რეიტინგები: მარეი პირველი ჩოგანია... წყვილებში

AutoSharing Option
მაიამის ტურნირზე ვიქტორია აზარენკამ გააგრძელა თავისი შთამბეჭდავი გარღვევა. ბელარუსმა სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში TOP5-ში შეაღწია. ეს 2014 წლის შემდეგ მისი პირველი მოხვედრაა საუკეთესო ხუთეულში.

ვიქტორიამ იქიდან სიმონა ჰალეპი გამოაგდო. და ის გახდა მხოლოდ მესამე მოთამაშე (შტეფი გრაფისა და კიმ კლაისტერსის შემდეგ), რომელმაც ერთ სეზონში ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირები მოიგო. ამ დუბლმა აგრეთვე საშუალება მისცა, სათავეში ჩადგომოდა "ჩემპიონთა რბოლას".

ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, პირველად შეგვახსენა თავი ანჟელიკ კერბერმა. გერმანელმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც აზარენკას ვერ გაუმკლავდა. აგნიეშკა რადვანსკამ კი
მეოთხე წრეში წააგო ტიმეა ბაშჩინსკისთან.

საბოლოოდ, მეორე ნომრის ცვლილება მოხდა. კერბერმა გაუსწრო რადვანსკას და სერენა უილიამსის უახლოესი მდევარი გახდა. ამერიკელმა ვერ დაიცვა მაიამიში ტიტული და ახლა, მისი უპირატესობა მეორე ადგილთან სამი ათას ქულაზე ნაკლები გახდა, თუმცა ეს მაინც ძალიან ბევრია.

შარშანდელმა ფინალისტმა კარლა სუარეს ნავარომ ადრეულ ეტაპზე წააგო და მეექვსედან მე-11 ადგილამდე დაქვეითდა. ესპანელის წარუმატებლობამ ტოპ-ათეულში დააბრუნა მარია შარაპოვა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობს და თავის საქმეზე ვერდიქტს ელოდება. ეს კი, როგორც ამბობენ, ზაფხულამდე არ მოხდება.

ასევე აღვნიშნავთ, რომ რობერტა ვინჩი პირველად გახდა მსოფლიოს მერვე ჩოგანი გახდა.

* * *
მამაკაცებს შორის, თავისი 28-ე "მასტერსი" მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ინდიან უელსში და მაიამიში, უბრალოდ, შარშანდელი ქულები დაიცვა, სამაგიეროდ, მისმა კონკურენტებმა ითამაშეს ცუდად.

როჯერ ფედერერი საერთოდ არ გასულა კორტზე, ენდი მარეიმ კი ორივე "მასტერსი" მესამე წრეში წააგო. ამის გამო, ნოვაკის უპირატესობა 8715 ქულამდე გაიზარდა! ანუ მარეის ჩამორჩენა ქულების იმ რაოდენობაზე მეტია, რომელსაც "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება იძლევა.

დავიდ გოფენმა ზედიზედ ორი "მასტერსის" ნახევარფინალში ითამაშა და ბელგიელმა მე-13 პოზიციას მიაღწია, რაც მისთვის პირადი რეკორდია. დავიდი 300 ქულაზე ნაკლებით ჩამორჩება რიშარ გასკეს, რომელმაც შეინარჩუნა მეათე ადგილი. ასევე ნახევარფინალში ითამაშა ნიკ კირგიოსმა. ამით, ახალგაზრდა ავსტრალიელმა პირველად შეაღწია ტოპ-ოცეულში. თან მან ბერნარდ ტომიჩს გაუსწრო და ავსტრალიის პირველი ჩოგანი გახდა.

აქვე დავამატებთ, რომ შეიცვალა ლიდერი მამაკაცების წყვილთა თანრიგში. ჯეიმი მარეიმ მაიამიში პირველ წრეში წააგო, მაგრამ მარსელო მელოს მეტი ქულის დაცვა უწევდა. ის მეორე წრეში დამარცხდა და ამის წყალობით, უფროსი მარეი ხუთი ქულით გავიდა წინ.

ჯეიმი გახდა პირველი ბრიტანელი ისტორიაში, ვინც რომელიმე საჩოგბურთო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ის რიგით 48-ე პირველი ჩოგანი წყვილთა კლასიფიკაციაში.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 8 625
2(3). ანჟელიკ კერბერი (გერ) 6 025
3(2). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 775
4(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 831
5(8). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 4 530
6(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 3 785
7(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 763
8(9). რობერტა ვინჩი (იტა) 3 595
9(11). მარია შარაპოვა (რუს) 3 432
10(10). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 340

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 540
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 7 815
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 7 695
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 370
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 995
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 490
7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 630
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 370
9(9). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 130
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 840

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული