გმირი
ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების ლიდერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც წარმატებით გამოდის საერთაშორისო ტურნირებში. წლეულს მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიულ კიცბუელში დაკავებული მეორე ადგილი - მაშინ ქართველი ჩოგბურთელი ფინალში იტალიელ პაოლო ლორენცთან დამარცხდა.
ავსტრიაშივე, ოღონდ ვენის საერთაშორისო ტურნირზე ბასილაშვილმა სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო - ზედიზედ სძლია ბრაზილიელ ბელუჩის, მოლდოველ ალბოტს, ძირითადი ბადის პირველსავე წრეში კი მე-2 ნომრად განთესილ რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ ტომაშ ბერდიხს (ჩეხეთი) მოუგო, ხოლო მეორე წრეში მსოფლიო კლასიფიკაციით 53-ე კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) ჩამოიშორა
ქართველ ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი - 86-ე ადგილი 2015 წლის 19 ოქტომბერს ჰქონდა, ამჟამად რეიტინგით 94-ეა.
საგულისხმოა ისიც, რომ წლეულს მან ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა და რიოს ოლიმპიადაზე მოსინჯა ძალები.
მოვლენა
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - სამხრეთი აფრიკა (2:1) და ბულგარეთი (2:1), ხოლო დიდ ბრიტანეთთან წააგო (1:2). მარცხის მიუხედავად, ქალთა ნაკრებმა ზონაში ადგილი შეინარჩუნა.საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში შინ ორი შეხვედრა გამართა.
გაზაფხულზე ახალ სპორტის სასახლეში დანიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - მატჩი 0:5 დათმო, სამაგიეროდ, "მზიურის" კორტებზე ზიმბაბვეს აჯობა 3:2 და გაისადაც მე-2 ზონაში იბრძოლებს პირველ ეშელონში დასაწინაურებლად.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: ყოფილი კაპიტანი - ვლადიმერ გაბრიჩიძე დავით კვერნაძემ (კაპიტანი) და ირაკლი ლაბაძემ (გუნდის ხელმძღვანელი) შეცვალეს.
მარიამ ბოლქვაძემ წლეულს 18-წლამდელთა უიმბლდონის ტურნირზე წყვილებში ამერიკელ ქეით მაკნეილთან ერთად ფინალური პაექრობა წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.
მარიამ დალაქიშვილმა იტალიაში 16-წლამდელთა მასტერსის ტურნირი მოიგო.
რიცხვი
24 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ტომაშ ბერდიხს აჯობა - 6:4, 6:7, 7:5, ხოლო 26 ოქტომბერს კარენ ხაჩანოვს მოუგო - 6:2, 7:5.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"