უიმბლდონი: ორი უილიამსი და დანარჩენები

AutoSharing Option
გუშინ, უიმბლდონზე ქალთა მეოთხედფინალების დღე იყო და ოთხივე მატჩში ორ სეტში გაირკვა ყველაფერი.

ცენტრალური შეხვედრა, რა თქმა უნდა, ანჟელიკ კერბერისა და სიმონა ჰალეპის დაპირისპირება იყო. გერმანელმა და რუმინელმა ტიპური "ქალთა" ჩოგბურთი ითამაშეს.

პირველი სეტის პირველი გეიმი კერბერმა საკუთარ მოწოდებაზე მოიგო და ამის შემდეგ, ორივესთვის დიდი პრობლემა გახდა თავისი გეიმის აღება. დაფიქსირდა ზედიზედ 8 (!) ბრეიკი და გერმანელმა 5:3-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა. 5:4-ის შემდეგ, ჩოგბურთელებმა საკუთარ მოწოდებაზე გეიმები გაცვალეს, რასაც მე-12 გეიმში კერბერის მეხუთე ბრეიკი და პირველი პარტიის მოგება მოჰყვა.

მეორე
სეტის პირველ ხუთ გეიმში მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას, რის შემდეგაც ისევ აურიეს - კერბერი ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით და ორივეჯერ მისცა მეტოქეს დაკარგული მოწოდების დაბრუნების საშუალება. ისევე, როგორც პირველ სეტში, გერმანელმა 5:3-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა და ამჯერად, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

მართალია, მე-13 გეიმში პირველი მინი ბრეიკი ჰალეპმა შეასრულა, მაგრამ შემდეგ, კერბერმა ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და 90 წუთში ნახევარფინალში გასვლა იზეიმა - 7:5, 7:6(2). გერმანელი 2012 წლის შემდეგ, პირველად მოხვდა უიმბლდონის საუკეთესო ხუთეულში.

კერბერის მეტოქე ნახევარფინალში ვინუს უილიამსი იქნება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო მოულოდნელ მეოთხედფინალისტს იაროსლავა შვედოვას. პირველ სეტის შუაში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. მეათე გეიმში, მიღებაზე ვინუსს ერთი სეტბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც ამერიკელი განწირული ჩანდა, როცა 2:5 ჩამორჩა. მაგრამ ვეტერანმა პატარა სასწაული მოახდინა - ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და მე-13 გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში შვედოვას საერთოდ აერია თამაში საკუთარ მოწოდებაზე და ვინუსს სამი ბრეიკი გააკეთებინა, რასაც თავად ერთი ბრეიკით უპასუხა. შესაბამისად, უფროს უილიამსს არ გასჭირვებია კარიერაში მეთორმეტედ უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლა - 7:6(5), 6:2. ცნობისთვის, ვინუსი 2010 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, პირველად არის "დიდი სლემის" ტურნირების საუკეთესო ოთხეულში.

ვინუსის უმცროს დას - სერენა უილიამსს დიდი ბრძოლა დასჭირდა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას დასამარცხებლად. ორივე ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე: პავლიუჩენკოვას არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ ჰქონია, სერენამ კი თითო სეტში თითო ბრეიკ-პოინტი მიიღო - ორივეჯერ მეცხრე გეიმში და ასპროცენტიანი რეალიზაცია აჩვენა.

ამერიკელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოიგო და ახლა, ნახევარფინალში ელენა ვესნინას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში უილიამსმა სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა, ასე რომ, მსოფლიოს პირველ ნომერს ზედიზედ მესამე რუს ჩოგბურთელთან მოუწევს შეხვედრა.

ნახევარფინალები ხუთშაბათს გაიმართება.

ქალები
1/4 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 1)-პავლიუჩენკოვა (რუს, 21) 6:4, 6:4
ვესნინა (რუს)-ციბულკოვა (სლოვაკ, 19) 6:2, 6:2
კერბერი (გერ, 4)-ჰალეპი (რუმ, 5) 7:5, 7:6(2)
ვ. უილიამსი (აშშ, 8)-შვედოვა (ყაზ) 7:6(5), 6:2

1/2 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 1)-ვესნინა (რუს)
კერბერი (გერ, 4)-ვ. უილიამსი (აშშ, 8)
კაცები
ბერდიხი (ჩეხ, 10)-ვესელი (ჩეხ) 4:6, 6:3, 7:6(8), 6:7(9), 6:3

1/4 ფინალი
კუერი (აშშ, 28)-რაიონიჩი (კან, 6)
ფედერერი (შვეიც, 3)-ჩილიჩი (ხორ, 9)
ბერდიხი (ჩეხ, 10)-პუიე (საფ, 32)
ცონგა (საფ, 12)-მარეი (ბრიტ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული