გაინაღდა ნახევარფინალში თამაში, ამასთან, ჯერ ბერდიხსაც არ დაუკარგავს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.

სტენ სმიტი ჯგუფი
II ტური

კეი ნიშიკორი (იაპ, 8)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 7:5, 3:6, 6:3.
როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:5, 6:2.

სატურნირო მდგომარეობა
1. როჯერ ფედერერი - 2 მოგება/2 წაგება (სეტები - 4:0; გეიმები - 25:13)
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 1/2 (2:2; 19:15)
3. კეი ნიშიკორი - 1/1 (2:3; 18:26)
4. ტომაშ ბერდიხი - 0/2 (1:4; 20:28)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული