რეიტინგები: სერენას რეკორდები და ახალი კლასიფიკაცია

AutoSharing Option
უიმბლდონის დასრულების შემდეგ, ATP-მ და WTA-მ ახალი რეიტინგები გამოაქვეყნეს, თუმცა, სანამ კლასიფიკაციების მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, ამერიკელი სერენა უილიამსის ახალ რეკორდებზე ვთქვათ...

2016 წლის უიმბლდონი სერენას მორიგი ტრიუმფით დასრულდა. ამერიკელმა შეწყვიტა "დიდი სლემის" ჩემპიონატების ფინალებში წარუმატებელი სერია, რომელიც სულ რაღაც ორი ტურნირი გრძელდებოდა. უიმბლდონის მსვლელობისას, სერენამ რამდენიმე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა.

პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ის, რომ მან "დიდი სლემის" 22-ე ტიტული მოიგო ერთეულებში. ასე რომ, სერენა გაუთანაბრდა შტეფი გრაფის რეკორდს, რომელიც რაღაც მომენტში პრაქტიკულად მიუღწეველი ჩანდა. ახლა, უმცროსი უილიამსი და შტეფი "ღია
ერის" რეკორდს იყოფენ, ხოლო თუ ყველა დროის რეკორდს ავიღებთ, ამ დუეტს მარგარეტ კორტი უსწრებს - მას 24 მოგება აქვს "სლემებზე". თუმცა ეს მიღწევა სერენასთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

უილიამსისთვის ეს იყო მეშვიდე მოგება უიმბლდონზე. ის ამ მაჩვენებლითაც გაუთანაბრდა შტეფი გრაფს. პირველი ადგილი მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნის - 9 მოგება. ასევე მარტინა ლიდერობს "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებული მატჩების რაოდენობით - 306. მაგრამ სერენა მხოლოდ ორი მოგებით ჩამორჩება და ამ რეკორდის დამხობა მისთვის დროის საკითხია. სხვათ შორის, 307 მოგება აქვს როჯერ ფედერერს და მას საინტერესო დაპირისპირება ექნება ამერიკელთან.

გარდა ამისა, სერენამ წყვილთა თანრიგი მოიგო თავის დასთან - ვინუს უილიამსთან ერთად. დებს იდეალური სტატისტიკა აქვთ "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში - 14 მოგება და 0 წაგება. ქალთა წყვილებში მხოლოდ ერთ დუეტს აქვს მოგებული უფრო მეტი "სლემი" - მარტინა ნავრატილოვასა და პემ შრაივერს. მათ ანგარიშზე 20 ტრიუმფი მოდის.

ტიტულები დიდ სლემზე:
1. შტეფი გრაფი - 22
1. სერენა უილიამსი - 22
3. კრის ევერტი - 18
3. მარტინა ნავრატილოვა - 18
5. მარგარეტ კორტი - 11
6. მონიკა სელეში - 9
7. ბილი ჯინ კინგი - 8
8. ივონ გულაგონგი - 7
8. ჟუსტინ ანენი - 7
8. ვინუს უილიამსი - 7

WTA. კერბერი ისევ მეორეა
სერენა უილიამსმა შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ქულები, რაც შეეხება გარბინ მუგურუსას, მას არ გამოუვიდა შარშანდელი ფინალის დაცვა და მეორე ადგილი დაუთმო ანჟელიკ კერბერს. ამასთან, გერმანელი ფინალამდე მივიდა და მუგურუსას ერთბაშად 1000 ქულით გაუსწრო. კერბერმა ვერ შეძლო სეზონში მეორედ უილიამსის დამარცხება, არადა, ფინალის მოგების შემთხვევაში, ამერიკელს 430 ქულამდე მიუახლოვდებოდა. ახლა, ანჟელიკსა და სერენას შორის 1830 ქულაა სხვაობა. შეგახსენებთ, რომ კერბერი ერთხელ უკვე იყო კლასიფიკაციის მეორე ადგილზე, როცა ავსტრალიის ღიაზე შეძლო გამარჯვება.

პირველი ათეული დატოვეს მედისონ კისმა და პეტრა კვიტოვამ. მათი ადგილი კარლა სუარეს-ნავარომ და სვეტლანა კუზნეცოვამ დაიკავეს. ეს უკანასკნელი TOP10-ში 2010 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა.

ქალთა რეიტინგის კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ 96-ე პოზიციამდე დაეშვა მარია შარაპოვა, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო ტოვებდა უიმბლდონს.

ATP. ჯოკოვიჩი მაინც შორსაა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა, ხოლო მისმა უახლოესმა კონკურენტმა ენდიმ მარეიმ მეორედ მოიგო უიმბლდონი. მათ შორის რეიტინგში ისევ დიდი სხვაობაა - ხუთი ათას ქულაზე მეტი.

მილოშ რაონიჩი "დიდ სლემზე" თავის პირველ ფინალში გასვლის მიუხედავად, მაინც მეშვიდე ადგილზე დარჩა, თუმცა კეი ნიშიკორის მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება. შარშანდელმა ნახევარფინალისტმა რიშარ გასკემ ვერ შეძლო ქულების დაცვა და ტოპ-ათეულიდან გავარდა, ხოლო მისი ადგილი მეოთხედფინალისტმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ დაიკავა.

ნახევარფინალამდე მიაღწია ტომაშ ბერდიხმა, რითაც დომინიკ ტიმის გასწრება შეძლო. საკმაოდ მოულოდნელად მეოთხედფინალში გავიდა ლუკ პუიე, არადა, ამ უიმბლდონამდე მას ბალახზე მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ამით ფრანგმა პირადი რეკორდი დაამყარა - 21-ე ადგილამდე გადავიდა. ჯოკოვიჩის მძლეველი სემ კუერი 29-ე ჩოგანი გახდა, თუმცა ის ადრე ტოპ-ოცეულშიც ყოფილა.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 8 330
2(4). ანჟელიკ კერბერი (გერ) 6 500
3(2). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 482
4(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 335
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 792
6(6). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 761
7(8). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 656
8(7). რობერტა ვინჩი (იტა) 3 525
9(9). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 010
10(14). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 2 900

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 15 040
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 10 195
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 5 945
4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 290
5(5). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 720
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 290
7(7). მილოშ რაონიჩი (კან) 4 285
8(9). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 490
9(8). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 175
10(12). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 995

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული