ჩვენებური გუშინ ელინელის წინააღმდეგ მეორედაც გავიდა კორტზე, ამჯერად - წყვილებში. ქვაცაბაია აქ ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-ბულგარულმა დუეტმა ვანესა პაპას და კატერინა რომანიუტას (რუსეთი) მოუგო - 6:0, 6:1 და მეოთხედფინალში ანი დონალდსონსა (ავსტრალია) და თეა ფაბერთან (ხორვატია) გაარკვევს ურთიერთობას.
ანიმ და თეამ სტარტზე რიო კატაგავა (იაპონია) და დიანა პოპესკუ (რუმინეთი) ჩამოიშორეს გზიდან
ერთეულების მერვედფინალში ქვაცაბაია რუსი ანასტასია ტოკარევას მძლეველ (6:2, 6:1) ხორვატ თეა ფაბერს შეხვდება.
* * *
მოსკოვში "კრემლის თასს" (საპრიზო ფონდი 758.788 დოლარი) დაემშვიდობა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან შეამხანაგებული ჩვენებური მასპინძლებს - ნათელა ძალამიძესა და ვერონიკა კუდერმეტოვას დაუპირისპირდა. პაექრობა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 6:1, 7:6 გაიმარჯვეს. * * *
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ ჩინურ სუჟუნში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მასპინძელ რან ტიანთან პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორე მშრალი ანგარიშით მოიგო - 6:0, მესამე სეტს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო.* * *
საფრანგეთის ქალთა 50.000-იანი ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძე მასპინძელ მანონ არკანგოლისთან საათსა და 20 წუთში დამარცხდა - 2:6, 3:6. წყვილებში ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან ერთად ტურნირზე ველური ბარათით მიწვეულ ფრანგებთან - ფიონა ფეროსა და მარგოტ ეროლიმოსთანაც ვერაფერს გახდა - 6:1, 2:6, 6:10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"