რეიტინგები: მარია შარაპოვასთვის ოცეულიც სანატრელია

AutoSharing Option
ახალი რეიტინგის მთავარი მოვლენა გახდა მარია შარაპოვას გავარდნა ტოპ-ოცეულიდან. რუსმა ჩოგბურთელმა, ცნობილი მიზეზების გამო ვერ შეძლო რომში გამოსვლა, ვერ დაიცვა იქ შარშან მოპოვებული ტიტული და მე-12 პოზიციიდან 24-მდე დაეშვა.

ასე რომ, პირველად 2011 წლის სექტემბერის შემდეგ, მარია აღარ არის რუსეთის პირველი ნომერი, რადგან რომში წარმატებით გამოვიდა სვეტლანა კუზნეცოვა და მან მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ეს არ არის ერთადერთი ცვლილება ტოპ-ოცეულში. როქი შეასრულეს აგნიეშკა რადვანსკამ და ანჟელიკ კერბერმა. პოლონელი რომში არ თამაშობდა, მაგრამ მაინც გაუსწრო გერმანელს და მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა. გარდა
ამისა, სიმონა ჰალეპმა მეორე წრეში წააგო (იცავდა შარშანდელ ნახევარფინალს) და მეექვსე ადგილზე ჩამოვიდა - რუმინელმა წინ გაუშვა ვიქტორია აზარენკა.

უცნაურია, მაგრამ შარშან დიდი ჩოგბურთიდან წასული ფლავია პენეტა ტოპ-ათეულში დაბრუნდა. ეს შარაპოვას კრახის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ასევე დაკარგა პოზიციები პეტრა კვიტოვამ. მან იტალიაში პირველივე წრეში წააგო და ახლა, კლასიფიკაციაში მე-12 ნომერია.
* * *
მამაკაცებს შორის როქი მოხდა მეორე და მესამე ადგილებს შორის. უფრო ზუსტად, ერთი კვირის წინ, ენდი მარეი და როჯერ ფედერერი ერთად მიდიოდნენ, მაგრამ რომში განსხვავებული შედეგები ჰქონდათ. ფედერერს ფინალისთვის ქულების დიდი რაოდენობა ჰქონდა დასაცავი, მარეი კი შარშან, მეორე წრიდან ჩამოშორდა ბრძოლას.

ენდიმ წელს რომში ტიტული მოიპოვა და ქულების თითქმის მაქსიმუმი მიიღო, ფედერერი კი პირიქით, მესამე წრეზე შორს ვერ წავიდა. ასე რომ, ჩოგბურთელები, რომლებიც შვიდი დღის წინ, მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ, ახლა 1400 ქულაზე მეტით არიან ერთმანეთს დაშორებული.

რომში ცუდი გამოსვლის მიუხედავად, მეოთხე ადგილზე დარჩა სტენ ვავრინკა. მისი გასწრება შეეძლო რაფაელ ნადალს, მაგრამ ესპანელი ნახევარფინალში ვერ გავიდა. ასე რომ, როლან გაროსზე რაფას მეხუთე განთესვის ნომერი ექნება და არსებობს იქ უკვე მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან ან მარეისთან შეხვედრის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი ესპანელი დავიდ ფერერი აღარ არის ტოპ-ათეულის წევრი. თებერვლიდან მოყოლებული, ამ ჩოგბურთელმა ვერც ერთ ტურნირზე ვერ მოახერხა მეოთხედფინალამდე მისვლა და 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად გამოვარდა TOP10-დან. სამაგიეროდ, საუკეთესო ათეულში შესვლა მოახერხეს მილოშ რაონიჩმა და რიშარ გასკემ.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 030
2(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 850
3(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 740
4(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 196
5(6). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 4 341
6(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 301
7(7). რობერტა ვინჩი (იტა) 3 505
8(8). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 330
9(10). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 3 150
10(13). ფლავია პენეტა (იტა) 2 963

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 150
2(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 435
3(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 7 015
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 110
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 675
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 470
7(7). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 355
8(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 2 850
9(10). მილოშ რაონიჩი (კან) 2 785
10(12). რიშარ გასკე (საფ) 2 725

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული