წლის პირველი ტიტული რაფაელ ნადალისაა

AutoSharing Option
ამ კვირას, ოფიციალურად დაიწყო 2017 წლის სეზონი ჩოგბურთში, თუმცა, მანამდე, ტრადიციულად, რამდენიმე ვარსკვლავი ვიხილეთ საქმეში აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში, სადაც ყოველთვის ძალიან ძლიერი შემადგენლობა იკრიბებოდა. გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა.

ორგანიზატორებმა შეკრიბეს ექვსი მოთამაშე რეიტინგის TOP12-დან. მთავარი ვარსკვლავები კი იყვნენ ენდი მარეი და რაფაელ ნადალი. ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი ბელგიელი დავიდ გოფენი იყო.

ნადალმა ვერ მიიღო პირდაპირი საგზური ნახევარფინალში, რადგან რეიტინგში ჩამორჩებოდა მარეისა და მილოშ რაონიჩს. ასე რომ, სამგზის ჩემპიონს პირველი ეტაპიდან მოუწია ბრძოლაში ჩაბმა. აქ მას ტომაშ ბერდიხი ელოდა, რომელიც
არ აღმოჩნდა მზად ესპანელთან საბრძოლველად და ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო.

მეორე ნახევარფინალში გოფენმა ჟო-ვილფრიდ ცონგას მოუგო. აქ ორივე სეტი თითქმის თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, უბრალოდ, ბელგიელმა უკეთ ითამაშა პირველი სეტის ტაი-ბრეიკი, მეორე სეტის ბოლოს კი ბრეიკის შესრულება შეძლო.

* * *
ნახევარფინალში გოფენის მეტოქე ენდი მარეი იყო. ბრიტანელმა გასული სეზონი 24-მატჩიანი მოგებათა სერიით დაასრულა. იმის გამო, რომ აბუ დაბიში არაოფიციალური ტურნირი იმართება, ამ სერიის შეწყვეტას საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, ახალი სტატუსით ენდის ნამდვილად არ სურდა ბელგიელთან წაგება.

ამიტომაც, მატჩი გრძელი და დაძაბული გამოვიდა. გოფენი ბევრ პრობლემას უქმნიდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს. თანაბარ პირველ სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც გადამწყვეტ მომენტში მარეის ფორჰენდი არ გამოუვიდა.

მეორე სეტში ბრიტანელმა თითქოს შეძლო ინიციატივის მოპოვება. მან ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, შემდეგ კი საკუთარ მოწოდებაზე რთული გეიმი გადაარჩინა. ამან გოფენი ვერ გატეხა. მან გააგრძელა ყველა ქულისთვის და გეიმისთვის ბრძოლა, თან ენდიც ეხმარებოდა საკუთარი შეცდომებით. საბოლოოდ, მარეიმ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, მათ შორის, ბოლო საკუთარ მოწოდებაზე 40:0-დან დათმო - 6:7, 4:6.

მეორე ნახევარფინალში შედგა ტურნირის ერთადერთი სამსეტიანი მატჩი. პირველ პარტიაში ნადალმა გაანადგურა რაონიჩი, მეორეში ჰქონდა ბრეიკით დაწინაურების შანსი, მაგრამ ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა და შემდეგ, თავად დათმო საკუთარი მოწოდება. თუმცა, მესამე სეტში ესპანელს ისევ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და კანადელს ფინალში გასვლის შანსი არ ჰქონია.
* * *
ასე რომ, პირველად აბუ დაბის ტურნირის ისტორიაში, ფინალში ვერ მოხვდა პირველ ორ ნომრად განთესილი ვერც ერთი ჩოგბურთელი. მიუხედავად ამისა, ნადალისა და გოფენის ფინალმა გაამართლა მოლოდინი. მთელ რიგ მომენტებში, ბელგიელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ სიმშვიდე აკლდა გადამწყვეტ ბურთებზე. მან ბრეიკის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი ეს სეტის ბოლოს შეძლო.

მეორე პარტიაში რაფა სულ მდევრის როლში იყო. დავიდი ორჯერ იგებდა ბრეიკით, პარტიის ბოლოს კი, თანაბარი ანგარიშისას, ექვსი დაფარული სეტბოლი ჰქონდა. ნადალმა გადაარჩინა მარათონული მე-11 გეიმი, შემდეგ კი საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქაც ჩოგბურთელები ერთად მიდიოდნენ, მაგრამ ისევ გადამწყვეტ მომენტში უფრო გამოცდილი ნადალი აღმოჩნდა ძლიერი - 6:4, 7:6.

ესპანელი გახდა ამ ტურნირის პირველი ოთხგზის ჩემპიონი. ერთი ტიტულით ნაკლები აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს.

1/4 ფინალი
დავიდ გოფენი (ბელ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(7:2), 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:0, 6:4.

1/2 ფინალი
დავიდ გოფენი (ბელ)-ენდი მარეი (ბრიტ, 1) 7:6(4), 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ)-მილოშ რაონიჩი (კან, 2) 6:1, 3:6, 6:3.

მე-3 ადგილისთვის
ენდი მარეი (ბრიტ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 2) 6:3, 7:6(6).

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:4, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული