მონაკოში მეხი გავარდა: ჯოკოვიჩმა წააგო!

AutoSharing Option
ჩოგბურთელებმა როლან გაროსისთვის დაიწყეს მომზადება. "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირისთვის პირველი რეპეტიცია მონტე კარლოს "მასტერსია", სადაც მეორე წრიდან დაიწყეს ბრძოლა ფავორიტებმა.

ყველაზე დიდ ინტერესს როჯერ ფედერერის გამოსვლა იწვევდა, რადგან შვეიცარიელი პირველ შეხვედრას ატარებდა იანვარის შემდეგ. ბოლოს ლეგენდა კორტზე მელბურნის ნახევარფინალში ვიხილეთ, რის შემდეგაც, როჯერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ორი ამერიკული "მასტერსის" გამოტოვება მოუწია.

მონაკოში პირველ მეტოქედ ფედერერს გილერმო გარსია-ლოპესი ჰყავდა და ეს ბარიერი ძალიან იოლად გაიარა. შვეიცარიელმა 75 წუთში 6:3, 6:4 გაიმარჯვა. ერთადერთხელ საკუთარი მოწოდება მან მეორე სეტში დათმო, როცა
5:2-ზე მატჩზე აწვდიდა.

მოიგეს თავიანთი შეხვედრები ენდი მარეიმ და რაფაელ ნადალმა. სამაგიეროდ, გუშინ მოხდა ორი სენსაცია - ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა ბოსნიელ დამირ ძუმჰუპთან წააგო - 4:6, 7:6(1), 3:6. პირველ და მესამე სეტებში ბოსნიელმა თითო ბრეიკი შეასრულა და კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

კიდევ უფრო ხმაურიანი სენსაცია დღის ბოლოს დაფიქსირდა: მსოფლიოს 55-ე ნომერმა, ჩეხმა ირჟი ვესელიმ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, თან, სრულიად დამსახურებულად.

ვესელიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა პირველი პარტია - საკუთარ მოწოდებაზე ხუთი გეიმიდან სამი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და სულ ორი ქულა დაუთმო რეიტინგის ლიდერს თავის გეიმებში. მეორე სეტში ჩეხმა პარტიის მეორე ნაწილი ჩააგდო - ორჯერ წააგო საკუთარი გეიმი და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი ზედიზედ სამი ბრეიკით დაიწყო, აქედან ორჯერ თავისი მოწოდება ჯოკოვიჩმა წააგო. ვესელი წინ გავიდა და აქცენტი საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე გააკეთა, რაც კარგად გამოუვიდა - სერბს დარჩენილ დროში ერთი ბრეიკ პოინტის შანსიც არ მიუღია და 4:6, 6:2, 4:6 წააგო.

ცნობისთვის, სწორედ ჯოკოვიჩი და ბერდიხი არიან მონტე კარლოს "მასტერსის" მოქმედი გამარჯვებული და ვიცე-ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული