ნოვაკ ჯოკოვიჩს უჭირს, მაგრამ იგებს

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა B ჯგუფის მეორე ტურში კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა და გაინაღდა ნახევარფინალში თამაში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ჯოკოვიჩმა სამ სეტში მოუგო დომინიკ ტიმს, რაონიჩმა კი ძალიან იოლად დაამარცხა გაელ მონფილსი და დაამტკიცა, რომ მოიშუშა ტრავმა და შეუძლია ლონდონში წარმატებაზე ფიქრი. კანადელს ჯოკოვიჩის წინააღმდეგაც ჰქონდა შანსი. პირველ სეტში მხოლოდ მან მოიპოვა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა, თანაბარ ტაი-ბრეიკში კი იღბალი ნოვაკის მხარეს იყო.

მეორე სეტში რაონიჩმა ხასიათი გამოავლინა -
ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით და ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, მე-11 გეიმში მიღებაზე კი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ეს შანსიც ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ჩრდილოამერიკელმა მეორე ტაი-ბრეიკიც წააგო და დამარცხდა მატჩში, რომელშიც შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მეტოქის ორის წინააღმდეგ.

ჯგუფის მეორე მატჩში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გაელ მონფილსს მოუგო. ასე რომ, მეორე ნახევარფინალისტის ბედი გაირკვევა რაონიჩისა და ტიმის მატჩში.

B ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 5) 7:6, 7:6(6).
გაელ მონფილსი (საფ, 6)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8) 3:6, 6:1, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული