ჩრდილოამერიკელისგან დიდი ხანია ელოდებიან უკვე კარგა ხნის წინ გაცემული ავანსების გამართლებას და, შესაძლოა, ეს სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდეს. რაონიჩმა წლის დასაწყისში ბრისბენის ტურნირი მოიგო, თან ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა, გუშინ კი მეორე შვეიცარიელი ვარსკვლავიც ჩამოიცილა გზიდან.
შეხვედრა სამი საათი და 44 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც მილოშმა 82
პირველი სეტი თითქმის თანაბარი იყო. პირველმა რვა გეიმმა ისე ჩაიარა, რომ არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ დაფიქსირებულა. რაონიჩმა პირველი ასეთი შანსი მეცხრე გეიმში მიიღო და გამოიყენა კიდეც, რის შემდეგაც, სეტზე ჩააწოდა. სამაგიეროდ, მეორე პარტიაში უხვად იყო ბრეიკები. ჯერ ვავრინკამ მოახერხა 2:0 დაწინაურება, მაგრამ ამის შემდეგ, ერთბაშად სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და რაონიჩმა სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში.
რაონიჩის ასეთი თამაშის შემხედვარე, თითქოს მისი შეჩერება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ვავრინკამ დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, კანადელს მესამე სეტში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, სტენმა კი 5:5-ზე მესამე ცდიდან შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რის შემდეგაც სეტზე ჩაწოდება პრობლემა აღარ ყოფილა.
მეოთხე სეტი მარათონული გეიმით დაიწყო, რომელშიც შვიდჯერ დაფიქსირდა "თანაბარი" და 20 ქულა გათამაშდა. ვავრინკამ ვერ შეძლო ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, შემდეგ კი ორი ასეთი საფრთხის მოგერიება თავად მოუწია მეოთხე გეიმში. ყველაფერი მომდევნო გეიმში გადაწყდა, რომელშიც შვეიცარიელმა ბრეიკი შეასრულა.
სტენს დიდი ჯაფა დაადგა ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად მერვე გეიმში, როცა მილოშმა სამი შანსი ვერ გამოიყენა ანგარიშის გასათანაბრებლად. ვავრინკა გადარჩა და შემდეგ "მშრალი" ანგარიშით მოიგო ბოლო გეიმი.
ფსიქოლოგიური უპირატესობა, რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი ვავრინკას მხარეს იყო. მაგრამ რაონიჩი გაუმკლავდა ნერვებს. კანადელმა მაქსიმალური კონცენტრაცია მოახერხა და მეხუთე სეტი ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ მისცა მეტოქეს. მატჩის კულმინაცია მეექვსე გეიმი იყო.
ჩოგბურთელებმა 11 ქულა გაითამაშეს, რომლის დროსაც მილოშმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო და მეორე შანსი გამოიყენა. ვავრინკა მატჩის კიდევ ერთხელ შემომბრუნებელი არ ჩანდა. რაონიჩის გეიმებში ბრძოლა თითქმის აღარ იყო და მატჩზე ჩაწოდებისას, კანადელმა "მშრალი" ანგარიშით აიღო გეიმი.
25 წლის რაონიჩი ამ მოგებით ერთგვარად ისტორიაში შევიდა. ის გახდა პირველი კანადელი ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მეოთხედფინალში გასულა.
გაცილებით იოლად მოიგო რაონიჩის მომავალმა მეტოქემ გაელ მონფილსმა. მან ორ საათსა და 37 წუთში 44 "ვინერსი" და 14 ეისი შეასრულა რუსი ანდრეი კუზნეცოვის წინააღმდეგ - 7:5, 3:6, 6:3, 7:6(4). ფრანგის ანგარიშზე შვიდიდან სამი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი მოდის. აღსანიშნავია, რომ მონფილსი კარიერაში პირველად გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში.
* * *
ბოლო მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს ენდი მარეიმ და დავიდ ფერერმა. მათ სამ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები.
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დაამტკიცა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელების რისხვაა - ენდიმ ზედიზედ მეჩვიდმეტედ დაამარცხა ამ ქვეყნის წარმომადგენელი. ამჯერად, მარეის მსხვერპლი ბერნარდ ტომიჩი აღმოჩნდა. შეხვედრა ორი საათი და 30 წუთი გაგრძელდა - 6:4, 6:4, 7:6(4).
სხვათა შორის, ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. პირველ სეტში ხუთი ბრეიკი დაფიქსირდა, მეორეში კი პირველ ექვს გეიმში ვერც ერთმა ვერ შეძლო საკუთარი მოწოდების აღება.
რაც შეეხება ფერერს, მას ტაი-ბრეიკამდეც არ მიუყვანია საქმე ჯონ ისნერის წინააღმდეგ. ესპანელი თითქმის იდეალური იყო მოწოდებაზე: პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი აიღო, მეორეთი - 74 პროცენტი. დავიდი ბრწყინვალედ იყენებდა ბრეიკ-პოინტებს - სამიდან სამი აიღო, ისნერმა - სამიდან ნული. შეხვედრა ორი საათი და ოთხი წუთი გრძელდებოდა - 6:4, 6:4, 7:5.
მარეისა და ფერერს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 15:6 ბრიტანელის სასარგებლოდ. ენდის 2011 წელს, ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში ჰყავს დამარცხებული ესპანელი.
კაცები
1/8 ფინალი
მონფილსი (საფ, 23)-კუზნეცოვი (რუს) 7:5, 3:6, 6:3, 7:6(4)
რაონიჩი (კან, 13)-ვავრინკა (შვეიც, 4) 6:4, 6:3, 5:7, 4:6, 6:3
ფერერი (ესპ, 8)-ისნერი (აშშ, 10) 6:4, 6:4, 7:5
მარეი (ბრიტ, 2)-ტომიჩი (ავსტრა, 16) 6:4, 6:4, 7:6(4)
1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიშიკორი (იაპ, 7)
ფედერერი (შვეიც, 3)-ბერდიხი (ჩეხ, 6)
მონფილსი (საფ, 23)-რაონიჩი (კან, 13)
ფერერი (ესპ, 8)-მარეი (ბრიტ, 2)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"