შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ბადეში მიღწეული წარმატების შემდეგ მან ძირითადის სტარტზე, კვალიფიკაციიდან აღზევებულ გრეგუარ ბარერეს (საფრანგეთი) აჯობა და საერთო მონაგარი 32 სარეიტინგო ქულით გაიმდიდრა.
გუშინ, 21 სექტემბერს კი ATP-ს კლასიფიკაციით 37-ე ადგილზე მყოფ ჟილ მიულერს (ლუქსემბურგი) დაუპირისპირდა, რომელმაც სტარტზე არგენტინელი ჰორაციო ზებალიოსი ჩამოიშორა - 7:6, 7:5. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხდა.
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ყაზახურ
პირველ წრეში მათ ევგენი დანილოვი (ყაზახეთი) და სანდორ ბულატოვი (უზბეკეთი) დაჯაბნეს - 6:4, 7:5, მეოთხედფინალში მათს გზას გაუყენეს ჟანსულთან ჩემბოტაიევი (ყაზახეთი) და კენტო იამადა (იაპონია) - 3:6, 6:4, 10:5 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ასპარეზობის მეოთხე ნომრებთან - ჟურაბეკ კარიმოვსა (უზბეკეთი) და რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
უზბეკურ-ყაზახურმა დუეტმა გუშინ რუსებს - ვიქტორ ბალუდასა და ილია ვასილიევს აჯობა - 3:6, 6:2, 10:8. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი), ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი) და მიხაილ ფუფიგინი (რუსეთი), ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი).
ცივაძემ ერთეულთა ტურნირის სტარტზე დოსტანბეკ ტაშბულატოვს (ყაზახეთი) სძლია - 7:5, 7:6. გუშინ რუს დანიილა არსენოვს (რუსეთი) პირველი სეტი მშრალად მოუგო - 6:0, მაგრამ მერე ზედიზედ ორი ხელი დათმო - 3:6, 4:6 და ახლა ნუგეშად მხოლოდ წყვილთა პაექრობა დარჩა.
უკრაინული ჩერკასის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოდიოდა გიორგი ჯავახიშვილი.
მან სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო, სადაც ორ მეტოქეს სძლია - მოლდოველ მაქსიმ ბულატსა (6:1, 4:6, 6:3) და უკრაინელ ოლეგ კოვალს, ძირითადი ბადის პირველი ორთაბრძოლა კი უკრაინელ დენის გეველთან დათმო - 1:6, 7:6, 5:7. ჯავახიშვილს რევანშის შანსი წყვილთა ტურნირში მიეცა, სადაც ჩვენებური საკვალიფიკაციოში მისგან ძლეულ ოლეგ კოვალთან (უკრაინა) ერთად იბრძოდა, მაგრამ უკრაინელების - დენის გეველისა და იური კრივოის ტანდემთან წააგო - 6:2, 4:6, 5:10.
* * *
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მსოფლიო კლასიფიკაციით 235-ეა. მან ჩინური გუანჩჟოუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითადი ბადის პირველი წრეც გადალახა, თანაც რეიტინგში 82-ე ადგილზე მყოფ ვანია ქინგს (აშშ) აჯობა, მერვედფინალში კი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ 18 წლის ანა კონიუხთან (ხორვატია, 52-ე) წააგო - 1:6, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა. მარცხის მიუხედავად, შაფათავამ 48 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში მონაწილეობდა იაპონელ ერი ჰოზუმისთან შეამხანაგებული თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.
ქართულ-იაპონური დუეტი პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტადაც მიაჩნდათ, მაგრამ ოქსანა და ერი მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ.
პირველ წრეში მათ ჟაკლინ ჩაკო (აშშ) და ემილი უებლი-სმიტი (დიდი ბრიტანეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:2. მეორე შეხვედრა გუშინ აკიკო ომაესა (იაპონია) და პეანგთარნ პლიპუეჩისთან (ტაილანდი) სამ სეტში დათმეს - 6:7, 6:4, 6:10 და 60-60 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"