ავსტრალიის ღია პირველობა: აზარენკამ ვერ გაამართლა

AutoSharing Option
ვიქტორია აზარენკამ წლის დასაწყისში ისე მოხიბლა ყველა თავისი თამაშით, რომ მას ავსტრალიის ღია პირველობის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილავდნენ.

ბელარუსმა მეოთხედფინალამდე ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წააგო და უფრო მეტიც, არც ერთ პარტიაში ოთხზე მეტი გეიმი არ დათმო. ბელგიელმა ლეგენდამ კიმ კლაისტერსმა ვიქტორიას მთელი ტურნირის მთავარი ფავორიტი უწოდა.

ნახევარფინალში გასასვლელად, აზარენკას გერმანელი ანჟელიკ კერბერის დამარცხება სჭირდებოდა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:0-ს უგებდა. ასე რომ, ამ მატჩს ბელარუსი აშკარა ფავორიტის რანგში ხვდებოდა, მით უმეტეს, კერბერი ვერ ბრწყინვადა წინა მატჩებში საშუალო დონის
მეტოქეებთან.

მიუხედავად ამისა, გერმანელი უკეთ შევიდა თამაშში და სტარტზე აზარენკას მოწოდება "მშრალი" ანგარიშით აიღო. შემდეგ გეიმებში ბრძოლა იყო, მაგრამ ყველას კერბერი იგებდა და ის 4:0 დაწინაურდა. ანჟელიკს მესამე ბრეიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა აზარენკამ 0:30-დან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება და, როგორც იქნა, თავისი თამაში იპოვნა.

ის ჯობდა მეტოქეს უკანა ხაზზე და ამის წყალობით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 3:4, მერვე გეიმში კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ეს გეიმი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო: აზარენკას შეეძლო ანგარიშით გათანაბრება, კერბერს კი ჩავარდნა უნდა გადაელახა. და ამ მნიშვნელოვან მომენტში, გერმანელმა შეძლო ორი ეისის ჩაწოდება და საკუთარი გეიმის მოგება. მომდევნო გეიმში აზარენკამ სამი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ გერმანელმა მაინც მიაღწია საწადელს - 6:3.

ამ შედეგის მიუხედავად, იგრძნობოდა, რომ აზარენკა თანდათან ეუფლებოდა ინციატივას. ბელარუსი გაცილებით სტაბილურად ათამაშდა და რამდენიმე თანაბარი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა. შედეგად, 5:2-ზე სეტზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო. და სწორედ აქედან მოყოლებული, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. გერმანელმა პირველ ნომრად თამაში აირჩია.

აზარენკა სულაც არ მოდუნებულა და პარტიის მოგების არაერთი შანსი მიიღო. მიღებაზე სამმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ კერბერმა გადაარჩინა გეიმი, მეორედ სეტზე ჩაწოდებისას კი ვიქტორიამ ორ სეტბოლი მიიღო და ეს შანსიც ვერ გამოიყენა. გერმანელმა თავისი თამაში დაიჭირა და მისი შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ანჟელიკმა ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა - 6:3, 7:5. კერბერისთვის ეს არის "დიდი სლემის" ტურნირებზე მესამე ნახევარფინალი, თუმცა ფინალამდე მას ჯერ არასოდეს გაუღწევია.

* * *
გერმანელის მეტოქე უცნაურ მეოთხედფინალურ წყვილში ირკვეოდა - შუაი ჟანგი იოჰანა კონტას წინააღმდეგ. ჩინელის გამოსვლა ამ ტურნირზე ნამდვილი სენსაცია გახდა, რადგან მანამდე, "დიდი სლემის" ტურნირებზე 14-დან 14-ჯერ ჰქონდა წაგებული პირველი წრე. მას კვალიფიკაციის თამაში მოუწია და გადამწყვეტ რაუნდში ძლივს მოუგო ვირჟინ რაზანოს (მესამე სეტი - 8:6).

ძირითად ბადეში კი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჰალეპი, კორნე, ლეპჩენკო და კისი, რითაც ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ავსტრალიაში კვალიფიკაციიდან მიაღწია მეოთხედფინალამდე.

რაც შეეხება კონტას, ბოლო პერიოდში მან გარკვეულ პროგრესს მიაღწია და შარშან, ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხე წრემდეც კი გავიდა. ავსტრალიაში კი განავრცო თავისი წარმატება და ტურნირის მსვლელობისას ვინუს უილიამსსა და ეკატერინა მაკაროვას მოუგო.

საინტერესოა, რომ კონტა ავსტრალიაშია დაბადებული და ბრიტანეთში მოგვიანებით გადასახლდა. მან მოახერხა მაკაროვასთან სამასაათიანი მარათონის შემდეგ ძალების აღდგენა და მეოთხედფინალში შესანიშნავი თამაში აჩვენა. ჟანგი იბრძოდა, მაგრამ მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველ პარტიაში მან ერთხელ სეტზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს, მაგრამ კონტამ მეორე ცდაზე მიაღწია საწადელს. მეორე სეტში კი ბრიტანელის უპირატესობა უკვე აშკარა იყო - 6:1.

კონტა პირველი ბრიტანელი ქალია 1983 წლის შემდეგ, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 33 წლის წინ, აშშ-ის ღიას ოთხ საუკეთესოს შორის ჯო დიური მოხვდა.

ქალები
1/4 ფინალი

კერბერი (გერ, 7)-აზარენკა (ბლრ, 14) 6:3, 7:5
კონტა (ბრიტ)-ჟანგი (ჩინ) 6:4, 6:1

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ა. რადვანსკა (პოლ, 4)
კერბერი (გერ, 7)-კონტა (ბრიტ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული