სოფიო ქვაცაბაიამ ბელორუს დარია ჩერნეცოვას აჯობა - 6:3, 7:5 და მერვედფინალში ტადეა მეჟირიჩსა (სლოვენია) და ვალერია სავინიხს (რუსეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
ეკატერინე გორგოძე სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ჩეხ ბარბორა მიკლოვასთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან ჩვენებურები წყვილებში არ მონაწილეობენ.
* * *
რომში, ქალთა 50.000-იან ტურნირში წარმატებით აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ. ერთეულთა შეჯიბრების მეორე წრეში იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სილვია სოლერ-ესპინოზას (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას, წყვილებში უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად მეოთხედფინალში ისინი ურთიერთობას გაარკვევენ კრისტიანა ფერანდოსა (იტალია) და ვიქტორია როდრიგესის (მექსიკა) დუეტთან, რომელმაც გუშინ მასპინძლები - ჯორჯია მარჩეტი და მარია მასინი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.
* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანული მარბურგის ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) ცდიდა ძალებს, მაგრამ მე-2 ნომრად განთესილი ჩვენებური პირველივე წრეში მიშა ზვერევთან (გერმანია) დამარცხდა - 2:6, 6:4, 6:7 და ტურნირს დაემშვიდობა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"