14 ივლისს ერთეულთა თანრიგში მეორე წრის ორთაბრძოლები გაიმართა. მესამე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ უზბეკ აკქულ ამანმურადოვას აჯობა - 6:3, 7:5 და მეოთხედფინალში ბოსნიელ დეა ნერძელასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ეს უკანასკნელი გუშინ მასპინძელ ბერთუ ჩენგიზს ხვდებოდა. პირველი სეტი ბოსნიელმა მშრალად მოიგო, მეორეში თურქმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო კორტზე გასვლა ვერ შეძლო.
გაიმარჯვა ეკატერინე გორგოძემაც - ასპარეზობის მეოთხე ნომერ ვალერია სტრახოვას (უკრაინა) გადაუკეტა მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა - 6:4,
წყვილებში შაფათავა და გორგოძე, რომლებიც პირველ ნომრად არიან განთესილნი, ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდნენ: ჩვენებურთა წინააღმდეგ ბერთუ ჩენგიზსა (თურქეთი) და ანასტასია გასანოვას (რუსეთი) უნდა ეთამაშათ, მაგრამ ბერთუს ტრავმის გამო თურქულ-რუსული წყვილი შეჯიბრებას გამოეთიშა.
შაფათავა და გორგოძე ნახევარფინალში მესამე ნომრად განთესილ ანასტასია კომარდინას (რუსეთი) და ნინა სტოიანოვიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც გუშინ თურქები - აილა აქსუ და მელის სეზერი ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 6:4. მეორე ნახევარფინალში აკქულ ამანმურადოვა (უზბეკეთი), ნათელა ძალამიძე (რუსეთი) და ლინა ჯორჩესკა (მაკედონია), ვალერია სტრახოვა (უკრაინა) გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას.
* * *
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) პირველი ბარიერის წარმატებით გადალახვის შემდეგ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა და ყაზახი იაროსლავა შვედოვა ჩეხებთან - ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუხლასთან დამარცხდნენ - 1:6, 7:5, 4:10. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"