სანახევროდ ოპტიმალური ნოვაკ ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო, რომელიც მსოფლიოს მეორე ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ტურნირის დებიუტანტის დომინიკ ტიმის შეხვედრით დაიწყო. სერბის ბოლოდროინდელ პრობლემებზე ბევრჯერ დავწერეთ.

სეზონის მეორე ნაწილში წაგებების სერიამ, ჯოკოვიჩს რეიტინგში პირველი ადგილი დააკარგვინა. გუშინდელი მატჩის პირველ სეტშიც გამოჩნდა, რომ ნოვაკი ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

პირველმა პარტიამ აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ტაი-ბრეიკამდე მეტოქეებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ საქმე ბრეიკამდე არ მისულა. მე-13 გეიმში კი ამ სეზონის ყველაზე დრამატული და სანახაობრივი ტაი-ბრეიკი გაიმართა.

ტიმი უკეთ გამოიყურებოდა და 6:3-ზე სამმაგი სეტბოლი მოიპოვა,
მაგრამ სერბმა ხასიათი გამოავლინა და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ, ჯოკოვიჩმა კიდევ სამჯერ გააკეთა იგივე, ერთხელ თავად სერბმა გაანიავა ერთი სეტბოლი. საბოლოოდ, ტიმმა მეშვიდე სეტბოლზე შეძლო პარტიებში დაწინაურება.

ჯოკოვიჩი მორიგი მარცხის წინაშე დადგა, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში დაახლოებით ის ჩოგბურთელი ვიხილეთ, რომლის მომგები სეზონის პირველ ნახევარში არავინ იყო. მატჩის ბოლომდე, ნოვაკმა ხუთიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ტიმს კი ერთხელაც არ მისცა ამის შანსი - 6:7(10), 6:0, 6:3.

მატჩი ორი საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა და აქედან საათი და ცხრა წუთი პირველმა სეტმა დაიკავა, მეორე და მესამეში კი ბრძოლა თითქმის არ ყოფილა.

B ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 6:7(10), 6:0, 6:3.
მილოშ რაონიჩი (კან)-გაელ მონფილსი (საფ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული