US OPEN 2016. VIII დღე: სიმშვიდე კაცებში

AutoSharing Option
აშშ-ის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ასეთი მეოთხედფინალური წყვილები მივიღეთ:

კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ცონგა (საფ, 9)
პუიე (საფ, 24)-მონფილსი (საფ, 10)
დელ პოტრო (არგ)-ვავრინკა (შვეიც, 3)
ნიშიკორი (იაპ, 6)-მარეი (ბრიტ, 2)

ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა მამაკაცებში. გუშინდელ ოთხ მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. აფიშით, ყველაზე გამორჩეული შეხვედრა იყო ენდი მარეისა და გრიგორ დიმიტროვს შორის.

ბრიტანელს წინა წრეში გაუჭირდა პაოლო ლორენცის წინააღმდეგ და, როგორც ჩანს, იმ მატჩიდან სწორი დასკვნები გამოიტანა. ენდიმ ორ საათში გაანადგურა ბულგარელი - 6:1, 6:2, 6:2. მხოლოდ ხუთი მოგებული
გეიმი - ანტირეკორდია დიმიტროვისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე.

* * *
მარეის მეოთხედფინალში კეი ნიშიკორის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. იაპონელმა პირველი ორი სეტი იდეალურად ითამაშა ივო კარლოვიჩის წინააღმდეგ - თამაშიდან არც ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვია და 26 "ვინერსი" ჰქონდა.

თან, იაპონელი კარგად კითხულობდა 37 წლის ხორვატის მოწოდებას და მისი 17 გასვლა ბადესთან (20-დან) წარმატებული აღმოჩნდა. კეის მცირე ჩავარდნა მესამე სეტში ჰქონდა, სადაც სეტბოლის მოგერიება მოუწია. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც იაპონელი დომინირებდა - 6:0 წაიყვანა ანგარიში და მეხუთე ცდიდან გამოიყენა მატჩბოლი.

* * *
ისევ სეტის წაუგებლად მიიწევს წინ ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც დომინიკ ტიმს ხვდებოდა. წელს, ეს ჩოგბურთელები მადრიდის "მასტერსზე" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და არგენტინელმა ორ სეტში მოიგო. ავსტრიელს რევანშის სურვილი ჰქონდა და კარგად დაიწყო - 3:1.

აქ დელ პოტრომ იგივე ეშმაკობა იხმარა, რაც წინა წრეში - სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, მეტოქის რითმი დააგდო და ინიციატივა მოიპოვა. სამხრეთამერიკელმა მალე გააკეთა უკუბრეიკი, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მოიგო პირველი პარტია.

მეორე სეტის დასაწყისში ტიმმა ბურთის მოგერიებისას მუხლის ტრავმა მიიღო და ცოტა ხანში უარი თქვა თამაშის გაგრძელებაზე. დელ პოტრო (142-ე ნომერი) გახდა ყველაზე დაბალრეიტინგიანი მეოთხედფინალისტი აშშ-ის ღიაზე 1991 წლის შემდეგ, როცა ამ ეტაპზე გავიდა მსოფლიოს 174-ე ჩოგანი ჯიმი კონორსი.

ამ მოგებით, ხუან მარტინმა გაინაღდა რეიტინგის TOP100-ში დაბრუნება, სადაც 2014 წლის შემოდგომის შემდეგ არ ყოფილა.

* * *
დელ პოტროს მეტოქე ირკვეოდა სტენ ვავრინკასა და ილია მარჩენკოს შეხვედრაში. შვეიცარიელს ისევ ჰქონდა კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები. იგებდა პირველ სეტს - 3:0 და მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა. მას შეეძლო სამ სეტში მოემთავრებინა საქმე, მაგრამ მესამე პარტიაში მატჩზე ვერ ჩააწოდა და დათმო ტაი-ბრეიკი. სტენის საბედნიეროდ, მან მოახერხა თამაშში დაბრუნება და მარჩენკოს მეოთხე სეტში შანსი აღარ ჰქონია.

ახლა, ვავრინკას წინ აქვს მატჩი დელ პოტროსთან, რომელთანაც ორი თვის წინ, უიმბლდონზე დამარცხდა. ეს იყო შვეიცარიელის ზედიზედ მეოთხე წაგება არგენტინელთან.

კაცები
1/8 ფინალი
მარეი (ბრიტ, 2)-დიმიტროვი (ბულ, 22) 6:1, 6:2, 6:2
ვავრინკა (შვეიც, 3)-მარჩენკო (უკრ) 6:4, 6:1, 6:7(5), 6:3
ნიშიკორი (იაპ, 6)-კარლოვიჩი (ხორ, 21) 6:3, 6:4, 7:6(4)
დელ პოტრო (არგ)-ტიმი (ავსტრია, 8) 6:3, 3:2 უარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული