მაიამი: ყველაზე მეტი ტიტული, ყველაზე მეტი ფული

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვიქტორია აზარენკას მიბაძა და მანაც შეძლო ზედიზედ ინდიან უელსისა და მაიამის "მასტერსების" მოგება. ATP-ის ისტორიაში ასეთი რამ სულ ათჯერ მომხდარა შვიდი ჩოგბურთელის მიერ. ამასთან, ჯოკოვიჩი ერთადერთია, ვინც "ამერიკული დუბლი" კარიერაში ოთხჯერ შეასრულა.

კვირას, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ფინალში კეი ნიშიკორის ხვდებოდა და, რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა.

სერბი მაიამიში ბრწყინვალედ თამაშობს - წინა 30 მატჩში 29 მოგება ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ის 28-ე "მასტერსს" მოიგებდა და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდებოდა, გარდა ამისა, ტიტულის მოგებით კარიერაში საერთო ჰონორარის რაოდენობას
98 199 548 დოლარამდე აიყვანდა, რითაც როჯერ ფედერერს გაასწრებდა. და ესეც აბსოლუტური რეკორდი იქნებოდა.

ჯოკოვიჩი მეორმოცედ თამაშობდა "მასტერსის" სერიის ფინალში, ნიშიკორი - მხოლოდ მეორედ. რა თქმა უნდა, გამოცდილების მხრივ, დიდი სხვაობაა, მაგრამ იაპონელმა იცის, როგორ დაამარცხოს ჯოკოვიჩი. სწორედ მან მოუგო სერბს 2014 წლის აშშ-ის ღიას ნახევარფინალში. კიდევ ერთი მოგება ჩვეულებრივ ტურნირზე მოიპოვა, თან გადამწყვეტი სეტი "მშრალი" ანგარიშით აიღო.

მატჩის წინ იაპონელი ამბობდა, რომ ეცდებოდა დიდხანს დაეტოვებინა ბურთი უკანა ხაზზე და მეტოქისთვის საჩუქრები არ მიეცა, მაგრამ პირველ სეტში ეს გეგმა ვერ განახორციელა. მან შესანიშნავად დაიწყო ფინალი და თავიდანვე ბრეიკი შეასრულა, თუმცა იქვე დათმო საკუთარი მოწოდება.

სერბისთვის იაპონელის მოწოდება საკმაოდ მოხერხებული იყო და მიღებაზე მუდმივად პრობლემას უქმნიდა მეტოქეს. ნიშიკორიმ პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 40 პროცენტი აიღო და სიზუსტის პროცენტიც დაბალი ჰქონდა.

პარტიის შუაში პირველი ჩოგანის უპირატესობა აშკარა იყო და მან 4:2 წაიყვანა ანგარიში. მეშვიდე გეიმი ნოვაკმა ცუდად ჩაატარა და საკუთარი მოწოდება დათმო. ნიშიკორიმ შანსი მიიღო, მაგრამ ჯოკოვიჩმა მომდევნო 10 ქულიდან რვა აიღო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში იაპონელმა მოუმატა და იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებებს. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარტია ჯოკოვიჩმა ბრეიკით დაიწყო. სერბმა სეტის ბოლომდე ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მოწინააღმდეგეს, ბოლოს კი მეორე ბრეიკის გაკეთება მოინდომა და მეცხრე გეიმში მოახერხა ეს - 6:3, 6:3.

ჯოკოვიჩმა დამაჯერებლად მოიგო მაიამიში და აქ მეექვსედ მოიპოვა მთავარი პრიზი. ამ მაჩვენებლით ის ანდრე აგასის გაუთანაბრდა და მასთან პირველ ადგილს იყოფს.

კაცები
ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 6) 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული