სოფიო ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირში გამოსვლა წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი ჩაება.

შესანიშნავად ითამაშა სოფიო ქვაცაბაიამ. ერთეულებში მან სტარტზე მასპინძელი სევენ ორალი დაამარცხა - 6:2, 6:1 და მეორე წრეში სატსუკი ტაკამურას (იაპონია) მძლეველ (6:4, 4:6, 6:0) ანასტასია ვდოვენკოს (მოლდოვა) დაუპირისპირდება.

ქვაცაბაიამ წარმატებას მიაღწია წყვილებშიც: გერმანელ ჯულიეტა მარია სტელერთან შეამხანაგებულმა ასპარეზობის მეორე ნომრები: ალონა ფომინა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) დაჯაბნა - 6:4, 6:2.

ქართულ-გერმანული დუეტი მეოთხედფინალში მარლის ზუპერსა (ავსტრია)
და იანეკ ვიკერინკს (ჰოლანდია) შეხვდება. ამ ტანდემმა გზიდან სევენ ორალი (თურქეთი) და ალექსანდრა სტახანოვა (უზბეკეთი) ჩამოიშორა - 6:2, 6:3.

თანამემამულეს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ: ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში ბელორუს ალინა ზუბკოვასთან ერთად შეჯიბრების რეიტინგფავორიტებთან - დია ეფტიმოვასა (ბულგარეთი) და მელის სეზერთან (თურქეთი) დამარცხდა - 3:6 5:7.

ერთეულებში გორგოძე დღეს ქრისტინა შაკოვეცთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
იაპონიის 75.000-იან ტურნირში ასპარეზობს სოფიო შაფათავა. რუს ქსენია ლუკინასთან ერთად მე-4 ნომრად განთესილი ჩვენებური გუშინ ელის მერტენსისა (ბელგია) და ანკიტა რაინას (ინდოეთი) დუეტთან ვერას გახდა - 2:6, 4:6.

შაფათავას დღეს ერთეულებში მიეცემა რევანშის შანსი - პირველ წრეში მეხუთე ნომერ მერტენსს გაუწევს მეტოქეობას.

* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირე ხნით შესვენების შემდეგ დღეს კვლავ ჩაებმება შეჯიბრებაში.

საერთაშორისო კლასიფიკაციით 104-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური ამჟამად იტალიაში იმყოფება, ანდრიას ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42.500 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე იგი რეიტინგში 201-ე ადგილზე მყოფ ირლანდიელს - ჯეიმს მაგკის შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული