შარშან, კერბერმა ოთხი ტიტული მოიგო, მაგრამ "დიდ სლემზე" კატასტროფულად არ უმართლებდა - ოთხიდან ვერც ერთ ტურნირზე ვერ შეძლო მესამე წრეზე შორს გასვლა.
ფინალისტთა ურთიერთშეხვედრებში სერენა წინ იყო - 5:1. გერმანელმა ამერიკელი ერთადერთხელ 2012 წელს, ცინცინატის ტურნირზე დაამარცხა, მათი ბოლო შეხვედრა კი საკმაოდ
"დიდ სლემზე" თავისი პირველი ფინალის წინ, კერბერი აცხადებდა, რომ დასაკარგი არაფერი აქვს, სერენამ კი თქვა, რომ კოლოსალური გამოცდილების მიუხედავად, ნერვიულობა თავიდან ვერ მოიშორა.
ფინალის პირველივე გეიმში სერენა უილიამსმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი მოწოდება, რითაც დაადასტურა ფავორიტის სტატუსი. მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი მართლაც არ იყო სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარებაში.
ის ძალიან ბევრს ცდებოდა (პირველ პარტიაში 23 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა) და ცუდად ასრულებდა პირველ მოწოდებას (სიზუსტე 45 პროცენტი). საკმარისია აღნიშნოს, რომ ამერიკელმა პირველი ეისი მატჩში მეორე სეტის შუაში შეასრულა.
მესამე გეიმში, ამერიკელმა სამი ბურთი გაუშვა აუტში, რითაც კერბერმა პირველი ბრეიკი შეასრულა. მართალია, მეექვსე გეიმში სერენამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ორი შეცდომის შემდეგ, კერბერს ისევ გაკეთებინა ბრეიკი.
გერმანელი ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და დამაჯერებლად მოქმედებდა. პირველ სეტზე მოწოდებისას, მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო გეიმი - 6:4.
მეორე პარტიის სტარტიდანვე, პირველმა ჩოგანმა თამაში დაალაგა. გამოსწორდა მოწოდება და შემცირდა შეცდომების რაოდენობა (მხოლოდ 5 მეორე სეტში). რა თქმა უნდა, ამან შედეგზე გავლენა იქონია: მეოთხე გეიმში სერენამ ბრეიკი შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა. კერბერს მთელი პარტიის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ანგარიში მატჩში გათანაბრდა.
გადამწყვეტი პარტიის წინ, გერმანელმა მცირე პაუზა აიღო და ეს აშკარად მოუხდა. კერბერი კორტზე მშვიდი და კონცენტრირებული დაბრუნდა და დამაჯერებლად მოიგო თავისი მოწოდება. ამას მოჰყვა მეტოქის მოწოდების "ნულზე" მოგება - 2:0.
იქვე სერენა გამოცოცხლდა. მან მაშინვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ერთი წუთის შემდეგ, ანგარიში უკვე თანაბარი იყო - 2:2. მაგრამ ამერიკელის აფეთქება ხანმოკლე აღმოჩნდა. აქ უნდა შევაქოთ კერბერი, რომელმაც მცირე ჩავარდნის უფლებაც არ მისცა საკუთარ თავს.
საინტერესო გამოდგა მეექვსე გეიმი, რომელშიც სერენა 2:3-ზე აწვდიდა. ის 11 წუთი გაგრძელდა და ანგარიში ოთხჯერ "თანაბარი" იყო.
მეხუთე ცდიდან კერბერმა მაინც შეასრულა ბრეიკი, შემდეგ კი "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი - 5:3. მეცხრე გეიმში კი, როცა გერმანელი ტიტულზე აწვდიდა, ამერიკელმა საკუთარი ზუსტი დარტყმებით დაიბრუნა დაკარგული მოწოდება - 4:5.
ეს შეიძლებოდა თამაშში გარდატეხა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. საკუთარ გეიმში სერენა 0:30 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ სამი ქულა აიღო და გეიმბოლი მოიპოვა.
თუმცა შემდეგი ორი გათამაშება ანჟელიკს დარჩა - უილიამსმა ორჯერ აუტში გაუშვა ბურთი. ასე რომ, კერბერმა პირველი მატჩბოლი მოიპოვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა. სერენა ბადესთან გავიდა და... შეცდა. ბურთი კორტს აცდა და გერმანელი, რომელსაც საკუთარი ბედნიერების არ ეჯერა, კორტზე დაეცა - 6:4, 3:6, 6:4.
კერბერმა, რომელმაც პირველ წრეში იაპონელ მისაკი დოისთან მატჩბოლი მოიგერია, კარიერაში პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. საკუთარი თავის გარდა, მან შტეფი გრაფიც გაახარა, რომელთანაც მთელი ტურნირის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი. სხვათა შორის, კერბერი პირველი გერმანელი ქალია გრაფის შემდეგ, რომელმაც "დიდი სლემის" ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
ყველა ფინალი
ქალები
ანჟელიკ კერბერი (გერ, 7)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 6:4, 3:6, 6:4
ქალები. წყვილები
ჰინგისი/მირზა (შვეიც/ინდ, 1)-ჰლავაჩკოვა/ჰრადეცკა (ჩეხ, 7) 7:6(1), 6:3
მიქსტი
ვესინა/სოარეში (რუს/ბრა, 5)-ვანდევეგე/ტეკაუ (აშშ/რუმ) 6:4, 4:6, 10:5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"