US OPEN 2016: IX დღე: ნოვაკმა ცონგაც შეაშინა

AutoSharing Option
პირველი ნახევარფინალისტებ
აშშ-ის ღიაზე გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. გუშინდელი ოთხი შეხვედრის შემდეგ, პირველი ნახევარფინალური წყვილები გაირკვა კაცებისა და ქალების ბადეში: ჯოკოვიჩი-მონფილსი და კერბერი-ვოზნიაცკი.

კაცები
1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ცონგა (საფ, 9) 6:3, 6:2 უარი
მონფილსი (საფ, 10)-პუიე (საფ, 24) 6:4, 6:3, 6:3

ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველაზე იღბლიანი მოთამაშეა მიმდინარე აშშ-ის ღიაზე. სერბმა ისე გააღწია ზედიზედ მეათედ ნიორკული ტურნირის ნახევარფინალში, რომ ჩატარებული ხუთი მატჩიდან სამში ბოლომდე არ მოუწია დახარჯვა.

პირველ წრეში მან ოთხი სეტში მოუგო იეჟი იანოვიჩს, მერვედფინალში სამ სეტში სძლია კაილ ედმუნდს. დანარჩენლ სამ
შეხვედრაში კი მისი მეტოქეები ან მოედანზე არ გადიოდნენ, ან თამაშს ვერ ამთავრებდნენ. ნოვაკს ჯამში კორტზე მხოლოდ ექვსი საათი და 26 წუთი აქვს გატარებული.

ნახევარფინალში გადასასვლელად, ჯოკოვიჩი ძველ მეტოქეს - ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. ეს იყო მათი 22-ე დაპირისპირება და ჟოს მხოლოდ ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ცონგა მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნახევარში გამოიყურებოდა კარგად. მართალია, რეიტინგის ლიდერმა პირველმა შეასრულა ბრეიკი, მაგრამ ფრანგმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ეს იყო და ეს. ჯოკოვიჩმა სეტში მეოთხე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ისევ აიღო მეტოქის მოწოდება, რამაც 35 წუთში პირველ სეტში მოგება მოუტანა.

ცონგას საქმეები კი უკან წავიდა. მან ისევ დათმო მოწოდება, ექიმი გამოიძახა, კიდევ წააგო საკუთარი გეიმი და მიხვდა, რომ ბარძაყის ტრავმით თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მართლაც, სეტნახევარში ფრანგის ანგარიშზე ძალიან ბევრი - 36 უნებლიე შეცდომა მოდიოდა.

მონფილსი: 15-დან 15 მოგებული სეტი
ჯოკოვიჩს ნახევარფინალში კიდევ ერთ ფრანგთან გაელ მონფილსთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც კარიერაში, ალბათ, საუკეთესო ტურნირს ატარებს. ფრანგულ დერბიში მონფილსმა გაანადგურა ლუკა პუიე - 6:4, 6:3, 6:3, თან რამდენიმე პირადი რეკორდი დაამყარა: გაელს ჯერ ტურნირზე სეტი არ წაუგია და ზედიზედ 15 პარტია მოიგო (წინა რეკორდი იყო - 12 სეტი), გარდა ამისა, პირველად გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

აქამდე, ნიუ იორკში მისი საუკეთესო მიღწევა მეოთხედფინალი იყო - 2014 წელს, მონფილსმა როჯერ ფედერერთან წააგო, არადა, სეტებში 2:0 იყო დაწინაურებული და ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა.

პუიესთან მატჩში, გაელმა სამივე სეტის სტარტზე შეძლო ნაადრევი ბრეიკის შესრულება, 13 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 85 პროცენტი აიღო, 34 "ვინერსი" დააფიქსირა და მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება პუიეს, მას აშკარად დაეტყო დაღლა - წინა ოთხ მატჩში მან 12 საათი გაატარა კორტზე, 19 სეტი ითამაშა და ზედიზედ სამ მატჩში ხუთსეტიანი მარათონების გადატანა მოუწია.

მონფილსის წინააღმდეგ, პუიე ბადესთან გასვლებით ცდილობდა თამაშს, ეს 44-ჯერ გააკეთა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ უშედგოდ - მატჩის ბოლოს, 44 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

მონფილსს ნახევარფინალი ელის ჯოკოვიჩის წინააღმდეგ და იქ აშკარა აუთსაიდერია - 12-დან 12 მატჩი აქვს წაგებული სერბის წინააღმდეგ. მაგრამ თუ სასწაული მოხდა და ფრანგი ფინალში გავიდა, ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი წარმატება იყო. როგორც გითხარით, მონფილსს ჯერ სეტი არ წაუგია, ხოლო უიმბლდონიდან მოყოლებული, ფრანგს ამერიკულ ჰარდზე 21 მატჩიდან 19 აქვს მოგებული. ამ სერიაში შედის ვაშინგტონში ATP500-ის ტურნირის მოგება.

თან მონფილსი თავისი კარიერითაც იმსახურებს "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში თამაშს. ამ ჩოგბურთელზე 2004 წლიდან ამყარებდნენ დიდ იმედებს, როცა გაელმა ერთ სეზონში "დიდი სლემის" ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო იუნიორებს შორის, მაგრამ მისი კარიერა ტრავმების გამო ცუდად განვითარდა.

საკმარისია აღინიშნოს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დაზიანების გამო, გაელმა ცხრა "დიდი სლემი" გამოტოვა. და წელსაც თითქმის იგივე სიტუაცია იყო - მონფილსმა ვერ ითამაშა როლან გაროსზე, ხოლო უიმბლდონზე პირველივე წრეში წააგო ინფექციის გამო.

სხვათა შორის, მონფილსი ერთხელ უკვე ყოფილა "დიდი სლემის" ნახევარფინალში. ეს მოხდა 2008 წელს, როლან გაროსზე და მაშინ, ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ფრანგმა როჯერ ფედერერთან წააგო. იქედან მოყოლებული, მონფილსმა კიდევ ექვსჯერ ითამაშა "დიდი სლემის" მეოთხედფინალში, მაგრამ ყველა წააგო და ნავსის გატეხვა მხოლოდ გუშინ მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლოსდაბოლოს, არ მოგბეზრდებათ სპორტ-ექსპრესისგან სათაურების მოპარვა (სხვას თავი რომ დავანებოთ!)? სპორტ-ექსპრესი - „Джокович напугал соперника снова“, ლელო - „ჯოკოვიჩმა ცონგაც შეაშინა“. სახელი და გვარი მაინც არ მიაწეროთ ასეთ სტატიებს!
Teimuraz
21:25 07-09-2016
0
და კიდევ ერთი, თუ მაინცდამაინც ამახინჯებთ გვარს, პუილი მაინც დაწერეთ (ტრანსლიტერაციის პრინციპს მაინც დაიცავთ). პუიეს რუსების მეტი არავინ წერს, ტრანსკრიპციის პრინციპით კი სწორი ფორმა არის პუი. სხვა მეთოდი თარგმანმა არ იცის (ან ტრანსლიტერაციაა, ან ტრანსკრიპცია, რომელიც პრიორიტეტულად ითვლება ქართულში).
Teimuraz
21:27 07-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული