საფრანგეთის ღია პირველობა: ნოვაკმა კოლექცია შეავსო

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. ორივენი საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ტიტულისთვის იბრძოდნენ. გარდა ამისა, სერბს შეეძლო მოეპოვებინა კარიერული და არაკალენდარული "დიდი სლემი", რაც "ღია ერაში" არც ერთ სპორტსმენს არ გაუკეთებია.

პირადი შეხვედრების მიხედვით ნოვაკს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა - 23:10. ბოლო 16 მატჩიდან ენდიმ მხოლოდ ორი მოიგო, მათ შორის, ერთი გრუნტის წლევანდელ სეზონში - რომის "მასტერსის" ფინალში.

გადამწყვეტ მატჩამდე გზა ჯოკოვიჩს უფრო იოლი ჰქონდა. სერბს ყველაზე მეტად რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხება გაუჭირდა - ამისთვის
მას ოთხი სეტი დასჭირდა. მარეიმ კი ტურნირი ორი ხუთსეტიანი მარათონით დაიწყო - შტეპანეკთან (აგებდა სეტებში 0:2-ს) და ნაკლებად ცნობილ ფრანგ ბურგთან, თუმცა შემდეგ თანდათან დაალაგა თამაში და ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს სტენ ვავრინკას ძალიან დამაჯერებლად გაუსწორდა.

* * *
ფინალი ჯოკოვიჩის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ეს მისი ერთადერთი გაბრწყინება აღმოჩნდა სეტში. მარეის აშკარად მიჰყავდა თამაში, შესანიშნავად მოქმედებდა უკანა ხაზზე და მოწოდებაც ხშირად ეხმარებოდა. ბრიტანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. ნოვაკი ბევრს ცდებოდა ფორჰენდის შესრულებისას, ბოლო გეიმში მსაჯსაც შეეკამათა, რაც მის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებდა. ამ ყველაფერმა პირველი სეტის წაგება გამოიწვია.

რთული წარმოსადგენი იყო, რომ მარეი მთელს მატჩს ამ დონეზე ჩაატარებდა. ჩავარდნა მას მეორე სეტის სტარტზე დაეწყო. ამასთან, ენდის პირველ გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ, ინიციატივა მთლიანად მსოფლიოს პირველი ჩოგანის მხარეს გადავიდა. ჯოკოვიჩმა დაალაგა თამაში, მარეი კი ძალიან ბევრ დროს ატარებდა დაცვაში. შედეგად, ბრიტანელმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო, ისიც ბრეიკ-პოინტებიდან გადაარჩინა.

ნოვაკმა ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი. ის ძალიან იოლად უსწორდებოდა მსოფლიოს მეორე ნომერს, რომელიც ისევ დაცვაში რჩებოდა. მთელი მესამე სეტის განმავლობაში, ბრიტანელმა მხოლოდ სამი "ვინერსი" შეასრულა (ჯოკოვიჩს 13 ასეთი დარტყმა ჰქონდა).

მარეი ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა. მეორე სეტიდან მოყოლებული, ნოვაკი მას ყველა კომპონენტში ჯობდა. მაგრამ სერბმა ბოლოს მაინც ანერვიულა გულშემატკივარი. 5:2-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა - მარეიმ მესამე ბრეიკი შეასრულა მატჩში და შემდეგ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა 5:4-ზე ჯოკოვიჩმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 3:6, 6:1, 6:2, 6:4.

შეხვედრა სამი საათი და ხუთი წუთი გრძელდებოდა. ჯოკოვიჩმა 4 ეისი შეასრულა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ასევე მის ანგარიშზე იყო 41 "ვინერსი" და 37 უნებლიე შეცდომა. მარეის ანგარიშზეა: 5 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა, 3 ბრეიკი, 23 "ვინერსი" და 38 უნებლიე შეცდომა.

კაცები
1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტიმი (ავსტრია, 13) 6:2, 6:1, 6:4
მარეი (ბრიტ, 2)-ვავრინკა (შვეიც, 3) 6:4, 6:2, 4:6, 6:2

ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარეი (ბრიტ, 2) 3:6, 6:1, 6:2, 6:4

ფინალის ფაქტები
- ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო როლან გაროსი და კარიერული "დიდი სლემი" შეასრულა. "ღია ერაში" ასეთი მიღწევა მხოლოდ ანდრე აგასის, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს აქვთ. "ღია ერამდე" კარიერული "დიდი სლემი"მოუგიათ: ფრედ პერის, დონ ბაჯს, როდ ლეივერსა და როი ემერსონს.

- კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევაა "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის ზედიზედ მოგება (არაკალენდარული "დიდი სლემი"). მამაკაცებში ასეთი რამ 1969 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია. ზედიზედ მოგებული "მეიჯორებით" რეკორდსმენია ამერიკელი დონ ბაჯი - 1937-38 წლებში, ის ზედიზედ ექვს ტურნირზე აღწევდა წარმატებას.

- ენდი მარეის ოთხივე "დიდი სლემის" ტურნირის პირველი ფინალი აქვს წაგებული: 2008 წელს - აშშ-ის ღიაზე, 2010 წელს - ავსტრალიის ღიაზე და 2012 წელს - უიმბლდონზე. სამივე ტურნირზე ბრიტანელი როჯერ ფედერერთან მარცხებოდა. სულ ენდის 10 ფინალი აქვს "მეიჯორებზე" და მხოლოდ ორი გამარჯვება.

- ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში "დიდი სლემის" მე-12 ტურნირი მოიგო, რითაც როი ემერსონს დაეწია და მასთან მეოთხე ადგილს იყოფს. 17 მოგებით ლიდერობს როჯერ ფედერერი, 14-14 ტრიუმფი აქვს რაფაელ ნადალსა და პიტ სამპრასს.

- ჯოკოვიჩი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელია 1992 წლის შემდეგ, ვინც სეზონში "დიდი სლემის" პირველი ორი ტურნირი მოიგო. 24 წლის წინ ეს შეძლო ჯიმ კურიემ.

ასე რომ, ბოლო 24 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩოგბურთელი ინარჩუნებს კალენდარული "დიდი სლემის" შესრულების შანსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდ ლევერმა 1962 _ში და 1969_ში შეასრულა დიდი სლემი, აქედან 1969 წელს უკვე პროფესინალურ დონეზე, ცოტა გადახადეთ წარსულ და ისე წერეთ, რაც შეეხება ჯოკოვიჩის და მარეის ფინალს მე სპეციალურად არ ვუყურე მონოტონური და მოსაწყენი ტენისი, როგორც ჩვევიათ...
musenbazi
01:07 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული