ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის "250" კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალშია. ქართველმა ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად, ჰოლანდიელ იგორ სისლინგს სძლია, თან იმაზე მეტი ჯაფა დაადგა, ვიდრე პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლის დასამარცხებლად.

თამაში სამსეტიანი გამოვიდა. სისლინგმა, რომელიც 115-ეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში, პირველ პარტიაში პირველმა შეასრულა ბრეიკი. ბასილაშვილმა იქვე სცადა უკუბრეიკის შესრულება, როცა 11-გათამაშებიან მეოთხე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სისლინგი პირველი სეტის მოგებისკენ მიდიოდა, მაგრამ ბასილაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა სეტის მეორე ნაწილი. ქართველმა 2:4-დან ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, ზედიზედ ოთხი
გეიმი და მასთან ერთად სეტიც მოიგო - 6:4. ბოლო გეიმი მეტოქის მოწოდებაზე, ნიკამ "მშრალი" ანგარიშით დაასრულა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ უკვე ნახსენები 2:4-ის შემდეგ, რვა გეიმიდან შვიდი ბასილაშვილმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამის ხარჯზე, მეორე პარტიაში ის ბრეიკით დაწინაურდა - 3:1 და თუ საკუთარ მოწოდებას შეინარჩუნებდა, ორ სეტში მოამთავრებდა საქმეს.

მაგრამ სისლინგმა შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ ბასილაშვილმა ჩააგდო მეცხრე გეიმი და ჰოლანდიელს მესამე ცდაზე ბრეიკ-პოინტის გამოყენების საშუალება მისცა. მეათე გეიმში ქართველმა იბრძოლა, ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ სისლინგმა მაინც ჩააწოდა სეტზე - 6:4.

გადამწყვეტი სეტი პირველს ჰგავდა სცენარით. ბასილაშვილმა ისევ ცუდად დაიწყო - პირველ გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მესამე გეიმში კი მაინც დათმო თავისი მოწოდება და მეტოქეს წინ გაჭრის საშუალება მისცა. და როგორც გაირკვა, ეს იყო სისლინგის ბოლო წარმატება მატჩში. ნიკამ ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო, აქედან სამჯერ ბრეიკი შეასრულა და მესამე სეტში 6:2 გაიმარჯვა.

ამ წარმატების მთავარი ფაქტორი იყო ქართველის კარგი თამაში მოწოდებაზე - ჰოლანდიელს დარჩენილ გეიმებში ბრეიკ-პოინტის შანსი არ ჰქონია. მატჩის მშვენება აღმოჩნდა მესამე სეტის მეექვსე გეიმი, რომელშიც 17 (!) ბურთი გათამაშდა, ექვსჯერ იყო ანგარიში "თანაბარი" და ბასილაშვილმა 7 (!) ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მაგრამ მერვე ცდაზე მაინც მოიგო მეტოქის მოწოდება და სწორედ ეს გეიმი აღმოჩნდა გარდამტეხი მატჩში.

თამაში საათი და 42 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ბასილაშვილმა 18 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა, სისლინგმა - 10-დან ოთხი.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიოს 117-ე ნომერს, ჩეხ ადამ პავლაშეკს შეხვდება, რომელმაც გუშინ, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ესპანელი მარსელ გრანოლერსი - 6:2, 6:4.

21 წლის ჩეხი გამოუცდელია - ATP-ის ტურში წელს, როლან გაროსზე ჰქონდა დებიუტი, კიტცბუელის ტურნირი კი მხოლოდ მეორეა მის პროფესიულ კარიერაში. ჩეხმა ბოლო დროს წარმატებით ითამაშა "ჩელენჯებში". მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, პრაღაში მოიგო მთავარი პრიზი, როცა ფრანგი სტეფან რობერი დაამარცხა ფინალში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული