ვავრინკა ტკივილით თამაშობდა
აშშ-ის ღია პირველობის ახალმა ტრიუმფატორმა სტენ ვავრინკამ აღიარა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე რთული ტურნირი იყო."ვცდილობდი თამაშში დავრჩენილიყავი, წინ არ გამეშვა მეტოქე და არ მეჩვენებინა ტკივილი, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს გავუძელი. ეს იყო "დიდი სლემის" ყველაზე მტკივნეული ტურნირი ჩემთვის. უკვე მატჩის დასაწყისში დაღლილობა ვიგრძენი, მესამე სეტში გადაადგილება მიჭირდა, მეოთხე სეტში ტკივილმა წამომიარა. მაგრამ ეს არავის დავანახე და უბრალოდ, გამარჯვებისთვის ბრძოლა გავაგრძელე", - განაცხადა ფინალის შემდეგ ვავრინკამ.
ფინალის წინ
გუშინდელ თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა ვავრინკას უკვე მესამე წრიდან დაეტოვებინა ნიუ იორკის კორტები, როცა ბრიტანელი დანიელ ევანსისგან ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და მეოთხე სეტის ტაი-ბრეიკზე მატჩბოლის მოგერიებაც კი მოუწია. ამის შემდეგ, შვეიცარიელი თითოეულ ეტაპზე სეტს უთმობდა თავის მეტოქეებს, მაგრამ მაინც დაამარცხა ილია მარჩენკო, ხუან მარტინ დელ პოტრო და კეი ნიშიკორი.
რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან უკვე ფინალის შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიაზე აღიარა, რომ არ ჰქონდა ფინალში გასვლის იმედი. სერბს ცუდი ზაფხული გამოუვიდა - ჰქონდა პრობლემები პირად ცხოვრებაში, გარდა ამისა, მაჯის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა უიმბლდონსა და ოლიმპიურ თამაშებზე. აშშ-ის ღიაზე ნოვაკს ერთის მხრივ გაუმართლა, რადგან ექვსიდან მხოლოდ სამი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება მოუწია. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს უარყოფითი მომენტიც იყო, რადგან მსოფლიოს პირველ ჩოგანს სათამაშო პრაქტიკა აკლდა.
ფინალი
ფინალმა გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. იყო ნერვები, ბრძოლა, ემოციები. ვავრინკამ არა მხოლოდ კარგი ფიზიკური ფორმა, არამედ ბრწყინვალე ფსიქოლოგიური მომზადება და გამარჯვებისკენ სწრაფვა აჩვენა. მან მესამედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და მესამე გამარჯვებას მიაღწია.თუმცა, პირველი სეტი ჯოკოვიჩის კარნახით წარიმართა. თავიდან ის ძალიან კარგად აწვდიდა და პირველ ბურთზე ქულების 92 პროცენტი ჰქონდა აღებული. მეტოქე ცდილობდა რაღაცის შეცვლას, მაგრამ ძალიან ბევრს ცდებოდა. 2:5-ზე ვავრინკამ ზედიზედ სამი აუტით ორმაგი სეტბოლი აჩუქა სერბს. თუმცა, ორი კარგი მოწოდებით და ორი წარმატებული კომბინაციით, შვეიცარიელმა გადაარჩინა გეიმი.
შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ჯოკოვიჩმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა წაგებული თავის მოწოდებაზე, 0:40 მიიღო. ორი ბრეიკ-პოინტი მან გადაარჩინა, მაგრამ მესამეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ვავრინკამ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. შემოკლებული გეიმი ჯოკოვიჩმა მინი-ბრეიკით დაიწყო, 2:0-ზე კი ჩოგბურთელებმა 19 დარტყმისგან შემდგარი ფანტასტიკური გათამაშება ჩაატარეს. წერტილი შვეიცარიელმა დასვა, თუმცა ეს იყო პირველ პარტიაში მისი ბოლო ქულა. მომდევნო ხუთი გათამაშება ჯოკოვიჩმა მოიგო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6(7:1).
მეორე სეტი უცნაური გამოვიდა. იშვიათად ნახავთ ამდენ ბრეიკს "დიდი სლემის" ტურნირზე მამაკაცთა ფინალის დროს. ვავრინკამ 4:1 წაიყვანა ანგარიში, როცა მეტოქის მოწოდება 40:15-დან მოიგო და თავისი 0:40-დან გადაარჩინა. ცოტა ხანში, ჯოკოვიჩს ბრწყინვალე მონაკვეთი ჰქონდა და გაათანაბრა ანგარიში - 4:4. და ამის შემდეგ, ისევ შვეიცარიელის დრო დადგა.
სწორედ სტენს მიჰყავდა თამაში, აიძულებდა პირველ ჩოგანს დაცვაში ეთამაშა, შეცდომები დაეშვა და ენერვიულა. ვავრინკამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მეორე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მესამეში 3:0 დაწინაურდა. ამ მომენტში, შვეიცარიელს ყველაფერი გამოსდიოდა. ის იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ჯოკოვიჩი მინიმუმ ამ პარტიაში განწირული ჩანდა.
მაგრამ ნოვაკი ასე იოლად არ დანებდა. ხანგრძლივ მეხუთე გეიმში მან აიძულა მეტოქე შეცდომები დაეშვა და 40:15-დან შეძლო სტენის გეიმის აღება, რის შემდეგაც, საკუთარ მოწოდებაზე გაძლო და ანგარიში გაათანაბრა. კვანძი მე-11 გეიმში გაიხსნა. შვეიცარიელი კარგად იბრძოდა და ამან შედეგი გამოიღო. "თანაბარ" ანგარიშზე ჯოკოვიჩმა ორჯერ გაუშვა ბურთი აუტში, რითაც ჯერ მეტოქეს სეტბოლი აჩუქა, შემდეგ კი მისი გამოყენების საშუალება მისცა. მესამე სეტში, ვავრინკას 18 "ვინერსი" ჰქონდა, მის მეტოქეს - მხოლოდ რვა.
მეოთხე პარტიაც ვავრინკამ ბრეიკით დაიწყო და 3:0 წაიყვანა ანგარიში. ჯოკოვიჩმა კი, მოულოდნელად, კოჭლობა დაიწყო. სერბმა თავიდანვე არ აიღო სამედიცინო ტაიმ-აუტი, მაგრამ გეიმებს შორის შესვენებისას, ტკივილისგან სახე ეცვლებოდა. ორი ორმაგი შეცდომის მიუხედავად, მეოთხე გეიმი სერბმა მოიგო და 1:3-ზე ექიმს კორტზე შესვლის ნება დართეს, რომელმაც ნოვაკს ორივე ფეხი დაუმუშავა.
სამედიცინო ტაიმ-აუტით ვავრინკა უკმაყოფილო დარჩა და ამ სიტუაციას დიდი ხანი განიხილავდა სუპერვაიზერთან. შესვენების შემდეგ, ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. 4:1 ვავრინკას სასარგებლოდ.
5:3-ზე მატჩზე ჩაწოდებისას, სტენი 0:30 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო თანაფარდობის აღდგენა. მესამე ნომრად განთესილმა პირველ მატჩბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მალე, ბადესთან კარგი თამაშით, მეორე შანსი მიიღო. ბოლო გათამაშებაში სერბმა ბურთი აუტში გაუშვა და ვავრინკამ საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნა გამარჯვება - 6:7 (1:7), 6:4, 7:5, 6:3. შეხვედრა სამი საათი და 54 წუთი გრძელდებოდა.
სტატისტიკა
ნიუ იორკსა და აშშ-ის ღია პირველობას, როგორც ჩანს, მრავალფეროვნება უყვართ: ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, აქ ხუთი სხვადასხვა ჩოგბურთელი იმარჯვებდა - ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, მარინ ჩილიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა.თავად ვავრინკამ კარგი ტრადიცია გააგრძელა - ყოველ წელს თითო "სლემს" იგებს - 2014 წელს გაიმარჯვა ავსტრალიის ღიაზე, 2015 წელს - როლან გაროსზე. კარიერული "დიდი სლემისთვის" მას უიმბლდონზე გამარჯვება არ ჰყოფნის, სადაც წელს ნახევარფინალამდეც ვერ გავიდა.
სამი გამარჯვება "დიდი სლემის" სამ ფინალში. სტენ ვავრინკა ერთგვარ ელიტურ კლუბში შევიდა, რადგან აქამდე ასეთი რამ ჯიმი კონორსმა, ბიორნ ბორგმა, სტეფან ედბერგმა, გუსტავო კუერტენმა და როჯერ ფედერერმა შეძლეს.
ვავრინკა გამონაკლისი გახდა ერთი წესიდან - ბოლო 29 წლის განმავლობაში, მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა შეძლო აშშ-ის ღიას მოგება ფინალში პირველი სეტის წაგების შემდეგ - ედბერგმა და ხუან მარტინ დელ პოტრომ. არადა, გუშინდელ ფინალამდე, ნოვაკ ჯოკოვიჩს 52-დან 52 მატჩი ჰქონდა მოგებული ნიუ იორკში, როცა პირველ სეტს თავის სასარგებლოდ ასრულებდა.
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვავრინკა (შვეიც, 3) 7:6(1), 4:6, 5:7, 3:6
6 ეისი 9
7 ორმაგი შეცდომა 3
63/123 (51%) I მოწოდება 92/164 (56%)
49/63 (78%) ქულები I მოწოდებაზე 65/92 (71%)
32/60 (53%) ქულები II მოწოდებაზე 37/72 (51%)
24/31 (77%) ქულები ბადესთან 11/20 (55%)
3/17 (18%) ბრეიკ-პოინტი 6/10 (60%)
62/164 (38%) ქულები მიღებაზე 42/123 (34%)
30 ვინერსი 46
46 უნებლიე შეცდომა 51
143 სულ მოგებული ქულები 144
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"