რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ტურნირში, რომელიც 10 ოქტომბერს, ლას ვეგასში გაიმართება. მაყურებელი კორტზე ბევრ ცნობილ ადამიანს იხილავს - მომღერალ ელტონ ჯონს, წარსულში ცნობილ ჩოგბურთელებს - ბილი ჯინ კინგს, ჯონ მაკინროის, ენდი როდიკს, მარტინა ნავრატილოვას, ლინდსი დევენპორტსა და სხვებს.
ტურნირიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ელტონ ჯონის ფონდში, რომელიც შიდსს ებრძვის.
ამასობაში, გაირკვა, რომ საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია TAG Heuer არ გააფორმებს მარია შარაპოვასთან ახალ სასპონსორო ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ რუს ჩოგბურთელს დისკვალიფიკაციის ვადა 15 თვემდე შეუმცირეს.
"ჩვენი პოზიცია არ
შეცვლილა. კონტრაქტი TAG Heuer-სა და შარაპოვას შორის 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. და კომპანიამ გადაწყვიტა, არ გაეგრძელებინა თანამშრომლობა", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
TAG Heuer-სა და შარაპოვას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამა წლის მარტში შეწყდა ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"