როგორც ჩანს, ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, მორიგი სკანდალი აგორდა. კომპანია TIU-მ, რომელიც პასუხისმგებელია ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებთან და კორუპციასთან ბრძოლაზე, ეჭვი შეიტანა აშშ-ის ღია პირველობის პირველი წრის მატჩში, რომელშიც რუსმა ვიტალია დიატჩენკომ 1:6, 1:6 წააგო შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკსთან.
კომპანია TIU-ში შეტყობინებები შევიდა საბუკმეიკერო კანტორებიდან, რომლებმაც ამ მატჩზე საეჭვოდ დიდი რაოდენობის ფსონებს მიაქციეს ყურადღება. მათი აზრით, თამაშის მიმართ ინტერესი მოსალოდნელზე ათჯერ მაღალი იყო. ფულს ყველა ბაშჩინსკის მოგებაზე დებდა. TIU-მ დაადასტურა, რომ უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
"არ ვიცი რა ვთქვა სინამდვილეში. ჩემს ჩოგბურთს ვთამაშობდი.
იქნებ ხალხმა არც იცოდა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი? პირველ და მეორე სეტში ყველაფერი კანონზომიერი იყო - ასეთია დღეს ჩემი დონე. გაკვირვებულიც კი ვიქნებოდი, ვინმეს ჩემზე თანხა რომ დაედო, რადგან ტრავმის შემდეგ, მხოლოდ მეორე ტურნირს ვთამაშობდი ამ სეზონში", - განაცხადა დიატჩენკომ.
კარგ ფორმაში არც ბაშჩინსკი ყოფილა, რომელმაც მეორე წრეში წააგო ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთან - 4:6, 6:4, 4:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"