კარლოს მოია - რაფაელ ნადალის ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
ესპანელმა რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარეისა და როჯერ ფედერერს მიბაძა და თავის სამწვრთნელო ჯგუფში წარსულის ცნობილი ჩოგბურთელი შეიყვანა.

"სიხარულით მინდა გამოვაცხადო, რომ კარლოს მოია შეუერთდა ჩემს გუნდს და იმუშავებს ტონი ნადალისა და ფრანსის როიგის კომპანიაში. ნამდვილი ოცნებაა - გყავდეს ისეთი მწვრთნელი, როგორიც კარლოსია. ის ჩემი მეგობარია. და ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე.

ამიერიდან, კარლოსი დამეხმარება ვარჯიშებზე და ჩემთან ერთად იმოგზაურებს ტურნირებზე", - განაცხადა რაფაელმა.

კარლოს მოია მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერია. მან მოიგო როლან გაროსი 1998 წელს და
ითამაშა ავსტრალიის ღიას ფინალში (1997). შარშანდელ სეზონში, მოია მილოშ რაონიჩს ავარჯიშებდა. ესპანელის ხელმძღვანელობით, კანადელი კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში (უიმბლდონზე) და ATP-ის რეიტინგის პირველ სამეულში შეაღწია.

ამასობაში, რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა თავის მონაწილეობას წყვილებს შორის ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც მალიორკაში მის საჩოგბურთო აკადემიაში მიმდინარეობდა. ნადალმა ქვეყნის პირველობაზე მარკ ლოპესთან ერთად ითამაშა და ფინალში ორ სეტში მოუგო ხორდი მუნიოსისა და დავიდ პერესის წყვილს - 7:6(9), 7:6(1).

"ყოველდღე სამსაათნახევარი ვვარჯიშობ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ ერთეულთა თანრიგში სათამაშოდ. მოხარული ვარ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ჩემს აკადემიაში იმართება", - განაცხადა ნადალმა.

რაფა გასულ კვირას ჟოაო სოუზასთან ერთად ვარჯიშობდა და ამ უკანასკნელის მწვრთნელმა ფედერიკო მარკესმა განაცხადა, რომ ნადალი გაცილებით უკეთ ურტყამს ბურთს, ვიდრე ერთი წლის წინ.

რაფა ახალ სეზონს აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირით დაიწყებს - 29 დეკემბერს ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული