ასეთი სხვაობის მიუხედავად, ბელარუსი ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო ამერიკელისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ ვიქტორიამ სერენაზე სამივე გამარჯვება ფინალებში მოიპოვა, თანაც ყველა ჰარდზე. და თუ ახლაც მოიგებდა, გახდებოდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც უმცროსი უილიამსი ოთხჯერ ეყოლებოდა დამარცხებული გადამწყვეტ მატჩებში.
თამაში სერენამ დაიწყო და მომენტალურად დათმო საკუთარი მოწოდება - ორჯერ უკანა ხაზზე შეცდა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. რეალურად, ამერიკელმა თამაში 0:2-ზე დაიწყო,
მეორე სეტში აზარენკამ განავრცო უპირატესობა. სერენამ საკუთარი მოწოდება ორმაგი შეცდომის შემდეგ დათმო. მომდევნო გეიმში რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ წააგო საკუთარი გეიმი - 0:3. ამის შემდეგ, აზარენკამ ორი თავისი მოწოდება "მშრალი" ანგარიშით მოიგო და ანგარიში გახდა 5:1.
უილიამსმა ყველანარი ნეგატიური ემოცია 0:3-ზე მოიშორა, როცა ერთი წუთის ინტერვალით ორი ჩოგანი დაამსხვრია. თავდაპირველად, ამან ვერ უშველა, მაგრამ 1:5-სა და 15:30-ზე ჩვეული ძალით ათამაშდა. მან ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, შემდეგ აზარენკამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და სერენას მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულებინა, 4:5-ზე კი უილიამსმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ეს იყო მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ამერიკელი 5:5-ს გახდიდა ანგარიშს, დიდი ალბათობით, ის ფინალს მესამე სეტში გადაიყვანდა.
იმ მომენტში სერენა ფლობდა ინიციატივას. მას არაერთხელ ამოუქაჩავს ასეთი მატჩები, თუნდაც აზარენკას წინააღმდეგ, მაგრამ ბელარუსმა შეძლო მობილიზება და მაღალ დონეზე ჩაატარა ზედიზედ ოთხი გათამაშება - 6:4, 6:4. ვიქტორიამ ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ და მეტოქის ბრეიკ-პოინტებზე: ოთხიდან სამი გამოიყენა და 12-დან 11 მოიგერია.
ბელარუსმა დიდი ნახტომი გააკეთა რეიტინგში: მე-15 ადგილიდან მერვეზე გადავიდა, სერენამ ლიდერობას კი ჯერ არაფერი ემუქრება, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ ტურში ამერიკელის ბატონობის ხანა დასასრულს უახლოვდება: მან წელს უკვე მეორე დიდი ტურნირის ფინალი წააგო.
* * *
ქალების ფინალის შემდეგ, მამაკაცებს შორის გადამწყვეტი მატჩის დრო დადგა: ნოვაკ ჯოკოვიჩი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ.
რაფაელ ნადალთან ნახევარფინალში გამოჩნდა, რომ სერბი ტურნირის მსვლელობისას ფორმაში შევიდა და ფინალს კარგად მომზადებული შეხვდა. მას რაონიჩი ხუთიდან ხუთ მატჩში ჰყავდა დამარცხებული, ამიტომაც ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის გამარჯვებაში, თუმცა ასეთ განადგურებას არავინ ელოდა. ფინალში კანადელი მეორე ასეულის მოთამაშეს ჰგავდა, თავად მატჩი კი პირველი წრის თამაშს მოგაგონებდათ.
რაონიჩმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუღია. ამას ისიც დაემატა, რომ კანადელმა ვერ ამუშავა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება.
ჩრდილოამერიკელი აქტიურად თამაშს ცდილობდა, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდა და ნოვაკმა მაშინვე 4:0 წაიყვანა ანგარიში. მან ეს ოთხგეიმიანი უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.
მეორე სეტში მეტოქის დამცირება ახალ დონეზე ავიდა. ჯოკოვიჩი აკეთებდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა, რაონიჩი კი საშინელი იყო მეორე მოწოდებაზე: 30-დან მხოლოდ სამი მოგებული ბურთი! შედეგად, სერბმა ძალიან იოლ გამარჯვებას მიაღწია - 6:2, 6:0.
"მასტერსის" სერიის ტურნირზე ნოვაკმა 27-ედ იმარჯვა და გაუთანაბრდა აქამდე ერთპიროვნულ ლიდერს რაფაელ ნადალს. გარდა ამისა, სერბმა მეხუთედ მოიგო ინდიან უელსის "მასტერსი", რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
ქალები
ფინალი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 6:4, 6:4.
კაცები
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 12) 6:2, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"