აშშ-ის ღია პირველობა. ფინალი: სტანისლავ ვავრინკამ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა

AutoSharing Option
შვეიცარიელმა სტანისლავ ვავრინკამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრაში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო - 6:7 (1:7), 6:4, 7:5, 6:3.

მატჩი 3 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. ვავრინკას ანგარიშზე 9 ეისი, 3 ორმაგი და 51 უნებლიე შეცდომა, 46 "ვინერსი" და 5-იდან 4 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. რაც შეეხება ჯოკოვიჩის სტატისტიკას, სერბის ანგარიშზე 6 ეისი, 7 ორმაგი და 46 უნებლიე შეცდომა, 30 "ვინერსი" და 17-იდან 3 ბრეიკ-პოინტია.

ეს ვავრინკასთვის კარიერაში პირველად მოგებული "აშშ-ის ღიაა". მანამდე შვეიცარიელს ავსტრალიის ღია პირველობასა (2014) და "როლან გაროსზე" (2015) გაუმარჯვია.

"ნოვაკ, შენ დიდი ჩემპიონი ხარ. გილოცავ შენ და შენს გუნდს! ჩვენ არაერთხელ გვითამაშია და გვივარჯიშია და მსურს მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის, რაც ჩოგბურთისთვის გაგიკეთებია.

მადლობა ყველას! ეს არაჩვეულებრივია. აქ რომ ჩამოვედი, ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ტიტულს მოვიგებდი, უბრალოდ, მატჩიდან მატჩამდე ვთამაშობდი. ძალიან რთული შეხვედრები იყო, ახლა კი აბსოლუტურად დაცლილი ვარ. მადლობა ყველას, ვინც ფინალზე მობრძანდით. კორტზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, თამაში კი - ერთი სიამოვნება.

მადლობა ჩემს მეგობარ გოგონა დონა ვეკიჩს, რომელიც წინსვლაში მეხმარება. გმადლობ, რომ მიღებ ისეთს, როგორიც ვარ და ახალი სიმაღლეების დაპყრობაში მეხმარები.

როგორ მოვიგე ზედიზედ 11 ფინალი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. არასდროს დამისახავს მიზნად პირველობა ან მომეგო "დიდი სლემის" ტურნირები. უბრალოდ, ვთამაშობ და ვცდილობ, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო", - თქვა ვავრინკამ დაჯილდოების ცერემონიალზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სტანისლავ არა! სტანისლას! ს :)
გიორგი
13:09 12-09-2016
0
ფედერერთან ჯოკოვიჩის ხსენება უბრალოდ სირცხვილია... წუხელ რაც იკადრა ნოლემ მაგის მერე მისი ავტორიტეტი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა... ვავრინკამ საოცარ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე წუხელ მისი თამაშის ყურებით!!!
musenbezi
12:12 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული