ესპანელმა ბრწყინვალედ ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, სამივე მატჩი მოიგო, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან ნახევარფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს გადაეყარა. რაფასა და ნოვაკს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 23:22 იყო ნადალის სასარგებლოდ.
ნოვაკის სასარგებლოდ ის ფაქტი ლაპარაკობდა, რომ პარასკევს მან დაისვენა, ნადალმა კი, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, ორსაათნახევრიანი მარათონი გამართა დავიდ ფერერთან. ამან გავლენა იქონია ნახევარფინალზე.
ესპანელმა
შემდეგ კი სერბი თავადაც გააქტიურდა და ბრწყინვალე სტილში შეასრულა ბრეიკი. ამით, პირველ სეტში ბრძოლა ფაქტობრივად მომთავრებული იყო - 6:3. ეს ანგარიში აბსოლუტურად ასახავს პირველი პარტიის ხასიათს. ჯოკოვიჩის უპირატესობა ძალიან დიდი არ იყო, მაგრამ საკმარისად დამაჯერებელი.
ანგარიშის მიხედვით, მეორე სეტის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა, მაგრამ თამაშის მიხედვით ამას ვერ ვიტყოდით. ნადალი დიდი გაჭირვებით იგებდა საკუთარ მოწოდებებს, ჯოკოვიჩს კი წუთი სჭირდებოდა თავისი გეიმების ასაღებად.
სერბმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მეხუთე გეიმში მიაყენა, როცა მეორე ბრეიკი შეასრულა. თითქოს, ესპანელი ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ მაინც ვერაფერს სთავაზობდა მეტოქეს. შედეგად, მეორე სეტის ანგარიშიც იგივე აღმოჩნდა - 6:3. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც სეზონში 30 მატჩი მოიგო ტოპ-ათეულის წევრების წინააღმდეგ.
* * *
ღამის მატჩში შვეიცარიული დერბი შედგა - როჯერ ფედერერი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. მათ უნდა გაერკვიათ ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე. პირად შეხვედრებში ფედერერი ანადგურებდა თანამემამულეს - 18:3. ბოლო დროს, ვავრინკა ახერხებდა როჯერისთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ, ამჯერად, ლეგენდისთვის ყველაფერმა მარტივად ჩაიარა.
ჩოგბურთელებმა კარგად დაიწყეს საკუთარ მოწოდებაზე. მხოლოდ მე-12 გათამაშებაში შეძლო მიმღებმა ქულის მოპოვება. ეს ვავრინკამ გააკეთა 0:40-ზე, თუმცა ფედერერმა მაინც მოიგო საკუთარი გეიმი. თუმცა შემდეგ ჩაწოდებაზე როჯერს არ გაუმართლა - ორჯერ ბადემ შეუშალა ხელი. ვავრინკამ ბრეიკის უპირატესობა მიიღო, მაგრამ სეტის მეორე ნაწილი ცუდად ჩაატარა - შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. შედეგად, ფედერერმა არა მხოლოდ მოასწრო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, არამედ ტაი-ბრეიკამდეც არ მიიყვანა საქმე - 7:5.
წინა მატჩისგან განსხვავებით, გრძელი გათამაშებები არ ყოფილა. ფედერერი სწრაფად თამაშობდა და ხშირად გადიოდა ბადესთან - 32 ასეთი შემთხვევიდან 24 ქულა აიღო. ვავრინკას საკუთარი მოწოდების იმედი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს იარაღიც არ მუშაობდა.
მეორე პარტიის დასაწყისი მისთვის კატასტროფული გამოვიდა - 0:3 და 15:40. სტენმა გადაარჩინა მეოთხე გეიმი, მაგრამ ამას თამაშის სურათი არ შეუცვლია. როჯერი საიმედოდ მოქმედებდა და ბოლო ორი გეიმი მატჩში "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 7:5, 6:3.
ასე რომ, ლონდონში ჯოკოვიჩი და ფედერერი მეორედ უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს. ჯგუფში შვეიცარიელმა შეძლო სერბის დამარცხება, თუმცა გადამწყვეტი მატჩის წინ, მაინც ფავორიტად რჩებოდა.
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 6:3, 6:3.
როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 7:5, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"