მაიამი: ფლორიდაში გადამწყვეტი მატჩებია

AutoSharing Option
მაიამიში ქალმა ჩოგბურთელებმა დაასრულეს მეოთხედფინალური ეტაპი, კაცებში კი ჯერ პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

ტრადიციას არ უღალატა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ზედიზედ მეათედ დაამარცხა ტომაშ ბერდიხი, სულ კი ურთიერთშეხვედრებში ასტრონომიული ანგარიშით უგებს ჩეხს - 23:2.

მათი რიგით 25-ე შეხვედრა საათი და 40 წუთი გაგრძელდა. რეიტინგის ლიდერს თითქმის არ შექმნია პრობლემა, თუ არ ჩავთვლით მეორე სეტში ზურგის არეში მცირე ტკივილს, რის გამოც, სერბს სამედიცინო დახმარებს დასჭირდა.

ნოვაკი ძალიან კარგად იყენებდა ბერდიხის შეცდომებს, რომელიც ჩეხს ჯამში 45 დაუგროვდა. გარდა ამისა, ტომაშს არ მისდიოდა მეორე
მოწოდება - ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეორე მოწოდებაზე გათამაშებული 23 ქულიდან 17 მეტოქეს აჩუქა - 6:3, 6:3.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დავიდ გოფენს შეხვდება, რომელმაც გაიმეორა ინდიან უელსის "მასტერსზე" ნაჩვენები შედეგი და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. საერთოდ კი პირველი ბელგიელი გახდა, ვინც ფლორიდული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

გოფენმა ფრანგი ჟილ სიმონი გამოთიშა ბრძოლას. პირველი სეტი სიმონმა ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მაგრამ მეორე და მესამე პარტიებში ბელგიელი სრულ უპირატესობას ფლობდა და მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ფრანგისთვის - 3:6, 6:2, 6:1.

ჯოკოვიჩი და გოფენი მეოთხედ შეხვდებიან ერთმანეთს. სერბს ბელგიელზე აშკარა უპირატესობა აქვს - 3:0.

* * *
ქალებს შორის მეორე ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ის შეადგინეს ვიქტორია აზარენკამ და ანჟელიკ კერბერმა.

აზარენკა აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას. ინდიან უელსში გამარჯვების შემდეგ, ბელარუსი ზედიზედ მეორე ტიტულს უმიზნებს. ამჯერად, ვიქტორიამ გზიდან ჩამოიცილა ბრიტანელი იოჰანა კონტა.

ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო. კონტამ ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ რეალიზაციაში ჰქონდა პრობლემა - მხოლოდ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება, აზარენკამ კი ეს ორჯერ გააკეთა, რაც შეეხება მეორე სეტს, ბრიტანელს მიღებაზე შანსი აღარ მისცემია და ბრეიკ-პოინტის გარეშე დაასრულა შეხვედრა, აზარენკამ კი სამი ბრეიკი შეასრულა - 6:4, 6:2. ეს იყო ბელარუსის ზედიზედ მე-11 მოგება, რომლის წყალობითაც, ის ახალ რეიტინგში TOP5-ში დაბრუნდება.

საერთოდ, ძალიან რთულია მიყოლებით ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირების მოგება. აზარენკა შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე ქალი ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში მოიგებს ამ ორ ტურნირს. აქამდე ეს გააკეთეს გერმანელმა შტეფი გრაფმა (1994 და 1996) და ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა (2005).

თანადათან უმატებს თამაშს ანჟელიკ კერბერი. ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, გერმანელმა ზედიზედ ორი ტურნირის პირველ წრეში წააგო, აქ კი მერვედფინალში ჰქონდა პრობლემები, როცა ტიმეა ბაბოშთან მატჩის მესამე სეტში 1:3 იყო ჩამორჩენილი.

თუმცა, ამჯერად, კერბერს მცირე წინააღმდეგობა შეხვდა ამერიკელი მედისონ კისისგან. გერმანელს მეტოქის 39 უნებლიე შეცდომა დაეხმარა და ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:2.

საინტერესოა, რომ აზარენკასა და კერბერის ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს ბელარუსს - 6:0.

კაცები
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:3, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-ჟილ სიმონი (საფ, 18) 3:6, 6:2, 6:1.

ქალები
1/4 ფინალი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-იოჰანა კონტა (ბრიტ, 24) 6:4, 6:2;
ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-მედისონ კისი (აშშ, 22) 6:3, 6:2.

1/2 ფინალი
კუზნეცოვა (15)-ბაშჩინსკი (19); აზარენკა (13)-კერბერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
gofeni pirveli belgieli gaxda vinc naxevarfinalshi itamashebso dz qvemotwer esturniri belgiel klaisterssaaq monagebio(qali kaci gansxvavdeba da belgieli belgielia qalic da kacic dametanxmebit albat)
0
სპორტალ არ გეკადრებათ - აბა ავსტრალიაზე მეოტხედფინალში აზარენკა 6-3, 7-5 - ით მე დავამარცხე?
brola*
17:26 01-04-2016
0

სიახლეები პოპულარული