რეიტინგი: ახალი ამერიკელი ელიტაში

AutoSharing Option
ბალახის სეზონის სტარტის შემდეგ, მთავარი სიახლე გახდა ამერიკელი მედისონ კისის პირველ ათეულში მოხვედრა. აქამდე, მისი რეკორდი იყო მე-16 ადგილი, ხოლო ბირმინგემში ტიტულის მოგების შემდეგ, კისმა ერთბაშად ექვსი პოზიცია მოიგო.

საინტერესოა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში, მედისონი პირველი ამერიკელი დებიუტანტი გახდა ტოპ-ათეულში. თავის დროზე, სლოუნ სტივენსი მივიდა მე-11 პოზიციამდე, აშშ-ის ქალთა ჩოგბურთის ახალი თაობის სხვა წარმომადგენლები კი კიდევ უფრო სუსტად გამოდიოდნენ. სამაგიეროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, WTA-ის რეიტინგის პირველ ათეულში პირველად ვხედავთ სამ ამერიკელს.

გასულ კვირას, მალიორკაშიც იყო ტურნირი, რომელიც კაროლინ
გარსიამ მოიგო. ამან ფრანგს საშუალება მისცა, ბოლო მომენტში მოხვედრილიყო უიმბლდონის განთესილთა სიაში, ხოლო ამ სიიდან ანდრეა პეტკოვიჩი ამოვარდა. ასევე განთესილთა მიღმა დარჩა კაროლინ ვოზნიაცკი, რაც ამ ათწლეულში არასოდეს მომხდარა. სამაგიეროდ, უიმბლდონის პირველ 32 ჩოგბურთელს შორის იქნება კიდევ ერთი ამერიკელი კოკო ვანდევეგე, რომელმაც ბალახის სეზონი ჰერტოგენბოშში ტიტულით დაიწყო, რასაც ბირმინგემში ნახევარფინალი დაუმატა.

* * *
რაც შეეხება მამაკაცთა ტურს, გასულ კვირას ენდი მარეიმ დაიცვა ტიტული ლონდონში, ხოლო როჯერ ფედერერი ზედიზედ მეორე კვირაა სუსტად გამოვიდა და ჰალეს ტურნირზე 320 ქულა დაკარგა. შვეიცარიელს უიმბლდონზე კიდევ უფრო მეტი ქულის დაცვა მოუწევს. ლეგენდა ჩემპიონთა რბოლაში ათეულშიც კი არ შედის, რაც, პირველ რიგში, ტრავმების ბრალია.

ლონდონის ფინალში გასვლამ მილოშ რაონიჩს საშუალება მისცა მეშვიდე ადგილზე გადასულიყო. TOP4-ის წარმომადგენელთაგან არავინ მოისურვებს უიმბლდონის ბადის საკუთარ ოთხეულში კანადელის ხილვას. სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უიმბლდონს განთესვის საკუთარი სისტემა აქვს. განთესილთა სია რეიტინგის მიხედვით დგება, მაგრამ მათ თანმიმდევრობას ადგენენ იმ ქულების მეშვეობით, რომელიც ბალახზეა მოპოვებული.

ასე რომ, შარშანდელი ნახევარფინალისტი რიშარ გასკე განთესვის TOP8-ში მოხვდა, ნიკ კირიგიოსი და ჟილ სიმონი კი TOP16-ში არიან ბალახზე წარმატებული თამაშის წყალობით. გარდა ამისა, ივო კარლოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი TOP24-ში მოხვდნენ. ამასთან, ჰალეს ტურნირის სტარტამდე ზვერევი განთესვაში საერთოდ ვერ ხვდებოდა, მაგრამ საშინაო ტურნირის ფინალში გასვლით, 38-დან 28-ე ადგილამდე გადავიდა.

გასულ კვირას ყველაზე დიდ პროგრესს ჰალეს გამარჯვებულმა ფლორიან მაიერმა მიაღწია. ტურნირის სტარტამდე ის 192-ე ნომერი იყო და ძირითად ბადეში მხოლოდ დაცული რეიტინგის წყალობით მოხვდა. ახლა მან მე-80 ადგილამდე მიაღწია. ფლორიანი მეოთხე ჩოგბურთელია ამ სეზონში, ვინც კარიერაში პირველად მოიგო ATP-500-ის ტურნირი. მანამდე ეს შეძლეს კლიჟანმა, კუევასმა და ტიმმა.

* * *
წყვილთა რეიტინგში ნიკოლა მაუმ მხოლოდ ერთი კვირა შეძლო რეიტინგის პირველ საფეხურზე ადგილის შენარჩუნება. ორშაბათს, მას გაუსწრო ჯეიმი მარეიმ. ნიკოლამ შეძლო ლონდონში წყვილებში მოგება, მაგრამ მხოლოდ შარშანდელი ქულები დაიცვა.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 950
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 915
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 6 425
4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 335
5(5). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 035
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 155
7(9). მილოშ რაონიჩი (კან) 3 175
8(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) 3 175
9(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 2 950
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 905

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 8 330
2(2). გარბინ მუგურუსა (ესპ) 6 776
3(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 080
4(4). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 330
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 372
6(6). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 4 191
7(7). რობერტა ვინჩი (იტა) 3 405
8(8). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 190
9(9). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 116
10(16). მედისონკისი (აშშ) 3 061

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული