მწვრთნელთა დონის ასამაღლებლად

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამითა და სეოკ-ის დაფინანსებით თბილისში დაიწყო ჩოგბურთში ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელშიც დედაქალაქის, გორის, თელავის, ბათუმის, ბოლნისისა და ქუთაისის 24 წარმომადგენელი მონაწილეობს. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენთან ორი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი _ ხორვატი ჰოვე ზმაჩიკი და პოლონელი პიოტრ უნიერჟსკი მოავლინა. ისინი თეორიულ სწავლებას სასტუმრო `კოლხში~, ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობებს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ჩაატარებენ.

`უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მწვრთნელთა კურსების ორგანიზება ქართული ჩოგბურთის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. დიდი ხანია, მწვრთნელები არ გადაგვიმზადებია, არადა, უამისოდ წინსვლა გამორიცხულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო კეთილი ნების გამოჩენისა და თანადგომისთვის~, _ გვითხრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა.

`ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას სწამს, რომ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებით სპორტის ამ ელიტარული სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან კარგი მწვრთნელები მაღალი კლასის მოთამაშეთა აღზრდის საწინდარია. მე და ჩემი ხორვატი კოლეგა ქართველ პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად არაფერს დავიშურებთ.

ქართველებთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. მინახავს კორტებზე ლეილა მესხის თამაში. დახმარება გამიწევია ირაკლი ლაბაძისთვის, ლადო ჩიხლაძისთვის, ირაკლი უშანგიშვილისა და მაკა ჩახნაშვილისთვის. ქართველ და პოლონელ ხალხებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. მეგობრობდნენ ჩვენი და თქვენი პრეზიდენტები. დარწმუნებული ვარ, თბილისში ახალ მეგობრებს მეც შევიძენ~, _ გვითხრა პიოტრ უნიერჟსკიმ.

კურსები თბილისში 24 ივლისამდე გაგრძელდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული